
უცხო სხეულის სასუნთქ გზებში მოხვედრამ შეიძლება სასუნთქი გზების ნაწილობრივი ან სრული დახშობა გამოიწვიოს და სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა შექმნას. აქედან გამომდინარე, იმის ცოდნა, თუ როგორ უდა დავეხმაროთ ასეთ შემთხვევაში ადამიანს, ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა.
სასუნთქი გზების ნაწილობრივი დახშობის შემთხვევაში ადამიანს ძლიერი ხველა აქვს, ის არ კარგავს გონებას და საუბარი შეუძლია, თუმცა სუნთქვა გაძნელბული და ხმაურიანია. ასეთ შემთხვევაში ჩარევა საჭირო არ არის. ხველა საუკეთესო საშუალებაა უცხო სხეულის მოსაშორებლად.
სასუნთქი გზების სრული დახშობის შემთხვევაში კი სიცოცხლე საფრთხეში დგება ჟანგბადის ნაკლებობის გამო. სასუნთქი გზების სრული დახშობის შემთხვევში დრო, რომლის განმავლობაშიც დაზარალებულის შველა შეიძლება მხოლოდ 4-6 წუთია. აქედან გამომდინარე, გადაუდებელი მოქმედებაა საჭირო. სასუნთქი გზების სრული დახშობის ამოცნობა შემდეგი ნიშების საფუძველზე შეიძლება: ე.წ.“ხრჩობის უნივერსალური ნიშანი“ ანუ დაზარალებული კისერზე იკიდებს ერთ ან ორივე ხელს, ვერ ლაპარაკობს, ვერ ახველებს ან ახველებს, მაგრამ სუსტად, ვერ სუნთქავს, მოგვიანებით გონებას კარგავს.
პირველი დახმარება, რომელიც ამ დროს უნდა გაუწიოთ დაზარალებულს ე.წ. ჰეიმლიხის მანევრია: დადექით დაზარალებული ადამიანის ზურგს უკან, შემოაჭიდეთ ხელები მუცლის არეში, ერთი მტევნით შეკარით მუშტი და ცერა თითის მხრიდან მიაბჯინეთ ის მუცელს ჭიპის ოდნავ ზემოთ და მკერდის ძვლის ქვემოთ ადგილზე. მეორე ხელით მოეჭიდეთ ამ მუშტს და გარედან შიგნით და ქვევიდან ზევით მიმართულებით გააკეთეთ სწრაფი ბიძგები:
გააგრძელეთ ბიძგები იქამდე, ვიდრე დაზარალებული უცხო სხეულს ამოაგდებს. მანევრი შეწყვიტეთ დაზარალებულის მიერ გონების დაკარგვის შემთხვევაში. თუ დაზარალებული ორსული ქალი ან ჭარბწონიანი პირია, ბიძგისებური მოძრაობები არა მუცლის, არამედ გულმკერდის არეში უნდა განხორციელდეს.
ჩვილ ბავშვებში უცხო სხეულის გადაცდენის შემთხვევაში დახმარება განსხვავებული მეთოდით ხორციელდება. ამ ასაკში სასუნთქი გზების დახშობა მყივანი ან შედარებით რბილი ბგერების გამოცემით ამოიცნობა, რაც სუნთქვის გაძნელებას ახლავს თან და ასევე ტუჩებისა და კანის გალურჯება აღინიშნება. თუ გონება დაკარგული არ არის, უცხო სხეულის ამოსაგდებად, ზურგისა და გულმკერდის 5-5 ბიძგის მეთოდი გამოიყენება:
ჩვილი ბავშვი წინამხარზე უნდა გადაიწვინოთ სახით ქვევით ისე, რომ თავი და კისერი ამავე ხელით დაუჭიროთ და თავი ტანზე ქვევით იყოს. მეორე ხელის გულით 5-ჯერ განახორციელეთ ძლიერი დარტყმა ბავშვის ზურგზე ბეჭებს შორის სივრცეში.
თუ ამ მანევრის შედეგად უცხო სხეული არ ამოვარდა, გადმოაბრუნეთ ბავშვი ზურგზე, კვლავაც დაუჭირეთ თავი და კისერი ამავე ხელით და მეორე ხელის ორი თითით 5 ძლიერი ბიძგისებური დარტყმა განახორციელეთ მკერდზე მკერდის ძვლის არეში.
ზურგისა და გულმკერდის 5-5 ბიძგი გააგრძელეთ იქამდე, სანამ ჩვილი უცხო სხეულს ამოაგდებს. მანევრი უნდა შეწყდეს გონების დაკარგვის შემთხვევაში.
დაზარალებულის მიერ გონების კარგვის შემთხვევაში დააწვინეთ ის ზურგზე. გაუღეთ პირი, გადმოუწიეთ ენა და დაათვალიერეთ. თუკი უცხო სხეულს დაინახავთ, თითით ამოიღეთ. თუ უცხო სხეული არ ჩანს, ბრმად თითით ამოღებას ნუ შეეცდებით. უცხო სხეულის ამოღების შემდეგ თუკი სუნთქვა არ აღდგა ხელოვნური სუნთქვის და გულის არაპირდაპირი მასაჟის ჩატარება შეიძება გახდეს საჭირო.
ამრიგად, სასუნთქი გზების დახშობის დროული ამოცნობა, სამედიცინო დახმარების დროული მოხმობა და დახმარების მოსვლმდე სწრაფი ქმედება განსაკუთრებით მნიშნველოვანია უცხო სხეულის გადაცდენის შემთხვევაში დაზარალებულის გადასარჩენად.