მტკივნეული სქესობრივი აქტი ქალებში
მტკივნეული სქესობრივი აქტი ქალებში
allmedic
მტკივნეული სქესობრივი აქტი ქალებში
მტკივნეული სქესობრივი აქტი ქალებში

მრავალი ქალი განიცდის მტკივნეულ სქესობრივ აქტს ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე. მტკივნეულმა სქესობრივმა აქტმა  შეიძლება პრობლემები შეუქმნას წყვილის ურთიერთობას ფიზიკურ ტკივილთან ერთად  უარყოფით ემოციური ეფექტის განვითარების გამო. ამრიგად, მდგომარეობა დროულ მიხედვას საჭიროებს.

ტკივილი შესაძლოა იყოს მხოლოდ სქესობრივი აქტის დასაწყისში, მთელი სქესობრივი აქტის განმავლობაში ან  სქესობრივი აქტის შემდეგაც გრძელდებოდეს. ის შეიძლება ზერელე იყოს ან ღრმად, მენჯის ღრუს არეშიც გადაეცემოდეს. ტკივილის ხასიათი გამომწვევ მიზეზზეა დამოკიდებული. ეს უკანასკნელი საკმაოდ მრავალფეროვანია და ორგანული ან ფსიქოლოგიური ხასიათის შეიძლება იყოს:

  • საშოს სიმშრალე. ხშირ შემთხვევაში მას სქესობრივი აქტისათვის ფსიქოლოგიური მოუმზადებლობა ან ზოგიერთი ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპრატის გამოყენება იწვევს.
  • ვაგინიზმი. საშოს კუნთების უნებლიე შეკუმშვა, რომელსაც ფსიქოლოგიური საფუძველი (მაგ: შიში, დანაშაულის შეგრძნება და სხვა) აქვს.
  • საშოს ან გარეთა სასქესო ორგანოს ტრავმა, რომელიც ხშირ შემთხვევაში მშობიარობას ან გადატანილ ქირურგიულ ჩარევას უკავშირდება.
  • საშოს ინფექციები, მათ შორის სოკოვანი ინფექციები.
  • თანდაყოლილი პათოლოგიები: არასათანადოდ ჩამოყალიბებული საშო.
  • საშვილოსნოს ყელის პრობლემები: მაგალითად ინფექცია.
  • საშვილოსნოს პრობლემები: ფიბროიდები (კეთილთვისებიანი კვანძები საშვილოსნოში).
  • მენჯის ღრუს ანთებით დაავადებები.
  • საშვილოსნოსგარე ორსულობა.
  • მენოპაუზა. ეს უკანასკნელი ჰორმონ - ესტროგეის ნაკლებობის გამო ასევე  საშოს სიმშრალეს იწვევს.
  • სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები.

 

მტკივნეული სქესობრივი აქტის შემთხვევაში აუცილებელია სპეციალისტთან კონსულტაცია, განსაკუთრებით, თუკი ტკივილს სისხლდენა, სასქესო ორგანოს ტრავმა, არარეგულარული მენსტრუალური ციკლი,  საშოდან გამონადენი ან საშოს კუნთების უნებლიე შეკუმშვა ახლავს. ტკივილის გამომწვევი მიზეზის დასადგენად დეტალურ გამოკითხვასა და გასინჯვასთან ერთად სპეციალისტმა დამატებითი გამოკლვევები შეიძლება დანიშნოს.

ინფექციური ან ანთებითი დაავადებების გამოვლენის შემთხვევაში სპეციალური მკურნალობის შემდეგ მტკივნეული სქესობრივი აქტის პრობლემა იხსნება. თუკი ტკივილის მიზეზი საშოს სიმშრალეა, ამ შემთხვევაში სპეციალური ლუბრიკანტები (დამატენიანებელი საშუალებები) ინიშნება. მენოპაუზასთან დაკავშირეული მტკივნეული სქესობრივი აქტის დროს კი მკურნალობას, როგორც წესი,  ჰორმონ - ესტროგენის შემცველი კრემებიც ემატება.

მშობიარობის ან ქირურგიული ოპერაციის შემდგომ სქესობრივი თანაცხოვრების აღდგენამდე სასურველია მინიმუმ 6 კვირა გავიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ტრავმირებული ქსოვილების არსებობის გამო სქესობრივი აქტი მტკივნეული იქნება. ფსიქოლოგიური მიზეზების არსებობის შემთხვევაში, მაგალითად, წინა ნეგატიური გამოცდილება, დანაშაულის გრძნობა ან შინაგანი კონფლიქტი სქესობრივ აქტთან დაკავშირებით, ფსიქოლოგიური კონულტაციის ჩატარება მნიშვნელოვანია პრობლემის მოსახსენალდ. უფრო მეტი კომუნიკაცია წყვილს შორის, მოთმინება, პოზის ცვლილება  მნიშვნელოვნად შეიძლება დაეხმაროს წყვილს პრობლემის მოგვარებაში.

ამრიგად, მტკივნეული სქესობრივი აქტი არცთუ იშვიათი მდგომარეობაა და პრობლემას უქმნის წყვილის ჰარმონიულ ურთიერთობას, თუმცა პრობლემა სრულიად მოგვარებადია. სპეციალისთან დროული მიმართვა, ზუსტი მიზეზის დადგენა და სწორი მკურნალობის ჩატარება წყვილს ნორმალური სქესობრივი ურთიერთობის აღდგენაში დაეხმარება. 

allmedic