ღამის კოშმარები, ღამის შიშები და ძილში სიარული
ღამის კოშმარები, ღამის შიშები და ძილში სიარული
allmedic
ღამის კოშმარები, ღამის შიშები და ძილში სიარული
ღამის კოშმარები, ღამის შიშები და ძილში სიარული

ღამის კოშმარები, ღამის შიშები, ძილში სიარული ან საუბარი პარასომნიებად წოდებული ძილის დარღვევებია. ისინი უხშირესად ბავშვთა ასაკისათვის არის დამახასიათებელი და ასაკთან ერთად გაივლის, თუმცა მოზრდილობის ასაკშიც შეიძლება გაგრძელდეს ან დაიწყოს. პარასომნიები ჩაძინებიდან დაახლოებით 1-2 საათში იწყება და როგორც წესი, რამდენიმე წუთიდან საათამდე შეიძლება გაგრძელდეს.

ღამის კოშმარი  ძილში აღმოცენებული ილუზიაა, რომელიც ძალიან ჰგავს რეალობას და შიშს, შფოთვას  და ხშირ შემთხვევაში გამოღვიძებას იწვევს. რაც უფრო მცირეწლოვანია ბავშვი, მით უფრო რთულია მისთვის კოშმარის რეალობისაგან გარჩევა. გამოღვიძების შემდეგ ადამიანს ახსოვს კოშმარი და შეუძლია დეტალურად აღწეროს ის. ღამის კოშმარს მრავალი ფაქტორი იწვევს, მათ შორის: დაავადებები, შფოთვა, ახლობელი ადამიანის  დაკარგვა, მედიკამენტის გვერდითი ეფექტი და სხვა.

ღამის შიშები  შიშის შეგრძნებით უეცარი გამოღვიძებით ხასიათდება, თუმცა ადამიანი ბოლომდე ვერ იღვიძებს: ის გაბრუებულია, არ რეაგირებს ხმაზე და კონტაქტში ვერ შემოდის. ეს მოვლენა დაახლოებით 15 წუთს შეიძლება გაგრძელდეს, შემდეგ მალევე იძინებს. მდგომარეობა იმ თვალსაზრისით არის საყურადღებო, რომ კიდურების მოძრაობის გამო ღამის შიშების მქონე ადამიანმა შეიძლება გარკვეული საფრთხე შეუქმნას საკუთარ თავს ან სხვას. ღამის შიში ღრმა ძილის დროს აღმოცენდება. დილით აღნიშნული მოვლენის შესახებ ადამიანს არაფერი ახსოვს. ეს მოვლენა განსაკუთრებით ხშირი 3-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვებშია. ძილის ამგვარი დარღვევა შეიძლება მოზრდილებშიც აღმოცენდეს. ძლიერი ფიზიკური დაძაბვა და/ან ალკოჰოლის მოხმარება ზრდის მისი გავითარების რისკს.

ძილში სიარული - ამ დროს ადამიანი თითქოსდა მიზანმიმართულ მოძრაობას აკეთებს: დადის, ტანსაცმელს იცვამს, ჭამს. ეს მდგომარეობა საფრთხილოა იმ თვალსაზრისით, რომ ძილში მოსიარულე პირმა შეიძლება ფიზიკური ზიანი მიიღოს ვინაიდან ის ვერ აღიქვამს რეალურ გარემოს, მაგალითად, რამეს დაეჯახოს ან სადმე ჩავარდეს. ძილში სიარულის ეპიზოდი გაღვიძებისას არ ახსოვთ ხოლმე. მდგომარეობა ყველზე ხშირი 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებშია, თუმცა  მოზრდილებსა და ხანდაზმულებშიც შეიძლება აღმოცენდეს.

ღამის შიშები და ძილში სიარული ხშირად ოჯახური ხასიათს ატარებს. თუმცა ის  გარკვეული ფაქტორების ზემოქმედებამაც შეიძლება გამოიწვიოს, როგორიცაა: არასაკმარისი გამოძინება, ხშირი უძილობა, დაავადებები, ხმაურიანი ან ახალი გარემო, სტრესი, ზოგიერთი მედიკამენტის მოხმარება, სავსე შარდის ბუშტით დაძინება და სხვა.

ძილში საუბარი   დასრულებული ფრაზების ან ცალკეული ბგერების წარმოთქმას გულისხმობს. მდგომარეობა საშიში არ არის, თუმცა ოჯახის წევრებისათვის შემაწუხებელი შეიძლება იყოს. თავად პირს გაღვიძებისას არ ახსოვს ძილში საუბრის ეპიზოდი. ისევე როგორც ზემოთ აღნიშნული მდგომარეობები, ძილში საუბარიც შეიძლება სხვადასხვა ფაქტორებით იყოს პროვოცირებული: ცხელება, ემოციური სტრესი ან ძილის მოშლა.

