გაციების სამკურნალო ბუნებრივი მეთოდები
გაციების სამკურნალო ბუნებრივი მეთოდები
allmedic
გაციების სამკურნალო ბუნებრივი მეთოდები
გაციების სამკურნალო ბუნებრივი მეთოდები

არ არის გასაკვირი, რომ გაციებისა და გრიპის სამკურნალოდ ხალხური მედიცინა დღემდე პოპულარულია. მათი ეფექტურობა გამოცდილია საუკუნეების მანძილზე და გამოყენება შესაძლებელია როგორც ბანალური მოხმარებით, ასევე მათგან დამზადებული ნაყენის მიღებით. გაციების პირველივე სიმპტომების გაჩენისას, როგორიცაა ცემინება, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, ყელის ტკივილი ან რინორეა (ცხვირიდან გამონადენი) რეკომენდებულია:

სითხის ჭარბად მიღება - ნებისმიერი სახით იქნება ეს ჩვეულებრივი თუ გაზგასული მინერალური  წყალი, ნატურალური წვენები (უმჯობესია შაქრის შემცველობის გარეშე), ბოსტნეულის წვენები, რომლებიც შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს (ორგანიზმის დამცავი ნივთიერებები). ზამთრის პერიოდში ჩვეულებრივი ჩაის ნაცვლად უმჯობესია ბალახეული ან კენკროვნების, პიტნის, ლიმნის ჩაის მიღება. ასევე ანტივირუსული ეფექტურობით ხასიათდება კოჭას ჩაი, რომელიც აფერხებს სასუნთქი სისტემის ანთებითი პროცესის გამომწვევი ნივთიერებების წარმოქმნას. ამ ბუნებრივ იმუნოსტიმულატორებში შედის როგორც ვიტამინები, ისე მიკროელემენტები.

სალბი, გვირილა, კალენდულა - მათ გააჩნიათ დამარბილებელი და ანთებისსაწინააღმდეგო თვისება. მათგან დამზადებული ნაყენის გამოყენება ამცირებს ყელის ტკივილს, ანთებით პროცესს და ხველას. (ნებისმიერი მათგანის 1 ჩ/კ   დაუმატეთ 250 მლ ადუღებული წყალი, გააჩერეთ 20 წთ. დღეში არანაკლებ 5 -ჯერ გამოივლეთ ყელში).

ექინაცია - წარმოადგენს მრავალწლოვან მცენარეს, რომლის ექსტრაქტს იყენებენ სასუნთქი გზების ინფექციების, გაციების და გრიპის სიმპტომების მოსახსნელად. ექინაცია აძლიერებს იმუნურ სისტემას და ეხმარება ორგანიზმს ინფექციებთან ბრძოლაში. ექინაციის გამოყენება გაცილებით ეფექტურია დასაწყისშივე, გაციების პირველივე სიმპტომების გამოვლენიდან შემდგომ 7- 10 დღის განმავლობაში. იგი ამცირებს გაციების ხანგრძლივობას. სეზონური გაციების და გრიპის პერიოდში, ერთ ჭიქა წყალში გახსნილი 20-30 წვეთი ექინაციის დღეში 3-ჯერ მიღება ამცირებს როგორც გაციების სიმპტომებს, ისე მისი გართულების რისკს.

ინჰალაცია - დატენიანება,  ნოტიო ჰაერი, ხსნის დახშულ ცხვირის ღრუს და ამცირებს ყელის ტკივილს. ინჰალაციის დროს შესაძლებელია გამოყენებული იყოს გვირილის, სალბის, ევკალიპტის ნაყენი. ინჰალაციის დროს თვალები უნდა იყოს დახუჭული, რათა არ გაღიზიანდეს თვალის ლორწოვანი. მცირეწლოვან ბავშვებში ინჰალაცია მენთოლით სასურველი არ არის, ვინაიდან შეიძლება განვითარდეს სუნთქვის გაძნელება. ნებისმიერი ინჰალაციის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს არა უმეტეს 15 წუთს (ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს ლორწოვანის გაღიზიანება და სიმშრალე). სუნთქვის გაადვილებისათვის ინჰალაციის შემდგომ   უმჯობესია თავი იყოს შემაღლებულზე, ამ დროს ჰაიმორის წიაღებიდან ყელისკენ ხდება ლორწოს დრენირება რის შედეგადაც თავისუფლდება ცხვირის ღრუ, სუნთქვა ხდება თავისუფალი. ინჰალაციის შემდეგ თბილი კომპრესები შუბლზე და ცხვირზე ხსნის თავის და წიაღების ტკივილს.

ცხელი აბაზანა  - როდესაც ტემპერატურა არ აღინიშნება და მხოლოდ გაციების პირველი სიმპტომებია გამოვლენილი, ცხელი აბაზანა ხელს უწყობს მთელი ორგანიზმის სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, ახდენს ჰაიმორის ღრუს გასუფთავებას. ერთ-ერთი მეთოდია ასევე ნიჟარაში მდუღარე წყლის დინებისას ონკანთან თავის მაქსიმალურად ახლოს მიტანა, პირსახოცის თავზე გადაფარება, რათა ორთქლის შესუნთქვა მოხდეს მაქსიმალურად დახშული ცხვირის ღრუს გასახსნელად.  ასევე დღის განმავლობაში შესაძლებელია ორთქლის აბაზანის მიღება, თუნდაც რამდენიმე წუთით ცხელი წყლის გაშვება და ორთქლიან აბაზანაში ჯდომა,რაც ასევე აიოლებს ცხვირით სუნთქვას. ქვედა კიდურების აბაზანა - თავდაპირველად წყლის ტემპერატურა 37 გრადუსია, შემდეგა ემატება ცხელი წყალი მანამ სანამ წლის ტემპერატურა ასატანი იქნება. აბაზანის მიღება ცხვირის ლორწოვანი გარსის სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება იწვევს, რაც თავის მხრივ ამცირებს დასნებოვნების რისკს.

