ჭარბთმიანობა
ჭარბთმიანობა
allmedic
ჭარბთმიანობა
ჭარბთმიანობა

ჭარბთმიანობა (ანუ ჰირსუტიზმი) ეწოდება მდგომარეობას, როდესაც ქალის სხეულზე მამაკაცის ტიპის გათმიანება, კეძოდ კი  სახის, გულმკრედისა და ზურგის არეში უხეში, პიგმენტირებული თმა ჩნდება. ჭარბთმიანობა შეიძლება ეთნიკურ ხასიათს ატარებდეს. მაგალითად,  ის დამახასიათებელია ხმელთაშუა აუზის, შუა და სამხრეთ აზიის ქალთა პოპულაციისთვის. სხვა შემთხვევაში მას ქალის ორგანიზმში მამაკაცის სასქესო ჰორმონების სიჭარბე იწვევს. ეს უკანასკნელი გენეტიკური და არაგენეტიკური დაავადებებით ან ჰორმონალური მედიკამენტების ხანგრძლივი მიღებით შეიძლება იყოს გამოწვეული.  ჭარბთმიანობა ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, თუმცა უხშირესად სქესობრივი მომწიფების პერიოდში იჩენს ხოლმე თავს. აღნიშნულ პერიოდში გოგონას საკვერცხეები ქალისა და მამაკაცის სასქესო ჰორმონების გამოთავისუფლებას იწყებს, რის შედეგადაც იღლიისა და ბოქვენის არის გათმიანება ჩნდება. ეს ნორმალური პროცესია, მაგრამ თუკი ქალისა და მამაკაცის ჰორმონებს შორის პროპორცია დაირღვა, თმიანი საფარველი ქალისათვის უჩვეულო ადგილებშიც - სახეზე, გულმკერდზე, ზურგზეც ჩნდება.

ჭარბთმიანობის გამომწვევ უხშირეს დაავადებათა სიას მიეკუთვნება:

  • საკვერცხეების პოლიცისტოზი ( მრავლობითი ცისტების არსებობა საკვერცხეებში).
  • კუშინგის სინდრომი  (თირკმელზედა ჯირკვლის მიერ ჰორმონ - კორტიზოლის ჭარბი წარმოქმნა სხვადასხვა მიზეზების გამო).
  • თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერპლაზია (გადიდება, რასაც თან ახლავს ასევე ჰორმონ - კორტიზოლის ჭარბი პროდუქცია).
  • საკვერცხის ან თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე.

 

ზემოთ აღნიშნულ მდგომარეობებს ჭარბთმიანობასთან ერთად სხვა ნიშნებიც ახლავს ხოლმე, როგორიცაა  არარეგულარული მენსტრუალური ციკლი,  სიმსუქნე ან მამაკაცის სასქესო ჰორმონების მატების სხვა გამოვლინებები: ბოხი ხმა, აკნე, გამელოტება, მკერდის შემცირებული ზომა და კლიტორის  (გარეთა სასქესო ორგანოს ნაწილი) გადიდება.

ამრიგად, ჭარბთმიანობა სამედიცინო თვალსაზრისით საყურადღებო მდგომარეობაა. მისი გამომწვევი დაავადებები უშვილობის მიზეზი შეიძლება გახდეს. ესეც რომ არა, ის ემოციურად დამთრგუნველია ადამიანსათვის ესთეტიკური მოსაზრებების გამო. მართალია, ზოგიერთ შემთხვევაში ჭარბთმიანობა გამოკვეთილი მიზეზის გარეშეც შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ექიმთან მიმართვა და დაავადების გამორიცხვა აუცილებელია, განსაკუთრებით, თანმხლები სხვა ნიშნების არსებობის შემთხვევაში.  დიაგნოზის დასადგენად შესალოა საჭირო გახდეს გარკვეული ლაბორატორიული (ჰორმონების გამოკვლევა) და ინსტრუმენტული კვლევების ჩატარება.

ჭარბთმიანობასთან საბრძოლველად თვითმოვლის საშუალებები, ჭარბი თმის მოსაცილებელი პროცედურები და მედიკამენტური მკურნალობა გამოიყენება.

მედიკამენტური მკურნალობა  ჩასახვის საწინააღმდეგო აბების, მამაკაცის სასქესო ჰორმონების დამთრგუნველი საშუალებების ან თმის ზრდის შემაფერხებელი კრემების გამოყენებას გულისხმობს.

ჭარბი თმის მოსაცილებელ პროცედურებს ელექტროლიზისი ან ლაზერული ეპილაცია მიეკუთვნება. ელექტროლიზისი (ელექტროეპილაცია) ჭარბი თმის მოსაცილებლად მცირე ზომის ნემსს იყენებს, რომელიც სათითაოდ შეყავთ თმის ძირში და ელექტრული ნაკადის (ელექტროდენი) საშუალებით თმის ფოლიკულს აზიანებს. მეთოდი ეფექტური, თუმცა მტკივნეულია. ტკივილის შესამცირებლად შესაძლებელია პროცედურებამდე კანზე გამაყუჩებელი კრემის გამოყენება. ლაზერული ეპილაცია  ჭარბი თმის მოსაცილებლად მაღალკონცენტრირებულ სინათლის სხივების (ლაზერს) იყენებს,  რომელიც კანის გავლით თმის ფოლიკულებში ხვდება და აზიანებს მათ. ლაზერული ეპილაციის პროცედურა ეფექტურია, თუმცა უშუალოდ პროცედურის შემდგომ კანის სიწითლე და შეშუპება შეიძლება შეინიშნებოდეს. აღნიშნულ მეთოდს ასევე ახლავს დამწვრობისა და კანის შეფერილობის ცვლილების გარკვეული რისკი.

ჭარბი თმის მოსაცილებელ თვითმოვლის საშუალებებს მიეკუთვნება: პინცეტით ამოღება, გაპარსვა, ცვილით ან ქიმიური ნივთიერებებით დეპილაცია. ცვილით დეპილაცია გულისხმობს ჭარბი თმის არეში გამთბარი ცვილის წასმას, რომელსაც გამაგრების შემდეგ კანიდან სწრაფად აცლიან. ცვილის ფენის აცლა თმის ზრდის მიმართულების საწინააღმდეგო მიმართულებით ხდება. პროცედურა მტკივნეულია და შესაძლოა მცირე ხნით კანის სიწითლე და დისკომფორტი გამიწვიოს. ქიმიური დეპილატორები  გელის, ლოსიონის ან კრემის სახით არსებობს. აღნიშნული ნივთიერებები მოქმედებს  თმის კანზევით არსებულ ნაწილზე და მისი ცილოვანი სტრუქტურის დაშლას იწვევს. ზოგიერთი პირი ალერგიულია დეპილატორში შემავლი ქიმიური ნივთიერებების მიმართ და ვერ მოიხმარს მას.

ჩამოთვლილი საშუალებები დროებით (თვითმოვლის საშუალებები, მედიკამენტები) ან მყარ (ელექტროლიზისი, ლაზერული ეპილაცია) შედეგს იძლევა და ემოციური თვალსაზრისით აუმჯობესებს პაციენტის მდგომარეობას, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ჭარბთმიანობა შესაძლოა გარკვეული დაავადებებით იყოს გამოწვეული, რომელთა დროული გამოვლენა და მკურნალობა მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისა და შვილოსნობისთვის. 

allmedic