
ქ.თბილისი, ლუბლიანას ქ.№5

info@zhordania-ivf.ge

(+995 32) 293 11 45; (+995 32) 298 81 06
ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი მსოფლიოში პირველი დაწესებულებაა (დაარსებული პროფესორ იოსებ ჟორდანიას მიერ 1958 წელს), რომელმაც რეპროდუქტოლოგიის სფეროში დაიწყო მოღვაწეობა. აღნიშნულ დაწესებულებას თავდაპირველად ეწოდა ქალის ფიზიოლოგიის და პათოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. 1962 წელს მიენიჭა დამაარსებლის სახელი, იოსებ ჟორდანიას ტრაგიკული დაღუპვის (20.08.1962) შემდეგ. არსებობის მანძილზე ინსტიტუტში სისტემატურად ინერგებოდა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ყველა თანამედროვე მეთოდი. დღეისათვის იგი საქართველოში რეპროდუქტოლოგიის ეროვნულ ცენტრს წარმოადგენს.
ჯერ კიდევ 60-იანი წლების დასაწყისიდან ინსტიტუტში მიმდინარე მუშაობა სრულად მოიცავდა დღევანდელი გაგებით რეპროდუქციული ჯანმრთელობის ფართო ცნებას, ანუ რეპროდუქციულ ჯანმრთელობას ქალებსა და მამაკაცებში მთელი ცხოვრების მანძილზე. ინსტიტუტის დაარსებისთანავე დაიწყო ეპიდემიოლოგიური კვლევები და საინფორმაციო-საგანმანათლებლო მუშაობა მოსახლეობასთან.
პროფ. იოსებ ჟორდანიას მიერ დასახული მიზანი და ამოცანები წინ უსწრებდა მის ეპოქას და დღემდე ინსტიტუტის საქმიანობის ძირითად პროგრამად რჩება.
ავიაკატასტროფაში ტრაგიკულად დაღუპული, ლეგენდად ქცეული მეცნიერის გმირობის ტოლფასი თავგანწირვა, საკუთარი მაშველი ჟილეტით პატარა გოგონას სიცოცხლის გადარჩენა, მეტად სიმბოლური იყო და ლეიტმოტივად გასდევს დღემდე ინსტიტუტის კლინიკის საქმიანობის.
მუშაობის დასაწყისშივე დასახული იყო მნიშვნელოვანი სამეცნიერო მიმართულებები კლინიკური თუ ექსპერიმენტული კვლევების სახით. ინსტიტუტი ყოველთვის იყო აღიარებული საგანმანათლებლო სტრუქტურა და გამოირჩეოდა ახალგაზრდა კადრების აღზრდითა და დასაქმებით
1984 წლიდან 2012 წლამდე ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა პროფესორი არჩილ ხომასურიძე - ინსტიტუტის განვითარებაში ეს იყო მეტად მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი ეტაპი. ამიერკავკასიის რეგიონის მასშტაბით ინსტიტუტი ლიდერის პოზიციას იკავებს რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან ასოცირებული ყველა მიმართულებით - ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული პრობლემები, კონტრაცეპცია, კლინიკურ გენეტიკა, ენდოსკოპიური დიაგნოსტიკა და ქირურგია. ინსტიტუტის სამეცნიერო-საგანმანათლებლო მოღვაწეობის აყვავების ხანა პროფ. ა. ხომასურიძის სახელს უკავშირდება - მისი თაოსნობითა და ინიციატივით ბევრი წარმატებული ადამიანი მოღვაწეობს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ როგორც საექიმო, ისე არასამედიცინო სფეროში.
დღევანდელ დღეს ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი საქართველოში ქვეყნის სათაო და წამყვანი დაწესებულებაა უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის, მამაკაცთა რეპროდუქციული პრობლემების სრულყოფილი, მრავალპროფილური კვლევის, ბავშვთა და მოზარდთა ენდოკრინულ-გინეკოლოგიური დაავადებების, სქესობრივი მომწიფების დარღვევების, ამ მიმართულებით განვითარების ანომალიების კორექციის, რეპროდუქციული გინეკოლოგიური ენდოსკოპიური ქირურგიის სფეროში. ინსტიტუტის კლინიკა და სადიაგნოსტიკო განყოფილება აღჭურვილია ულტრათანამედროვე ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული საკვლევი და სამკურნალო ტექნოლოგიებით, პაციენტების ჯანმრთელობას ემსახურებიან მაღალკვალიფიციური პროფესიონალები, დარგის საფუძვლებს ეუფლებიან ახალგაზრდა ექიმები, რომელთაც ყველა პირობა აქვთ შექმნილი როგორც სასწავლო, ისე პრაქტიკული საქმიანობისთვის.
დღეს არსებული რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში მოღვაწე, პრაქტიკულად ყველა წარმატებული კლინიკისა თუ ექიმის ცოდნა, გამოცდილება, ინოვაცია ჟორდანიას ინსტიტუტის სახელს უკავშირდება
ვრცლად