ცხვირსა და ყელში სოდიანი ან მარილიანი სხნარის გამოვლება, უვნებელი და  ეფექტური მეთოდია მოზრდილთათვის. ყელის ტკივილის დროს მარილიანი 250 მლ წყალის (1ჩ/კ მარილი) სავლების გამოვლება ამცირებს ტკივილს. ასევე ეფექტურია  ლიმონის წვენის დამატება 1 ჭიქა თბილ წყალში ანგინის დროს. მარილიანი ხსნარის გამოვლება გამოდევნის ბაქტერიებსა და ვირუსებს, რის შედეგადაც მცირდება ლორწოვანის ანთებითი პროცესი და ყელის სიწითლე. ასევე, ძალზედ ეფექტურია ჩვეულებრივი მწვანე ჩაის გამოვლება, მას გააჩნია ძლიერი ბაქტერიოციდული და ანტიოქსიდანტური (დამცავი) მოქმედება.

მარილი და ლიმონი - სურდოს საწინააღმდეგო ძირითად საშუალებად მიიჩნევა. 50 გრ წყალში ნახევარი კოვზი ლიმონის წვენს და ერთ ჩაის კოვზ მარილს ხსნიან, შემდგომ პიპეტის საშუალებით იწვეთებენ თითოეულ ნესტოში. ეს ამცირებს ცხვირის ღრუს ლორწოვანის შეშუპებას. ბავშვებში ნებისმიერი წვეთები სიფრთხილით უნდა იყოს გამოყენებული.

ნიორი - ხასიათდება ანტივირუსული, ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებებით. გაციების პირველივე სიმპტომების გამოვლენისას, როგორიცაა ცემინება, თვალებიდან ცრემლის დენა, დახშული ცხვირის ღრუ ან სხვ., ძილის წინ თაფლში არეული ერთი ჩაის კოვზი დაჭყლეტილი ნიორი ლიმნიან ჩაისთან ერთად აძლიერებს იმუნიტეტს. (ნიორი უკუნაჩვენებია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წლულოვანი დაავადების დროს).

მდოგვის ფხვნილის ჩაყრა წინდებში ძილის წინ -ამცირებს ცხვირის ლორწოვანის შეშუპებას, თუმცა რეკომენდებული არაა მათთვის, ვისაც აღენიშნება დიაბეტი და ტროფიკული დარღვევები.

გაციების მიზეზს ძირიათადად იმუნური სისტემის დაქვეითება წარმოადგენს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მისი გაძლიერება, რისი ერთ-ერთი წინაპირობა  სწორი და სრულფასოვანი კვებაა. განსაკუთრებით გრიპის პირველივე სიმპტომების გაჩენისას აუცილებელია მთლიანად შეიცვალოს კვების რაციონი, რაც გულისხმობს: მაქსიმალურად ბევრი სითხის (წყალი, ნატურალური წვენი) მიღებას; აუცილებელია ლორწოვანი გარსის სინოტივის შენარჩუნება, ასეთ დროს მცირდება თვალის სიმშრალე და ზოგადად გრიპისთის დამახასიათებელი სიმპტომები. სითხე ასევე ათხელებს ლორწოს (ხველის დროს), რომლის შემდგომში ამოღება გაცილებით ადვილია.

ქათმის ბულიონი, ტრადიციულად გამოცდილი საშუალებაა, მისი მირთმევისას ფერხდება ნეიტროფილების (სისხლის უჯრედები) შეკრება და მცირდება ანთებითი პროცესი. ასევე ქათმის ბულიონი ათხელებს ლორწოს (ხველის დროს ძალზედ ეფექტურია).

თევზი - ორაგული, ტუნა, სკუმბრია - მდიდარია ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავით, რომელიც ამცირებს ანთებით პროცესს, აძლიერებს იმუნურ სისტემას. ხამანწკების შემადგენლობაში შედის თუთია. ზოგიერთი კვლევის საფუძველზე ნაჩვენებია, რომ თუთიას გააჩნია ანტიოქსიდანტური თვისება, იცავს უჯრედებს ვირუსით დაზიანებისგან, ამასთან ერთად თუთია ხელს უშლის უჯრედიდან ჰისტამინის (ნივთიერება, რომელიც გამომუშავდება ვირუსით უჯრედების დაზიანებისას და ახდენს ლორწოვანი გარსის შეშუპებას) გამონთავისუფლებას. ამერიკის წამლის და კვების სააგენტოს რეკომენდაციით (FDA), იმ პრეპარატების ნაზალურად გამოყენება, რომლის შემადგენლობაში შედის თუთია, რეკომენდებული არაა, რადგან შესაძლებელია გამოიწვიოს ყნოსვის ფუნქციის დაკარგვა.

ამრიგად არ ღირს გაციებასთან დაკავშირებით ნერვიულობა. მისი მართვის ბუნებრივი მეთოდები, სწორი და სრულფასოვანი კვება ხელს უწყობს დაავადების მსუბუქი ფორმით გადატანას. ზამთრის პერიოდში თითქმის სრულად უნდა შეიცვალოს კვების რაციონი, იგი მდიდარი უნდა იყოს ბულიონებით, ნატურალური წვენებით და მინერალებისა და ვიტამინების შემცველი პროდუქტებით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ასევე ძილი და დასვენება.

allmedic