
შარდის შეუკავებლობა მდგომარეობაა, რომელიც შარდის უნებლიე გამოყოფით ხასიათდება. 3 წლამდე ასაკში როგორც დღისით, ასევე ღამით შარდის შეუკავებლობა ჩვეულებრივი მოვლენაა და შარდის ბუშტის საკონტროლო მექანიზმების მოუმწიფებლობასთან არის დაკავშირებული. ასაკის მატებასთან ერთად კონტროლის მექანიზმი ძლიერდება და შედეგად, უნებლიე შარდვა წყდება. თუ ეს ასე არ მოხდა, მოგვიანებით ასაკში უნებლიე შარდვის არსებობა როგორც ფიზიკურ, ასევე ემოციურ დისკომფორტთან, სტრესთან არის დაკავშირებული, ამიტომაც მიხედვას საჭიროებს. ცნობილია, რომ ღამის უნებლიე შარდვა უფრო ხშირი პრობლემაა და უფრო გვიან ასაკამდე გრძელდება, ვიდრე დღის განმავლობაში შარდის შეუკავებლობა. 5 წლის ასაკისათვის დღის განმავლობაში უნებლიე შარდვა ბავშვთა მხოლოდ 2%-ს აღენიშნება, ხოლო ღამის უნებლიე შარდვა 4 წლის ასაკის ბავშვთა 30%-ს, 7 წლის ბავშვთა 10%-ს, 12 წლის ბავშვთა 3%-ს და 18 წლის პირთა 1%-ს აწუხებს.
შარდის შეუკავებლობის ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის. ზოგჯერ ის სხვადასხვა დაავადებებით არის გამოწვეული, მაგალითად: საშარდე გზების ინფექცია, დიაბეტი, თირკმლის პრობლემები, ნერვის პრობლემები, შეკრულობა, ღამის აპნოე (ძილში სუნთქვის შეჩერების სინდრომი), საშარდე სისტემის სტრუქტურული პრობლემები. თუმცა, შემთხვევათა უმეტესობაში შარდის შეუკავებლობას რაიმე ორგანული მიზეზი არ გააჩნია. ღამით შარდის შეუკავებლობა შეიძლება ბავშვის ფიზიკური განვითარების შედარებით ნელი ტემპით, შარდის ჭარბი წარმოქმნით, შფოთვისა და ემოციური სტრესის გამომწვევი მოვლენების არსებობით იყოს გამოწვეული. მას შესაძლოა გენეტიკური ფაქტორიც იწვევდეს. დღის განმავლობაში შარდის შეუკავებლობის ძირითადი მიზეზი კი შარდის ბუშტის არასრული დაცლა ან სტიმულზე მისი გადამეტებული რეაგირებაა. ხშირ შემთხვევაში მდგომარეობა არა ერთი, არამედ რამდენიმე ფაქტორის ერთობლივი მოქმედების შედეგია.
გამომდინარე იქიდან, რომ შემთხვევათა უმეტესობაში შარდის შეუკავებლობას ორგანული საფუძველი არ გააჩნია, ის ასაკთან ერთად თავისთავად იხსნება. შარდის ბუშტის ტევადობა მატულობს, შარდის ბუშტის მომატებული რეაგირება სტიმულაციაზე მცირდება, ორგანიზმის მიერ შარდის ბუშტის კონტროლის ბიოლოგიური მექანიზმები მტკიცდება. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალობის ჩატარება, რომელიც გულისხმობს შარდის ბუშტის ვარჯიშის სხვადასხვა სტრატეგიებს, სპეციალური მაღვიძარას ან მედიკამენტების გამოყენებას.
შარდის ბუშტის ვარჯიში და დამხმარე სტრატეგიები. შარდის ბუშტის ვარჯიშის მიზანი შარდის ბუშტის კუნთების ჭიმვადობის გაზრდა და მის შეკუმშვაზე კონტროლის გაუმჯობესებაა. აღნიშნული მიზნის მისაღწევად საპირფარეშოში შესვლიდან შესვლამდე ინტერვალი თანდათან იზრდება ან გრაფიკის დაწესება ხდება, მაგალითად, 2 საათიანი ინტერვალები კეთდება. ასევე მნიშვნელოვანია მოშარდვის დროს შარდის ბუშტის ბოლომდე დაცლა, ამისათვის ბავშვს საშუალება უნდა მიეცეს მოდუნდეს და ცოტა მეტი ხნით გაჩერდეს საპირფარეშოში. ღამით ბავშვის გაღვიძება საპირფარეშოში გასაყვანად დამხმარე სტრატეგიაა ღამის შარდის შეუკავებლობის თავიდან ასაცილებლად. ასევე მნიშვნელოვანია სითხის რაოდენობის შეზღუდვა საღამოს საათებში. დამატებითი სტრატეგიებია კოფეინის შემცველი საკვებისა და სასმელის მიღებისაგან თავის შეკავება. მართალია, კვება და მისი ხასიათი არავითარ როლს არ ასრულებს შარდის შეუკავებლობის განვითარებაში, მაგრამ ზემოთ აღნიშნულ მიდგმოებს გარკვეული დამხმარე ეფექტი შეიძლება ჰქონდეს. დღის განმავლობაში მისაღები სითხის რაოდენობასთან დაკავშირებით ექიმის კონსულტაციის მიღება აუცილებელია.
მაღვიძარა სპეციალური მოწყობილობაა, რომელიც ამოქმედდება და ბავშვს აღვიძებს იმ შემთხვევაში თუ მას უნებლიე შარდვა ეწყება. მოწყობილობას აქვს სითხისადმი მგრნობიარე საფენი, რომელიც დასველების შემთხვევაში მაღვიძარას აამოქმედებს. ზოგჯერ ბავშვის ბოლომდე გამოსაღვიძებლად და საპირფარეშოში გასვლის დასაჩქარებლად მშობლის მონაწილეობა მაინც საჭიროა.
მედიკამენტური მკურნალობა გულისხმობს შარდის წარმოქმნაზე პასუხისმგებელ ჰორმონებზე ზემოქმედებას, კერძოდ კი იმ ჰორმონის გაძლიერებას, რომელიც შარდის რაოდენობას ამცირებს (ანტიდიურეზული ჰორმონი). აღნიშნული მედიკამენტი ტაბლეტის, ცხვირში შესასხურებელი აეროზოლის ან წვეთების სახით არსებობს. არსებობს სამკურნალო სხვა მედიკამენტებიც, თუმცა ზოგადად მედიკამენტური მკურნალობის ნაკლს დროებითი ეფექტი წარმოადგენს. მედიკამენტური მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში პრობლემა ისევ იჩენს თავს.
ამრიგად, უნებლიე შარდვა ბავშვთა ასაკში არცთუ იშვიათი მდგომარეობაა. ზოგჯერ ის გარკვეულ დაავადებებთან არის დაკავშირებული, რომელთაც შესაბამისი მკურნალობა ესაჭიროება. ხშირ შემთხვევაში კი შარდის შეუკავებლობა რაიმე ორგანულ პათოლოგიასთან კავშირში არ არის და ასაკის მატებასთან ერთად გაივლის. გარკვეული რეჟიმის დაცვა და დამხმარე საშუალებების გამოყენება პრობლემის მოგვარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.