ჭარბი ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი)
ჭარბი ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი)
allmedic
ჭარბი ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი)
ჭარბი ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი)

ოფლიანობა              

ჭარბი ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი) აუცილებელი არაა დაკავშირებული იყოს მაღალ ტემპერატურასთან ან ძლიერ ფიზიკურ აქტივობასთან. ოფლიანობა შეიძლება გამოვლინდეს ნერვიულობის ან სტრესული სიტუაციის დროს. ჰიპერჰიდროზის დროს ძირითადად ოფლიანდება ხელები, ფეხები, იღლია ან სახე, რის გამოც ადამიანი ხშირად უხერხულ სიტუაციაში ვარდება.

განასხვავებენ ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ ჰიპერჰიდროზს. ფიზიოლოგიური ჰიპერჰიდროზი წარმოადგენს ორგანიზმის დამცველობით ფუნქციას და იცავს სხეულს გადახურებისაგან. ამ პროცესში მონაწილეობას ნერვული სისტემა ღებულობს, რომელიც ავტომატურად აგზავნის სიგნალს საოფლე ჯირკვლებთან ორგანიზმის ტემპერატურის მომატებისას ასევე, ემოციური მდგომარეობის თუ სტრესის დროს, ტკივილის, ცხელი ან ცხარე საკვების და ალკოჰოლის მიღებისას.

რაც შეეხება პათოლოგიურ ჰიპერჰიდროზს, იგი განპირობებულია მთელი რიგი ნეიროენდოკრინული დარღვევებით და გამოვლინდება ორგანიზმზე ტემპერატურის თუ სხვა ფიზიოლოგიური ფაქტორების ზეგავლენის მიუხედავად. ამასთან ერთად, ჭარბი ოფლიანობა შეიძლება გამოვლინდეს სხეულის მხოლოდ გარკვეულ ნაწილებზე - სახეზე, ხელისგულებზე, იღლიის ფოსოებში, ტერფებზე. პათოლოგიური ჰიპერჰიდროზი შეიძლება იყოს პერველადი და მეორეული. პირველადი ჰიპერჰიდროზის დროს ჭარბი ოფლდენა განსაკუთრებულ მიზეზთან დაკავშირებული არაა, მაშინ როდესაც მეორეული ჰიპერჰიდროზი სხვადასხვა დაავადების სიმპტომს წარმოადგენს, როგორიცაა:

  • დიაბეტი;
  • მენოპაუზა (მენსტრუალური ციკლის შეწყვეტა);
  • სისხლში გლუკოზის დაბალი დონე;
  • ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია;
  • სიმსივნის ზოგიერთი ფორმა;
  • სტენოკარდიული შეტევა;
  • ნერვული სისტემის დარღვევა;
  • სხვადასხვა ინფექციური დაავადებები;
  • ზოგიერთი პრეპარატი;
  •  

    მათ ვისაც ახასიათებს ჭარბი ოფლიანობა  მიდრეკილნი არიან კანის ინფექციური დაავადებებისადმი. ასევე ხშირად თან ახლავს სოციალური და ემოციური პრობლემები.

    ჰიპერჰიდროზის მიზეზის დასადგენად უნდა ჩატარდეს სტანდარტული გამოკვლევა, რომელიც მოიცავს დიაგნოსტიკის ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ მეთოდებს. საჭიროებს სპეციალისტების (ენდოკრინოლოგის, ნევროლოგის, ინფექციონისტის, გინეკოლოგის, ონკოლოგის და ა.შ) კონსულტაციას.

