ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადება
ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადება
allmedic
ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადება
ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადება

ნაღვლის ბუშტის კენჭები ნაღვლის ბუშტში არსებული საჭმლის მომნელებელი სითხის (ნაღვლის) შეგუბებისა და შესქელების შედეგად მიღებული მკვრივი წარმონაქმნებია. ნაღვლის ბუშტი მუცლის ღრუს მარჯვენა მხარეს, ღვიძლის ქვევით არსებული მცირე ზომის მსხლის ფორმის ორგანოა. მისი ფუნქცია საჭმლის მომნელებელი სითხის - ნაღვლის დაგროვება და შემდეგ წვრილ ნაწლავში გადაშვებაა. ამ გზით ის საჭმლის მონელების პროცესში მონაწილეობს.

ნაღვლის ბუშტის კენჭების წარმოქმნის ზუსტი მიზეზი უცნობია. შესაძლო მიზეზები ნაღველში დიდი რაოდენობით ქოლესტერინის (ცხიმის ერთ-ერთი ფორმა) ან  ბილირუბინის (სისხლის წითელი უჯრედების დაშლის შედეგად მიღებული ნივთიერება, რომელიც ღვიძლის მიერ ნაღვლის ბუშტში გამოიყოფა) დაგროვება ან ნაღვლის ბუშტის არასათანადოდ დაცლაა.  ზემოთ აღნიშნულ პროცესებს, თავის მხრივ, ცხიმისა და ქოლესტერინის დიდი რაოდენობით შემცველი, უჯრედისით ღარიბი საკვები პროდუქტების ჭარბი მოხმარება, ჭარბი წონა, დიაბეტი, ორსულობა, წონის სწრაფი კლება, ქოლესტერინის დონის დამწევი, ასევე ჰორმონ - ესტროგენის შემცველი მედიკამენტების მოხმარება  უწყობს ხელს. ამრიგად, ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობები ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადების განვითარების მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორებად ითვლება.  

ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადება უსიმპტომო მდგომარეობაა, თუმცა კენჭის დაძვრისა და ნაღვლის ბუშტიდან გამომავალ სადინარში მოხვედრის შემთხვევაში შემდეგი გამოვლინებები ჩნდება:

  • უეცარი და სწრაფად მზარდი ტკივილი მუცლის მარჯვენა ზედა ნაწილში;
  • უეცარი და სწრაფად მზარდი ტკივილი მუცლის ცენტრალურ ნაწილში, მკერდის ძვლის ქვევით;
  • ტკივილი ზურგის არეში, ბეჭის ძვლებს შორის;
  • ტკივილი მარჯვენა ბეჭის არეში.

თუკი ტკივილი იმდენად ინტენსიურია, რომ მშვიდად ჯდომის ან კომფორტული პოზის შერჩევის საშუალებას არ იძლევა ან თვალის სკლერები და კანი მოყვითალო ელფერს იძენს ან  ცხელება განვითარდა თანმხლები შემცივნებით, სამედიცინო დახმარებისათვის დაუყოვნებლივ მიმართვა აუცილებელია. ასეთ შემთხვევებში  ნაღვლის ბუშტიდან ან პანკრეასიდან გამომავალი სადინარი შესაძლოა დახშული იყოს ან ნაღვლის ბუშტის ანთება აღინიშნებოდეს, რაც აუცილებლად მკურნალობას საჭიროებს. 

დიაგნოზის დასადგენად ძირითადად ექოსკოპიური გამოკვლევა გამოიყენება, ზოგჯერ სისხლის ანალიზისა და უფრო ღრმა ინსტრუმენტული გამოკვლევების ჩატარება ხდება საჭირო.

მკურნალობა მხოლოდ იმ შემთხვევებშია საჭირო, როდესაც ნაღვლის ბუშტის კენჭები სიმპტომებს იძლევა. მკურნალობის შემდეგი შესაძლებლობები არსებობს:

  • ქირურგიული ოპერაციით ნაღვლის ბუშტის ამოღება;
  • მედიკამენტური მკურნალობა, რომელიც ნაღვლის ბუშტის კენჭების გახსნას იწვევს. თუმცა ამ გზით ეფექტის მიღებას რამდენიმე თვე ან წელიც კი შეიძლება დასჭირდეს და ზოგჯერ უეფექტოც კი არის. ამიტომ მკურნალობის ამ მეთოდს ძირითადად იმ პირებში მიმართავენ, ვისაც ქირურგიული ოპერაციის ჩატარება არ შეუძლიათ.

 

და ბოლოს, თუკი ადამიანს  ოჯახური მიდრეკილება აქვს ნაღვლის კენჭოვანი დაავადების განვითარებისადმი ან ზემოთ ჩამოთვლილი რისკ-ფაქტორებიდან რომელიმე აღენიშნება, კენჭის ჩამოყალიბების თავიდან ასაცილებლად შემდეგი რჩევების გათვალისწინება მნიშვნელოვანია:

  • კვება რეჟიმით. საკვების მიღების ჯერადობის შემცირება არასასურველია;
  • თუკი წონის კლების საჭიროება არსებობს, ის თანდათანობით უნდა განხორციელდეს, მაგალითად 0.5 – 1 კილოგრამი კვირაში. უფრო სწრაფი კლება  კენჭის განვითარების რისკს ზრდის;
  • ჯანსაღი წონის შენარჩუნება. ამისათვის საუკეთესო საშუალება ბალანსირებული კვება, კალორიების განსაზღვრა დღიურ საკვებ რაციონში და ფიზიკური დატვირთვის გაზრდაა. 
allmedic