
ჰერპესი ვირუსული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება კანსა და ლორწოვან ზედაპირზე ბუშტუკოვანი გამონაყარით. ჰერპეს ვირუსებს შორის ყველაზე გავრცელებული I და II ტიპის ჰერპეს ვირუსია. I ტიპი აზიანებს კანსა და ლორწოვან გარსს, შეიძლება დააზიანოს ასევე სასქესო ორგანოები და ანალური ნაპრალი. II ტიპის ვირუსი კი მხოლოდ სასქესო ორგანოებს. შესაძლებელია ორივე ტიპის ჰერპეს ვირუსი გააჩნდეს ერთსა და იმავე ადამიანს.
ასევე არსებობს შემდეგი ტიპის ჰერპეს ვირუსები: III - ჰერპეს-ზოსტერის ვირუსი, რომელიც იწვევს ჩუტყვავილასა და სარტყლისებრ ლიქენს. IV - ებშტეინ-ბარის ვირუსი, იწვევს ინფექციურ მონონუკლეოზს. V ტიპის - იგივე ციტომეგალოვირუსი, ხოლო VI, VII, VIII ტიპის ვირუსები ბოლომდე გამოკვლეული არაა. ვარაუდობენ, რომ ამ ტიპის ვირუსები გარკვეულ როლს თამაშობენ ქრონიკული დაღლილობის სინდრომის ჩამოყალიბებაში და ხასიათდებიან უეცარი გამონაყრით.
I ტიპის ჰერპეს ვირუსი გადაეცემა კონტაქტური და ჰაერ-წვეთოვანი გზით. ჰერპესით ინფიცირება ხდება დაავადებულთან კოცნის, საერთო ჭურჭლისა და ჰიგიენური საშუალებების გამოყენებისას (პირსახოცი, ტუჩის საცხი ა.შ). II ტიპის ვირუსის გადაცემა ხდება სქესობრივი კონტაქტის დროს. ვირუსი რემისიის (მიძინებული) პერიოდშიც გადამდებია. ინფიცირებული ორსულის შემთხვევაში შესაძლებელია მშობიარობის დროს ახალშობილის დაინფიცირება.
ჰერპეს ვირუსის მქონე პირმა ხშირად უნდა დაიბანოს ხელები, რადგან დაბინძურებული ხელით შესაძლებელია ვირუსი გადაიტანოს თვალებსა და სასქესო ორგანოებზე.
ჰერპესის ვირუსისათვის სახასიათო წვრილი ბუშტუკების გამოყრამდე ორგანიზმში თავდაპირველად ვლინდება შემდეგი სიმპტომები:
ჰერპეს ვირუსის პროვოცირება შეუძლია:
ჰერპესის განვითარების რისკი ასევე იზრდება აივ -ინფექციის დროს, ძლიერი დამწვრობისას, კანის ეგზემის, ქიმიოთერაპიის და ზოგიერთი პრეპარატის მიღებისას.
როგორც პირველი ისე მეორე ტიპის ჰერპეს ვირუსის შემთხვევაში გამონაყარი შესაძლებელია გავრცელდეს სხეულის სხვადასხვა ადგილას, გამოიწვიოს სხვადასხვა ორგანოთა დაზიანება. იმ ბავშვებში, რომლებიც ხშირად იდებენ თითს პირში, შესაძლებელია პირის ღრუდან ჰერპეს ვირუსის გამომწვევი გადავიდეს თითებზე. ხშირად ჰერპეს ვირუსი იწვევს თვალის ინფექციებს, განმეორებითი ინფექციის შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს ნაწიბური ან სხვადასხვა დაზიანება, რომელიც შემდგომში ვლინდება მხედველობის დაქვეითებით, შორს წასული დაზიანების შემთხვევაში კი შესაძლებელია განვითარდეს სიბრმავე.
მათ ვისაც აღენიშნება კანის ეგზემა, ჰერპესის განვითარების თვალსაზრისით მიეკუთვნებიან მაღალი რისკის გჯუფს, რომელიც ხასიათდება მთელს სხეულზე ჰერპეს ვირუსის წვრილი ბუშტუკების გამოვლენით და საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.
დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე პირებში, ჰერპეს ვირუსმა შესაძლოა გამოიწვიოს ზურგისა და თავის ტვინის დაზიანება.
დაავადების დიაგნოსტირებისათვის საკმარისია გამონაყარის გარეგნული დათვალიერება თუმცა ზოგჯერ საჭირო ხდება ბუშტუკების შიგთავსის გამოკვლევა და სისხლის ანალიზი.
დანიშნულება: ჰერპეს ვირუსი მკურნალობის გარეშე ორი-ოთხი კვირის განმავლობაში თავისით გაივლის. შეხორცების პროცესის დასაჩქარებლად ძირითადად გამოიყენება აციკლოვირი, ვალაციკლოვირი, ფამციკლოვირი, პენციკლოვირი (როგორც ტაბლეტირებული ასევე მალამოს სახით). გართულებული ჰერპესის შემთხვევაში საჭირო ხდება ინექციის გაკეთება.
ტუჩზე ჰერპეს ვირუსის დროს რეკომენდებულია მზის სხივებისგან დამცველი თუთიის შემცველი ტუჩის საცხის და ბალზამის გამოყენება. გამომშრალი ტუჩის შემთხვევაში დამატენიანებელი საცხის გამოყენება.
სასქესო ორგანოებზე გამონაყარის შემთხვევაში ტკივილს ამცირებს თბილი აბაზანები.
ხოლო იმ შემთხვევაში თუკი ჰერპესი არის მტკივნეული და გახანგრძლივდა მისი უკუგანვითარების პროცესი, ხასიათდება ხშირი რეციდივებით, იმუნური სისტემის დაქვეითებით და თან ახლავს თვალების ტკივილი, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.
მაშასადამე, იმისთვის რომ ადამიანმა თავიდან აიცილოს ჰერპეს ვირუსით დაინფიცირება ან შეამციროს ვირუსის განმეორებითი გამოვლინებები, უნდა მოერიდოს ჰერპესით გამონაყრის მქონე ადამიანს, დაიცვას ჰიგიენის წესები და სისტემატიურად იზრუნოს იმუნიტეტის ამაღლებაზე.