
ქრონიკული დაღლილობის სინდრომს უწოდებენ მდგომარეობას, რომელიც ძლიერი დაღლილობით ხასიათდება და რომელსაც რაიმე კონკრეტული მიზეზი არ გააჩნია. სტატისტიკურად, აღნიშნული სინდრომი ყველაზე ხშირად 40-50 წლის ასაკის პირებს და უხშირესად, მანდილოსნებს აწუხებს. მდგომარეობა თავისთავად საკმაოდ საყურადღებოა. ესეც რომ არა, ის გაღრმავების ტენდენციას ავლენს და შესაძლოა დეპრესიაში, სოციალური იზოლაციაში, სრულ უმოქმედობასა და შრომისუუნარობაში გადაიზარდოს.
ქრონიკული დაღლილობის სინდრომის ასახსნელად მრავალი თეორია არსებობს, მათ შორის, ვირუსული, იმუნური დისბალანსის, ჰორმონალური დისბალანსის, ასევე ფსიქოლოგიური სტრესის თეორიები. ზოგიერთი მკვლევარის აზრით ის არა ერთი, არამედ ერთდროულად რამოდენიმე ფაქტორის ერთობლივი ზემოქმედების შედეგია.
ქრონიკული დაღლილობის სინდრომის ძირითადი გამოვლინება ძლიერი დაღლილობის შეგრძნებაა. თუმცა ეს ერთადერთი სიმპტომი არ არის და მას, როგორც წესი, თან ახლავს:
ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დიაგნოზი ისმება თუკი დაღლილობა 6 თვეზე მეტი ხანგრძლივობისაა და მას თან ახლავს ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან მინიმუმ 4.
ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ბევრ დაავადებას წააგავს, მათ შორის, ძილის დარღვევებს, ანემიას, დიაბეტს, ჩიყვს, ფსიქოლოგიურ დარღვევებს, როგორიცაა დეპრესია, შფოთვა, შიზოფრენია და სხვა. აქედან გამომდინარე, ვიდრე ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დიაგნოზი დაისმება, სპეციალისტებმა ზემოთ აღნიშნული მდგომარეობები აუცილებლად უნდა გამორიცხონ.
ვინაიდან ზემოთ აღნიშნული სინდრომის მიზეზები უცნობია, მკურნალობა ძირითადად სიმპტომების შემსუბუქებისკენ არის მიმართული. გამოიყენება დეპრესიის საწინააღმდეგო და საძილე საშუალებები. ყველაზე ეფექტური მკურნალობის ფორმა ფსიქოლოგის კონსულტაცია და მსუბუქი ფიზიკური ვარჯიშებია. არააქტიური ადამიანები რამოდენიმე წუთიანი დაჭიმვის ვარჯიშებით იწყებენ და დროს თანდათან ზრდიან. თუკი ვარჯიშის დაწყებიდან მეორე დღეს ადამიანი ძლიერ დაღლას გრძნობს, დატვირთვა მისთვის ჭარბი აღმოჩნდა და ვარჯიშის ინტენსივობა უნდა შემცირდეს. შემდგომ კი ნელ-ნელა გაიზარდოს. ფსიქოლოგთან კონსულტაცია ეხმარება ადამიანს გამოკვეთოს ის სფეროები, რომელებსაც ის ქრონიკული დაღლილობის გამო ზღუდავს და რომლებზეც მას მუშაობა სჭირდება. ეს მას საკუთარ ცხოვრებაზე უფრო მეტი კონტროლის შეგრძნებას სძენს. ეს უკანასნელი კი მნიშვნელოვან დახმარებას უწევს ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დაძლევაში.
მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის მეტად მნიშვნელოვანია შემდეგი საკითხების გათვალისწინება:
მნიშვნელოვანია სტრესის შემცირება. ადამიანმა ისე უნდა დაგეგმოს დღე, რომ თავიდან აიცილოს ან შეზღუდოს ზედმეტი ფიზიკური და ემოციური გადაძაბვა. მან დღის განმავლობაში აუცილებლად უნდა გამოიყოს დრო სრული მოდუნებისთვის. ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ გარკვეულწილად უარი თქვას რაღაცეებზე და ამასთან დანაშაულის შეგრძნა არ დარჩეს;
აუცილებელია ძილის ჩვევების გაუმჯობესება. დღის განმავლობაში თვლემა უნდა შეიზღუდოს. დაძინებისა და გაღვიძებისათვის ყოველდღიურად ერთი და იგივე დრო უნდა შეირჩეს. ასევე მნიშვნელოვანია კოფეინის, ალკოჰოლისა და ნიკოტინის მოხმარების შეზღუდვა;
მნიშვნელოვანია აქტივობების რითმის მართვა. აქტივობების ინტენსივობა და დატვირთვა ყოველდღიურად ერთ დონეზე უნდა შენარჩუნდეს. აქტივობების არათანაბარი განაწილება არასასურველია.
ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა ეფექტური აღმოჩნდეს ალტერნატიული მედიცინის მიდგომები, როგორიცაა მასაჟი, აკუპუნქტურა, იოგა და სხვა.
ამრიგად, კომპლექსური მიდგომა: ფსიქოლოგის კონსულტაცია, ყოველდღიური მსუბუქი ვარჯიშები და დღის სწორი დაგეგმვა - აქტივობების სწორი გადანაწილება მნიშვნელოვნად ამცირებს ქრონიკული დაღლილობის სინდრომის გამოვლინებებს და აუმჯობესებს პაციენტების ცხოვრების ხარისხს.