
სიელმე ანუ სტრაბიზმი
სიელმე ანუ სტრაბიზმი ეწოდება მდგომარეობას, როდესაც თვალები ობიექტს ერთდოროულად ვერ უყურებს. ამ დროს თითოეული თვალი სხვადასხვა საგანზეა ფოკუსირებული, მაგ.: ერთი თვალი ინტერესის საგანს უყურებს, მეორე უფრო შიგნით, გარეთ, ზევით ან ქვევით არის მიმართული.
სიელმე შეიძლება მუდმივი ან ხანგამოშვებითი ხასიათის იყოს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ის მხოლოდ სტრესულ სიტუაციებში, დაღლილობის ან ავადმყოფობის დროს იჩენს თავს. არის შემთხვევები, როდესაც სიელმე მხოლოდ ახლომდებარე საგნის ყურებისას ვლინდება. სიელმის მიზეზი თვალის ირგვლივ არსებულ კუნთებს შორის შეთანხმებული მუშაობის დარღვევაა. ეს კი თავად კუნთის, ნერვის ან ტვინის დაზიანებით შეიძლება იყოს განპირობებული. არის შემთხვევები, როცა ის შორსმხედველობას უკავშირდება.
სიელმის ძირითადი ნიშანი, რა თქმა უნდა, თვალების არასწორი დგომაა. გარდა გარეგნულად შესამჩნევი ცვლილებისა, სხვა გამოვლინებებია: გაორებული მხედველობა, თავის ტკივილი, თვალის არეში დაძაბულობის შეგრძნება, დაბინდული მხედველობა განსაკუთრებით კითხვის მომენტში.
სიელმე ბავშვებში
შესწავლილია, რომ ბავშვთა ასაკში სხვადასხვა ხარისხით გამოხატული სიელმის სიხშირე დაახლოებით 5%-ია. ახალშობილებში ხანგამოშვებითი სიელმე ჩვეული მოვლენაა. ის მხედველობის არასათანადოდ ჩამოყალიბებას უკავშირდება და დაახლოებით 3 თვის ასაკისთვის გაივლის. თუკი ამ ასაკის შემდეგ სიელმე რჩება, მას თანდაყოლილი ეწოდება და ექიმის კონსულტაციას საჭიროებს. თანდაყოლილი სიელმის მიზეზები უცნობია, თუმცა მისი განვითარების გარკვეული ოჯახური ტენდენცია არსებობს. ბავშვთა ასაკში სიელმის მეორე ვარიანტი - შეძენილი სიელმე 2-5 წლის ასაკისათვის ვითარდება. ამ სახის სიელმე, როგორც წესი, ნაკლებად საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას და ძირითადად სათვალით კორექციას ექვემდებარება. სიელმის მქონე ბავშვს თავდაპირველად შეიძლება გაორებული მხედველობა ჰქონდეს. თუკი სიელმის კორექცია არ მოხდა დროთა განმავლობაში ტვინი სხვადასხვა თვალიდან მიღებულ განსხვავებული მხედველობითი ინფორმაციიდან ერთ-ერთს თრგუნავს (იმ თვალისას, რომელიც უფრო სუსტია). ამრიგად, ერთ - ერთ თვალში მხედველობა იკარგება. სწორედ აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სიელმის გამოვლენა დროულად მოხდეს და კორექცია 8 წლის ასაკამდე ჩატარდეს.
სიელმე მოზრდილებში
თუკი სიელმე მოზრდილობის ასაკში განვითარდა, ის სერიოზული პათოლოგიის მანიშნებელი შეიძლება იყოს, მაგალითად: ინსულტი, ნერვული სისტემის სხვა დაავადებები, თვალის ბადურის დაზიანება, თვალის ან ტვინის სიმსივნე, დიაბეტი და სხვ. აქედან გამომდინარე, მოზრდილობის ასაკში განვითარებული სიელმე, განსაკუთრებით თუ ის უეცრად განვითარდა, სასწრაფოდ ექიმთან მიმართვას და მიხედვას საჭიროებს. თუ გამომწვევი მდგომარეობის მკურალობა არ მოხდა, სიელმე შეიძლება გაღრმავდეს.
სიელმის გამოვლენის შემთხვევაში, პირველ რიგში, თვალის ექიმთან მიმართვაა საჭირო. პირველ რიგში რეკომენდაცია არაქირურგიულ მკურნალობას ეძლევა. ეს უკანასკნელი სათვალის გამოყენებასა და ზარმაცი თვალის ამუშავების ღონისძიებას მოიცავს, თვალის ახვევის და სხვა მეთოდების გამოყენებით. თუკი სიელმეს შორსმხედველობა იწვევს, სათვალით მისი კორექცია პრობლემას აგვარებს ქირურგიული ჩარევის გარეშე. არაქირურგიული მკურნალობის ძირითადი მიზანი ზარმაცი
თვალის გავარჯიშებაა და მნიშვნელოვანია, რომ ის 8 წლის ასაკამდე მოხდეს. როგორც წესი, ზარმაც თვალში მხედველობა დაახლოებით ამ ასაკისათვის იკარგება. ამიტომ დროული მკურნალობა მნიშველოვანია მხედველობის მყარი დაკარგვის თავიდან ასაცილებლად.
შემთხვევათა უმეტესობაში მკურნალობის ერთადერთი ეფექტური გზა ქირურგიული ოპერაციაა. ეს უკანასკნელი მაშინაც ეფექტურია, როცა მოზრდილობის ასაკში ტარდება. თუმცა მაქსიმალური ეფექტისათვის ადრეულ ასაკში ჩატარებაა რეკომენდებული. ქირურგიული მკურნალობის მიზანი თვალის მამოძრავებელი კუნთების კორექცია: მათი გაძლიერება (ანუ დამოკლება) ან დასუსტებაა (ანუ დაგრძელება) იმისათვის, რომ თვალი გასწორდეს. ქირურგიული მკურნალობის შედეგი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, სიელმის ხარისხსა და მიმართულებაზე. ზოგიერთ შემთხვევაში, ერთი ქირურგიული ოპერაცია შეიძლება არასაკმარისი აღმოჩნდეს და რამდენიმე ოპერაციის ჩატარება გახდეს საჭირო. თუკი ოპერაციამდე პაციენტს გაორებული მხედველობა ჰქონდა, ის ოპერაციის შემდეგ დაახლოებით 2 კვირაში იხსენება, როდესაც ტვინი მხედველობის ახალ ფორმას ეჩვევა. გაორებული მხედველობის მოსახსნელად ზოგჯერ დამატებითი პროცედურების ჩატარება ხდება საჭირო ქირურგიული ოპერაციის შემდეგ. მოზრდილობის ასაკში ჩატარებული ქირურგიული ოპერაციის შემთხვევაში გაორებული მხედველობის გარკვეული ხარისხით დარჩენის ალბათობა უფრო მაღალია.
ამრიგად, სილემე შეიძლება იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იქნება ქირურგიული თუ არაქირურგიული მეთოდი, მაქსიმალური შედეგისათვის ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა მნიშვნელოვანია.