    ჰიპერჰიდროზის მკურნალობის დროს გამოიყენება:

  • ანტიპერსპერანტი ალუმინის ქლორიდით - გამოიყენება ძილის წინ, რომელიც აუცილებელია ჩამობანილი იყოს დილით. შესაძლებელია გამოიწვიოს კანის და თვალების გაღიზიანება. კანის გაღიზიანების შემთხვევაში გამოიყენება ჰიდროკორტიზონის მალამო.
  • ბოტულოტოქსინის ინექცია - ჭარბი ოფლიანობის ზონაში მისი შეყვანისას ახდენს საოფლე ჯირკვლების მაპროვოცირებელი ნერვების ბლოკირებას. პროცედურა საჭიროებს ადგილობრივ ანესთეზიას. მკურნალობის ეფექტურობა გრძელდება 6-დან 12 თვემდე, შემდგომ საჭიროებს გამეორებას. 
  • იონოფორეზი (ელექტროფორეზი) - იყენებენ ხელისგულების, ფეხისგულების და იღლიის ჰიპერჰიდროზის დროს. ამ პროცედურის დროს აუცილებელია სპეციალური ფიზიოთერაპიული პროცედურის წარმოება. 20-30 წუთის განმავლობაში ხორციელდება კიდურების აბაზანა, რომელშიც ტარდება დენი, სულ რაღაც ათიოდე პროცედურის შემდგომ მიიღწევა ნერვული დაბოლოებების ინაქტივაცია (არაა რეკომენდებული კარდიოსტიმულატორის მქონე და ორსული პაციენტებისთვის).  
  • სიმპათექტომიის ოპერაცია მდგომარეობს საოფლე ჯირკვლების მაინერვირებელი ნერვების გადაკვეთაში (შეუქცევადი პროცესია) ან სპეციალური დამჭერების საშუალებით ნერვების მოჭერაში (შექცევადი პროცესია). სიმპათექტომია განსაკუთრებით ეფექტურია იღლიის ფოსოს და ხელისგულების ოფლიანობის დროს. ზოგიერთ შემთხვევაში ამ პროცედურის შემდგომ ვითარდება სხეულის სხვა ნაწილების ჭარბი ოფლიანობა.
  • იღლიის ფოსოს კიურეტაჟი - საოფლე ჯირკვლების მოცილება. კეთდება ადგილობრივი ანესთეზია, რის შემდეგადაც ხორციელდება კანის გამოფხეკა პატარა ზომის განაკვეთის საშუალებით. ნაჩვენებია იღლიის ფოსოს იზოლირებული ჰიპერჰიდროზის დროს. პაციენტების უმრავლესობას უმცირდება ოფლის გამოყოფა ან საერთოდ უწყდება. ასევე ქრება უსიამოვნო სუნიც. გარკვეული დროის შემდეგ (დაახლოებით 6 თვე) საოფლე ჯირკვლები იწყებს აღდგენას.
  • მკურნალობის შედარებით ახალ მეთოდს წარმოადგენს ლაზერული, მიკროტალღური და ულტრაბგერითი თერაპია.
  • ანტიდეპრესანტები - ახდენენ დეპრესიის შემცირებას, რასაც თან ახლავს ოფლიანობის შემცირებაც.
  • დიეტის დაცვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ჰიპერჰიდროზის დროს, ამოღებული უნდა იყოს ისეთი საკვები, რომელიც ასტიმულირებს ოფლდენას მათ შორისაა ჩაი, ყავა, შოკოლადი, ცხარე საკვები და ა.შ.
  • ჰიგიენური წესების დაცვა - შხაპის მიღება დღეში ორჯერ.
  • ტანისამოსი უნდა იყოს ნატურალური ქსოვილის და არ უნდა იყოს მოჭერილი. ფეხსაცმელი აუცილებელია შედგებოდეს ნატურალური ტყავისგან.
  • ჰიპერჰიდროზი შემაწუხებელი პრობლემაა, მისი მკურნალობა ხანგრძლივი და კომპლექსურია. მიუხედავად ამისა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანი ფსიქოლოგიურად არ დაითრგუნოს, რადგან ამ მოვლენაზე ხანგრძლივად ფიქრი და ნერვიულობა აძლიერებს ოფლიანობას. თუკი პაციენტი მოთმინებით აღიჭურვება და შეასრულებს ექიმის მითითებებს, შესაძლებელია ხანგრძლივი ეფექტის მიღწევა.

allmedic