გულყრა,  რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ და როგორ მოვიქცეთ გულყრის ეპიზოდის დროს
გულყრა,  რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ და როგორ მოვიქცეთ გულყრის ეპიზოდის დროს
allmedic
გულყრა,  რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ და როგორ მოვიქცეთ გულყრის ეპიზოდის დროს
გულყრა, რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ და როგორ მოვიქცეთ გულყრის ეპიზოდის დროს

ტერმინი „გულყრა“  ბევრი ადამიანის წარმოსახვაში  გონების დაკარგვასა და კუნთების უნებლიე, ბიძგისებურ მოძრაობასთან ასოცირდება. მართალია, ზოგჯერ გულყრა სწორედ ამ ფორმით ვლინდება, მაგრამ  მისი გამოვლინებები ბევრად უფრო მრავალფეროვნი და ზოგჯერ  შეუმჩნეველიც კი შეიძლება იყოს.

ტვინში ნერვულ უჯრედებს შორის კავშირი ელექტრული იმპულსების საშუალებით ხორციელდება. გარკვეულ სიტუაციაში იმპულსების გადაცემის ნორმალური პროცესი ირღვევა, შესაბამისად, არანორმალური ელექტრული აქტივობა წარმოიქმნება. სწორედ ეს პროცესები იწვევს გულყრის განვითარებას. თუკი არანორმალური ელექტრული აქტივობა მთელს ტვინში წარმოიქმნება ე.წ დიდი ანუ გენერალიზებული გულყრა ვითარდება, ხოლო თუკი არანორმალური ელექტრული აქტივობა ტვინის მხოლოდ გარკვეულ ნაწილს მოიცავს, ეს მცირე ანუ ნაწილობრივი გულყრაა. ეს უკაასკნელი მარტივ და კომპლექსურ ფორმებად იყოფა იმისდა მიხედვით, მოხდება თუ არა გულყრის შემდგომი გენერალიზაცია.

ამრიგად, ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, გულყრა საკმაოდ მრავალფეროვანი სიმპტომებით ხასიათდება:  გონების უეცარი დაკარგვა, რომელსაც შემდეგ გაბრუება მოყვება, ქცევის უეცარი ცვლილება, ნერწყვდენა, თვალების მოძრაობა, ხმაურიანი სუნთქვა, უნებლიე შარდვა ან განავლის გამოყოფა, ხასიათობრივი ცვლილება: მაგალითად უეცარი სიბრაზე, აუხსენლი შიში, პანიკა, სიხარული, სიცილი, მთელი სხეულის ცახცახი, უეცარი ვარდნა, მწარე ან მეტალის გემოს უეცარი გაჩენა პირში, თვალების გაშტერება, კბილების კრაჭუნი, სუნთქვის უეცარი შეწყვეტა, კუნთების უკონტროლო ბიძგისებური მოძრაობა. სიმპტომები, როგორც წესი, უეცრად იწყება და რამოდენიმე წამიდან 15 წუთამდე შეიძლება გაგრძელდეს. ზოგჯერ სიმპტომების დაწყებას წინ გარკვეული გამაფრთხილებელი ნიშნები უძღვის:  შიშის ან შფოთვის შეგრძნება, გულისრევა, თავბრუსხვევა, მხედველობის არეში ნაპერწკლების, ნათელი ლაქების ან ხაზოვანი ტალღების გაჩენა. ასეთ შემთხვევაში პაციენტი წინასწარ ხვდება გულყრის მოახლოვებას.

გულყრის გამომწვევი მრავალი მიზეზი არსებობს. ესენია: ინსულტი, ტვინის სიმსივნე, თავის ტვინის ტრავმული დაზიანება, ეპილეფსია, ელექტროლიტების (ნატრიუმის, კალციუმის ან მაგნიუმის) შემცველობის  დისბალანსი, შაქრის დაბალი შემცველობა სისხლში, მედიკამენტები (მაგალითად ასთმის საწინააღმდეგო და ფსიქოტროპული პრეპარატები), ალკოჰოლის, ნარკოტიკების ან ზოგიერთი მედიკამენტის მიღება ან მიღების შეწყვეტა ხანგრძლივი მოხმარების შემდეგ, კოკაინის ან ჰეროინის გამოყენება, ტვინის ინფექციები (მაგალითად, მენინგიტი), ტვინის სისხლძარღვების თანდაყოლილი ანომალიები, გენეტიკური სინდრომები, მაღალი არტერიული წნევა, ზოგიერთი მწერის ნაკბენი, მოწამვლა და სხვა. ბავშვთა ასაკში გულყრის მიზეზი შეიძლება იყოს ცხელება (ამ მდგომარეობას „ფებრილური გულყრა“ ეწოდება).

