ბრტყელი ტერფი
ბრტყელი ტერფი
allmedic
ბრტყელი ტერფი
ბრტყელი ტერფი

ბრტყელი ტერფი მდგომარეობაა, როდესაც ტერფის თაღები გადასწორებულია და ტერფი მთელი მისი ქვედა ზედაპირით იატაკს ეხება დგომის დროს. აღნიშნული მდგომარეობა ზოგჯერ ნორმის ერთ-ერთი ვარიაციაა, მით უმეტეს, თუ სიმპტომებს არ იწვევს, მაგრამ სხვა შემთხვევაში ის პათოლოგიაა და მიხედვას საჭიროებს.

 ბრტყელი ტერფი ჩვეულებრივი მოვლენაა ჩვილ ბავშვებში, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად ტერფის თაღი თანდათან გამოიკვეთება. ბავშვების ნაწილს თაღის დრეკადობა ახასიათებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თაღი ჩანს ფეხის წვერზე დგომის  ან ჯდომის დროს, ფეხზე დადგომის დროს კი ქრება. თაღის ამგვარი ცვალებადობაც, როგორც წესი, დროებითი მოვლენაა. თუკი ასაკთან ერთად თაღი არ გამოიკვეთა, აღნიშნულ მდგომარეობას ბრტყელი ტერფი ეწოდება. თაღი შესაძლოა ჩამოყალიბების შემდეგაც გაბრტყელდეს. ჭარბი წონა, ტერფის ან კოჭის დაზიანება, რევმატოიდული ართრიტი, ასაკი და დიაბეტი ის ფაქტორებია, რომლებიც ბრტყელი ტერფის განვითარებას უწყობს ხელს.

ბრტყელი ტერფი იმ შემთხვევაშია საყურადღებო თუკი სიმპტომებს იწვევს. კერძოდ კი მისთვის დამახასიათებელია: სიმძიმე ტერფის არეში, ტკივილი, განსაკუთებით, ქუსლისა და თაღის არეში. ფიზიკური დატვირთვის დროს ტკივილი  მატულობს. შეიძლება თან ახლდეს შეშუპება ტერფის შიდა მხარეს, ფეხის წვერებზე დგომის გაძნელება. ასევე შესაძლებელია მთელი ფეხისა და წელის არეში ტკივილიც.  ტკივილის არსებობის შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

ბრტყელი ტერფის დიაგნოზი, როგორც წესი, ტერფის და ფეხსაცმლის დათვალიერების საფუძველზე ხდება. მისი გამოვლენა თავად პაციენტსაც შეუძლია მარტივი მეთოდის გამოყენებით: დასველებული ფეხის გულის ბეტონის ზედაპირზე დადგმისას დატოვებულ კვლაზე დაკვირვება. თუკი დატოვებულ კვალზე მთელი ფეხისგულია, სავარაუდოდ, ადამიანს ბრტყელი ტერფი აქვს. ზოგჯერ საჭირო ხდება ინსტრუმენტული კვლევების: რენტგენოგრაფიის, ექოსკოპიის ან კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარება.

თუკი ბრტყელი ტერფი ტკივილს იწვევს, მნიშვნელოვანია ცხოვრების წესის შეცვლა, კერძოდ, ხშირი დასვენება, ისეთი ფიზიკური აქტივობების თავიდან აცილება, რომელიც ფეხს განსაკუთრებით გადაძაბავს, მაგალითად, სირბილი ან ხტუნვა. უმჯობესია ეს აქტივობები ცურვით, სიარულით ან ველოსიპედით სეირნობით ჩანაცვლდეს. ჭარბი წონის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია მისგან გათავისუფლება.

ბრტყელი ტერფის მკურნალობისათვის გამოიყენება:

თაღის დამჭერი საშუალებები, რომელიც აფთიაქში იყიდება ან სპეციალური შეკვეთით მზადდება. თაღის დამჭერი საშუალება ბრტყელ ტერფს არ ამცირებს, მაგრამ ამცირებს ბრტყელი ტერფით გამოწვეულ დისკომფორტს.

დაჭიმვის ვარჯიშები: ბრტყელი ტერფის მქონე ზოგიერთ ადამიანს ასევე თანმხლებად აქვს მოკლე აქილევსის მყესი (ქუსლის ზევით არსებული მყესი). აღნიშნული მყესის დამჭიმავი ვარჯიშები ტერფის არეში ტკივილსა და სიმძიმეს ხსნის.

სპეციალური ფეხსაცმელი:  შემაღლებული თაღის მქონე (სუპინატორიანი) ფეხსაცმელი ასევე უფრო კომფორტულია ბრტყელი ტერფის მქონე პირებისთვის, ვიდრე სანდლები ან დაბალთაღიანი (უსუპინატორო) ფეხსაცმელი.

ფიზიკური თერაპია: რაც სიარულის ფორმისა და ტექნიკის გაუმჯობესებას გულისხმობს სიმპტომების მოხსნის მიზნით (ეს ძირითადად სპორტსმენებს - მორბენალებს ეხება).

ტკივილისა და დისკომფორტის მოსახსნელად საჭიროების შემთხვევაში ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები გამოიყენება.

იშვიათ შემთხვევაში საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევის განხორციელება.

ამრიგად ბრტყელი ტერფი ზოგიერთ ადამიანში სერიოზულ დისკომფორტსა და შრომისუნარიანობის შეზღუდვას იწვევს. თავად ბრტყელი ტერფის გამოსწორება პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ ზემოთ აღნიშნული ღონისძიებები და მიდგომები დისკომფორტის მოხსნას და ნორმალური ფიზიკური აქტივობის შენარჩუნებას მნიშვნელოვნად ეხმარება.  

allmedic