
თიაქარი ეს არის მუცლის ღრუს რომელიმე ორგანოს კანქვეშ გამოსვლა (ბუნებრივი ან შეძენილი ხვრელიდან), განპირობებული ირგვლივმდებარე კუნთების ან ფასციის (შემაერთებელი ქსოვილის თხელი გარსი, რომელიც ფარავს კუნთებს და ზოგიერთ ორგანოს) სისუსტით.
არსებობს სხვადასხვა სახის თიაქარი: საზარდულის, ბარძაყის, ჭიპის, თეთრი ხაზის, საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის, ოპერაციის შემდგომი (მუცლის ღრუზე ჩატარებული სხვადასხვა ოპერაციისას). თიაქარი შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი. თანდაყოლილი თიაქრის მიზეზს მუცლის წინა კედლის დეფექტი წარმოადგენს. მხოლოდ შეძენილი თიაქრის შემთხვევაში დაავადების განვითარებას ხელს უწყობს ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვით მუშაობა, სიმძიმეების აწევა, მუცლის კედლის ტრავმა, ჭარბი წონა, ყაბზობა, ხველა, მშობიარობა. ყველა ის მდგომარეობა, რომელიც იწვევს მუცელშიდა წნევის მატებას, შეიძლება გახდეს თიაქრის განვითარების განმაპირობებელი მიზეზი.
თიაქრებს შორის ყველაზე ხშირი საზარდულის თიაქარია, რომელიც ვითარდება საზარდულის არხის უკანა კედლის სისუსტის შედეგად (მუცლის ღრუს ორგანოები - ნაწლავის მარყუჟი, დიდი ბადექონი, საკვერცხეები და სხვა ორგანოები გამოდის მუცლის ზედაპირზე საზარდულის არხის გავლით). მამაკაცებში საზარდულის არხში ჩნდება გამობერილობა, რომელიც იზრდება ფიზიკური დატვირთვის დროს, მცირდება ან ქრება მოსვენებულ და ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. ქალებში დიდი ზომის თიაქარი შესაძლებელია გამოიბეროს დიდ სასირცხო ბაგეებთან. გამობერილობა ჩნდება ნელ-ნელა რამდენიმე კვირის ან თვეების განმავლობაში, შესაძლოა გაჩნდეს უცაბედად, სიმძიმის აწევისას, ხველის, სიცილის, გადაძაბვის დროს. საზარდულის მიდამოში აღინიშნება სიმძიმის შეგრძნება, შეშუპება, დისკომფორტი და ტკივილი, რომელიც ძლიერდება დახრის ან სიმძიმის აწევისას. ნაწლავის მარყუჟის საზარდულში გამოსვლის შემთხვევაში ზოგჯერ აღინიშნება გულისრევის უეცარი შეგრძნება და ღებინება.
საზარდულის თიაქარი განსაკუთრებით ხშირია ბავშვებში. მათ გააჩნიათ ბუნებრივი ხვრელი კუნთოვან ქსოვილში, რომელიც იხურება დაბადებიდან მცირე ხანში. თუ ხვრელი დროულად არ დაიხურა, რჩება მუცლის კუნთების სისუსტე, რის შედეგადაც შესაძლოა განვითარდეს საზარდულის თიაქარი, რომელიც ჩნდება ძირითდად ტირილის დროს. თიაქარი განსაკუთრებით საშიშია მაშინ, როდესაც ვერ ხერხდება მისი მუცლის ღრუში ჩასწორება რასაც ჩაჭედილი თიაქარი ეწოდება.
თიაქარს სხვადასხვა გართულება ახასიათებს: ჩაჭედვა, კოპროსტაზი (განავლოვანი მასების შეყოვნება მსხვილ ნაწლავში), ჩაუბრუნებლობა, ანთება, ფლეგმონა (კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის ჩირქოვანი ანთება). თიაქარის ერთ-ერთ ყველაზე ხშირ გართულებას მუცლის ღრუდან თიაქრის დეფექტის გავლით კანქვეშ გამოსული ორგანოს ჩაბრუნების შეუძლებლობა წარმოადგენს.