ზოგჯერ გულყრის მიზეზის დადგენა შეუძლებელია. ასეთ მდგომარეობას იდიოპათიურ გულყრას უწოდებენ. ის უფრო ხშირად ბავშვებსა და ახალგაზრდებში ვლინდება. გულყრას შეიძლება ოჯახური ხასიათიც ჰქოდეს. თუკი შესაძლო გამომწვევის მკურნალობის შემდეგ გულყრები კვლავაც მეორდება, ამ მდგომარეობას ეპილეფსიას უწოდებენ.

გულყრის ეპიზოდი, როგორც წესი, თავისით წყდება, თუმცა ამ დროს დაზიანების მიღების საშიშროება მაღალია. ამიტომ ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ამ დროს მთავარი მიზანი სწორედ ზიანის თავიდან აცილებაა. ამისათვის შემდეგი ქმედებებია საჭირო:

  • თავიდან უნდა იქნას აცილებული ვარდნა. დააწვინეთ პაციენტი იატაკზე ავეჯისგან მოშორებით, უსაფრთხო ადგილას;
  • თავქვეშ ბალიში ამოუდეთ;
  • თუ მჭიდრო ტანისამოსი აქვს, შეუხსენით, განსაკუთრებით, კისრის არეში;
  • მოათავსეთ პაციენტი გვერდზე. თუკი აღებინებს, ამ პოზაში მისი დაწვენა ნაღებინები მასის გადაცდენას შეაფერხებს;
  • ნუ მოცილდებით მას ვიდრე გულყრა შეწყდება ან სანამ სამედიცინო დახმარება მოვა.

 

გულყრის მომენტში არ შეიძლება:

  • პაციენტის გაკავება და შებოჭვა;
  • რაიმე ნივთის ან ხელის მოთავსება კბილებს შორის;
  • პაციენტის გადაადგილება თუკი ის უსაფრთხო ადგილას არის;
  • დასალევად რამის მიცემა ვიდრე პაციენტს გულყრა აქვს და უგონოდ არის;
  • რეანიმაციული ღონისძიებების (ხელოვნური სუნთქვა, გულის არაპირდაპირი მასაჟი) ჩატარება.

 

თუკი გულყრა მაღალი სიცხის ფონზე განვითარდა აუცილებელია ფიზიკური მეთოდით  - ნელ-თბილი წყლით - ბავშვის თანდათანობით გაგრილება. არ შეიძლება პაციენტის გრილ აბაზანაში ჩასმა. სიცხის დამწევი საშუალების (მაგ: პარაცეტამოლის) მიცემა შეიძლება გულყრის დამთავრების და ცნობიერების დაბრუნების შემდეგ.

სამედიცინო დახმარების მოხმობა აუცილებელია იმ შემთხვევაში თუკი:

  • გულყრის ეპიზოდი პირველია;
  • გულყრა 2-5 წუთზე უფრო დიდხანს გაგრძელდა;
  • გულყრის შემდეგ ადამიანს ცნობიერება ან ადექვატური ქცევა არ უბრუნდება;
  • გულყრის დამთავრებიდან მალევე გულყრის მეორე ეპიზოდი იწყება;
  • გულყრა მოხდა წყალში;
  • პაციენტი ორსული, დიაბეტიანია ან დაზიანება აქვს მიღებული;
  • გულყრა წინა ეპიზოდის (ან ეპიზოდებისაგან) განსხვავებული ფორმით მიმდინარეობს.

 

გულყრის ახალი ან მძიმე ეპიზოდის შემთხვევაში მნიშვნელოვანია სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა, სადაც გარკვეული დიაგნოსტიკური გამოკვლევების ჩატარება უნდა მოხდეს. 

მნიშვნელოვანია, რომ გულყრის ეპიზოდების განმეორებით აღმოცენების შემთხვევაში ადამიანის ცხოვრების წესი ისე უნდა შეიცვალოს, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული უსაფრთხოების ზომები. უნდა შეიზღუდოს ისეთი აქტივობები, როგორიც არის ცურვა, აბაზანის მიღება, მანქანის მართვა ან გარკვეულ ხელსაწყოებზე მუშაობა. ზოგიერთ შემთხვევაში კი საჭიროა სპეციალური დამცავი საშუალებების გამოყენება (მაგ: ჩაფხუტი) ვარდნის დროს დაზიანების მიღების თავიდან ასაცილებლად. 

allmedic