
მარიხუანა მიიღება მცენარე კანაფიდან. მასში შემავალი კომპონენტები ტეტრაჰიდროკანაბინოლი და კანაბიდიოლი წარმოადგენენ ფსიქოტროპულ ნივთიერებებს. მარიხუანას მოხმარებისას ტეტრაჰიდროკანაბინოლი ხვდება სისხლში, საიდანაც სწრაფად მიეწოდება ყველა ორგანოთა სისტემას. მისი მოქმედება გრძელდება მოწევიდან 3-4 საათის განმავლობაში. თავის ტვინში არსებობს გარკვეული უბნები: ჰიპოკამპი, ნათხემი, ქერქი, რომლებიც პასუხიმგებელინი არიან მეხსიერებაზე, კონცენტრაციაზე, სიამოვნების განცდაზე, კოორდინაციაზე, დროის აღქმაზე. სწორედ ამ უბნებშია მაღალი კონცენტრაციით განლაგებული კანაბინოიდური რეცეპტორები. მათზე მარიხუანას მოქმედებისას ვითარდება სხვადასხვა ფუნქციური დარღვევა, რასაც მოჰყვება მეხსიერების დაქვეითება, მსჯელობის და გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობების დათრგუნვა. მარიხუანას მოხმარება განსაკუთრებით სახიფათოა მოზარდ ასაკში, ვინაიდან მან შეიძლება გამოიწვიოს ნერვული ბოჭკოების რაოდენობის შემცირება და თავის ტვინის ფუნქციონირების დაქვეითება, ამასთანავე ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა აზროვნების დაბინდვა, დიალოგის წარმოების სირთულე, კოორდინაციის დარღვევა.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ მატულობს გულის ცემის სიხშირე (გცს), ქვეითდება არტერიული წნევა, იზრდება სტენოკარდიული შეტევათა რისკი და ტკივილი გულმკერდის არეში.
მარიხუანას კვამლი ფილტვებზე ზემოქმედებს თამბაქოს მსგავსად. მისი აქტიური მომხმარებლები ხშირად ავადმყოფობენ სასუნთქი სისტემის დაავადებებით, აღენიშნებათ ქრონიკული ბრონქიტისათვის დამახასიათებელი სიმპტომები, მათ შორის პროდუქტიული ხველა. ჯერ-ჯერობით ბოლომდე შესწავლილი არაა იწვევს თუ არა მარიხუანა ფილტვის სიმსივნეს, თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ ფილტვის კიბოს რისკი შედარებით დაბალია მარიხუანას მწეველებში თამბაქოს აქტიურ მომხმარებლებთან შედარებით.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ ვითარდება პირის ღრუში არასასიამოვნო გემოს შეგრძნება, პირის სიმშრალე, ენის შეშუპება, ღებინების შეგრძნება, დისპეპსია (საჭმლის მონელების დარღვევა), დიარეა, ტკივილი კუჭის არეში.
მარიხუანას ხანმოკლე გვერდითი ეფექტებია - თვალების სიწითლე, პირის სიმშრალე, ხმის ჩახლეჩა, გაძლიერებული მადა, მომატებული გცს, თავბრუსხვევა, ზედაპირული სუნთქვა, ოფლიანობა, სისხლში გლუკოზის დაქვეითებული დონე, დაბინდული აზროვნება, კოორდინაციის და მოტორიკის დარღვევა, შფოთვა, პარანოია (ფსიქიკური დაავადება, აფექტური ბოდვითი იდეები) და ფსიქოზი. მარიხუანას აქტიურ მომხმარებლებში გვერდითი ეფექტები შესაძლებელია გახანგრძლივდეს რამდენიმე დღე ან კვირა. აქტიური მოხმარებისას გამოხატულია ფსიქიური აშლილობა, როგორიცაა დეპრესია, დაძაბულობა, ფიქრი სუიციდის მცდელობაზე, ხანმოკლე ფსიქოზი, შიზოფრენია. ზოგჯერ აღინიშნება დისფორია (უბედურების განცდის შეგრძნება), ეიფორია (ბედნიერების განცდა).
მარიხუანას აქტიური მოხმარებისას შესაძლებელია განვითარდეს
მარიხუანას გამოყენება რეკომენდებული არაა:
მარიხუანას აქტიური ნივთიერება გადადის დედის რძით;
მარიხუანას მოხმარება ზოგიერთ პრეპარატთან ერთად, როგორიცაა ასპირინი, ანტიკუაგულანტები (სისხლის გამათხევადებელი), ვარფარინი, ჰეპარინი, ანტითრომბოციტული პრეპარატები (კლოპიდოგრელი), არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (იბუპროფენი) ზრდის სისხლდენის რისკს.
ამრიგად, მარიხუანას აქტიური გამოყენება იწვევს ორგანიზმში მთელ რიგ დარღვევებს, რის შედეგადაც უარესდება მარიხუანას მომხმარებელთა ცხოვრების ხარისხი.