ძილის მსგავსი დარღვევების არსებობის შემთხვევაში მნიშნველოვანია იმის ცოდნა, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ოჯახის წევრები ეპიზოდის აღმოცენების შემთხვევაში:

  • პირველ რიგში, ასეთ პირს უნდა ეძინოს უსაფრთხო გარემოში. სახლში კიბის არსებობის შემთხვევაში აუცილებელია მისი შემოღობვა. მიღებული უნდა იქნას ზომები, რომ ფანჯრის გღება და მასში გადაძრომა შეუძებელი იყოს. ირგვლივ არ უნდა იყოს ბასრი და მსხვრევადი საგნები.
  • ძილში მოსიარულე პირი მშვიდად უნდა დააბრუნოთ საწოლში. ნუ შეეცდებით მის გაღვიძებას თუ ამის საჭიროება არ არის. ამან შეიძლება ის უფრო შეაშინოს. თუმცა მოსაზრება, რომ ძილში მოსიარულე ადამიანის გაღვიძება არ შეიძლება, მცდარია. ბავშვის შემთხვევაში, ხელში აიყვანეთ ის, თუ ეს უფრო ამშვიდებს მას, აანთეთ შუქი (ვინაიდან ბავშვებს უფრო მეტად ეშინიათ სიბნელის), მშვიდი ხმით ესაუბრეთ და გაუმეორეთ რომ ის სახლშია და რომ უსაფრთხოდ არის.
  • ძიძის ყოლის შემთხვევაში აუცილებლად გააფრთხილეთ და დაარიგთ ის თუ როგორ უნდა მოიქცეს მსგავს სიტუაციაში.

 

ზემოთ აღნიშნული ეპიზოდების თავიდან ასაცილებლად კი მნიშვნელოვანია შემდეგი რჩევების გათვალისწინება:

 

  • აუცილებელია დაძინების დროის დარეგულირება - ანუ ყოველდღე ერთსა და იმავე დროს;
  • თუკი ადამიანს ძილი არ ყოფნის  და დილით უჭირს დროულად გაღვიძება, დაძინების დრომ ცოტა ადრე უნდა გადაიწიოს;
  • სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის მნიშვნელოვანია შუადღის ძილი და ის არ უნდა იქნას გამოტოვებული;
  • თუკი ღამის შიში და ძილში სიარული ხშირად აღმოცენდება, დააკვირდით ჩაძინებიდან რამდენ ხანში იწყება ის და ეპიზოდის დაწყების სავარაუდო დრომდე 15 წუთით ადრე გააღვიძეთ ბავშვი. 5 წუთის განმავლობაში გადმოიყვანეთ საწოლიდან და ფხიზლად ამყოფეთ. ეს ქმედება ყოველდღიურად გაიმეორეთ ერთი კვირის განმავლობაში;
  • მიაჩვიეთ ბავშვი საპირფარეშოში შესვლას დაძინებამდე;
  • მოარიდეთ ბავშვი კოფეინის შემცველ საკვებსა და სასმელს, მაგალითად, შოკოლადს, დაძინებამდე პერიოდში.

 

ექიმთან მიმართვა საჭიროა ისეთ შემთხვევებში, თუკი:

  • ეპიზოდი აღმოცენდება ღამის მეორე ნახევარში;
  • ეპიზოდების სიხშირე კვირაში 2 ან მეტია;
  • ღამის შიშები და ძილში სიარული ფიზიკური ზიანის მიღებით მთავრდება;
  • ეპიზოდის დროს ნერწყვდენა, კუნთების ბიძგისებური მოძრაობები ან გაშეშება შეინიშნება;
  • ეპიზოდები გარდატეხის ასაკის შემდეგაც გრძელდება;
  • თუ ძილის დარღვევებს სტრესი და შფოთვა იწვევს;
  • ზემოთ აღნიშნული ეპიზოდების გამო ბავშვს დღის განმავლობაში ძილიანობა აღენიშნება;
  • თუ ძილში სიარულის დროს ბავშვი  სახლიდან გადის.

 

როგორც წესი, ღამის კოშმარები, შიშები და ძილში სიარული მკურნალობას არ საჭიროებს. თუმცა, თუკი ის ძალიან ხშირად აღმოცენდება ან დროთა განმავლობაში მძიმდება, ექიმმა შეიძლება  ქცევის შესაცვლელი პროგრამა ან მედიკამენტები დანიშნოს. 

allmedic