
რაქიტი
რაქიტი D ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული მდგომარეობაა, რომელიც ბავშვთა ასაკში ვლინდება და ძვლების დასუსტებით, დარბილებით ხასიათდება. მდგომარეობა საყურადღებოა და დროულ მკურნალობას საჭიროებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ზრდის პრობლემები და ჩონჩხის მნიშვნელოვანი შეუქცევადი დეფორმაციები იჩენს თავს. დაავადების სირთულიდან გამომდინარე, მეტად მნიშვნელოვანია, რომ მშობელს მისი პროფილაქტიკის აუცილებლობა გააზრებული ჰქონდეს და მისი გზები იცოდეს.
D ვიტამინის ძირითადი ფუნქცია ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის შეწოვის და ძვალში მოხვედრის უზრუნველყოფაა. თავად ეს ვიტამინი ორგანიზმში ძირითადად ორი გზით ხვდება: 1) კანზე მზის სხივების ზემოქმედების შედეგად, რასაც კანში D ვიტამინის წარმოქმნა მოყვება და 2) D ვიტამინის შემცველი საკვების მიღება. ასეთებია: თევზის ქონი, ცხიმიანი თევზი, კვერცხის გული, ასევე ვიტამინით ხელოვნურად გამდიდრებული ბავშვთა კვების პროდუქტები, მაგალითად ფაფები, რძე, ხილის წვენი და სხვა.
ბუნებრივია, მზიან გარემოში არასაკმარისად მოხვედრის და D ვიტამინის შემცველი საკვების არასაკმარისი რაოდენობით მიღების შემთხვევაში რაქიტის განვითარების ალბათობა ძალიან დიდია. რისკი განსაკუთრებით მაღალია 3-დან 36 თვემდე ასაკის ბავშვებში, რომლებიც სწრაფად იზრდებიან, ნაკლებად მზიანი კლიმატის პირობებში მცხოვრებ, ასევე მუქი ფერის კანის მქონე პირებში (ვინაიდან მუქი ფერის კანი მცირე რაოდენობით D ვიტამინს წარმოქმნის), დღენაკლულ ბავშვებში, მხოლოდ დედის რძეზე მყოფ ჩვილებსა და იმ ბავშვებში, რომლებიც გულყრის საწინააღმდეგო მედიკამენტებს იღებენ. გარდა ამისა, არსებობს მთელი რიგი დაავადებები, რომლის დროსაც საჭმლის მომნელებელი და შეწოვის პროცესების დარღვევის გამო, საკვებ პროდუქტებში არსებული ნივთიერებები, მათ შორის D ვიტამინი
ორგანიზმის მიერ ვერ აითვისება. ასეთ მდგომარეობებს მიეკუთვნება: ცელიაკია, მუკოვისციდოზი, ნაწლავთა ქრონიკული ანთებითი დაავადება და სხვა. შესაბამისად, მათ ხშირად თან ახლავს რაქიტი.
როგორც ზემოთ იყო ნათქვამი, რაქიტი ძვლების დარბილებით ხასიათდება, რასაც მათი დეფორმაცია მოყვება. შესაბამისად, ფეხების გამრუდება, მკერდის ძვლის ამოზნექა ან ჩაზნექა, მაჯისა და კოჭის არეების გასქელება რაქიტის ძირითადი გამოვლინებებია. ამასთანავე ბავშვის ზრდა ნელდება და ხშირია კუნთების სისუსტე, ტკივილი ხერხემლის, მენჯისა და ფეხების არეში.
ზემოთ აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელია ექიმისადმი მიმართვა. აღნიშნული მდგომარეობის ყურადღების მიღმა დატოვებამ ბავშვი სერიოზულ გართულებებამდე შეიძლება მიიყვანოს, როგორიცაა ზრდის მნიშვნელოვანი შეფერხება, ხერხემლის გამრუდება, ჩონჩხის დეფორმაციები, კბილების დეფექტები, გულყრა და ა.შ.
დიანგოზი, როგორც წესი, ფიზიკური გამოკვლევის, სისხლის და შარდის ანალიზის და რენტგენოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე ისმება.
მკურნალობისთვის D ვიტამინის და კალციუმის პრეპარატები ინიშნება. პრეპარატების დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა აუცილებლად ექიმის დანიშნულებისამებრ უნდა მოხდეს. დიდი რაოდენობით D ვიტამინის მიღება შეიძლება საშიში აღმოჩნდეს.
როგორც ხედავთ, D ვიტამინის დეფიციტს საკმაოდ სერიოზული შედეგები მოყვება. დაგვიანებულ შემთხვევაში კი მდგომარეობა სრულ გამოსწორებას ვერც ექვემდებარება. აქედან გამომდინარე, ბევრად უფრო მიზანშეწონილია მისი თავიდან აცილების გზების ცოდნა და განხორციელება, მით უმეტეს, რომ ის გაცილებით მარტივი და ხელმისაწვდომია, ვიდრე რაქიტის მკურნალობა.
ამრიგად, რაქიტის პროფილაქტიკისათვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა ყოველდღიურად მიიღოს D ვიტამინის დღიური დოზა, რომელიც 400 საერთაშორისო ერთეულს შეადგენს. მოზარდებისა და მოზრდილებისაგან განსხვავებით, ჩვილი ბავშვების შემთხვევაში მზის პირდაპირი სხივების ქვეშ მოხვედრა, მით უფრო, ხანგრძლივად და დამცავი კრემის გარეშე რეკმედებული არ არის. აქედან გამომდინარე, ბავშვებში კანიდან D ვიტამინის მხოლოდ მცირე ნაწილი ხვდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, ბავშვის საკვები რაციონის გამდიდრება D ვიტამინის შემცველი პროდუქტებით, კერძოდ, ასეთებია: ცხიმიანი თევზი, თევზის ქონი, კვერცხის გული, D ვიტამინით ხელოვნურად გამდიდრებული ბავშვთა კვების პროდუქტები - რძე, ფაფები, ხილის წვენი და სხვა. თუკი ბავშვი მხოლოდ დედის რძით იკვებება, მან აუცილებლად უნდა მიიღოს D ვიტამინი 400 ს.ე. დოზით დანამატის სახით, ვინაიდან ქალის რძეში აღნიშნული ვიტამინის რაოდენობა ძალიან დაბალია.
როგორც ხედავთ, პროფილაქტიკური ღონისძიება ძალიან მარტივია. მისი შედეგი კი ძალიან მნიშვნელვანი, რადგან საკმაოდ სერიოზული მდგომარეობის თავიდან აცილების საშუალებას იძლევა ბავშვებში.