ჩასახვის საწინააღმდეგო გრძელვადიანი შექცევადი და შეუქცევადი მეთოდები
ჩასახვის საწინააღმდეგო გრძელვადიანი შექცევადი და შეუქცევადი მეთოდები
allmedic
ჩასახვის საწინააღმდეგო გრძელვადიანი შექცევადი და შეუქცევადი მეთოდები
ჩასახვის საწინააღმდეგო გრძელვადიანი შექცევადი და შეუქცევადი მეთოდები

ჩასახვის საწინააღმდეგო (კონტრაცეფციის) მრავალი მეთოდი არსებობს. თითოეულ მათგანს ეფექტურობის სხვადასხვა ხარისხი, ხანგრძლივობა, უპირატესობები და ნაკლოვანი მხარეები გააჩნია. როდესაც ხანგრძლივი კონტრაცეფციის საჭიროება და მოთხოვნა არსებობს, უპირატესობა გრძელვადიან, მაგრამ შექცევად ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდებს ენიჭება. შვილოსნობაზე სამუდამოდ უარის თქმის შემთხვევაში კი ჩასახვის საწინააღმდეგო შეუქცევად მეთოდზეც ე.წ. სტერილიზაციაზეც შეიძლება არჩევანის გაკეთება.  გრძელვადიანი შექცევადი ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი გარკვეული ხელსაწყოს გამოყენებას გულისხმობს, რომელიც ხანგრძლივი დროის - რამოდენიმე წლის განმავლობაში თავსდება ორგანიზმში. ამგვარ მეთოდებს სპირალი, საშვილოსნოსშიდა მოწყობილობა და იმპლანტი მიეკუთვნება.

 

სპირალი

სპირალი პლასტმასისა და სპილენძის მოწყობილობაა, რომელიც საშვილოსნოში იდგმება. ის კვერცხუჯრედისა და სპერმის შერწყმას უშლის ხელს, ვინაიდან  კვერცხუჯრედის საშვილოსნომდე გადაადგილებას ანელებს, ასევე აფერხებს კვერცხუჯრედის ჩანერგვას საშვილოსნოს კედელში. მეთოდის ეფექტურობა 98-99%-ია. ხელსაწყო ჩადგმისთანავე იწყებს ფუნქციონირებას და მისი დატოვება ორგანიზმში 10 წლის განმავლობაში არის შესაძლებელი. სპირალის ჩადგმა და ამოღება აუცილებლად სამედიცინო დაწესებულებაში სპეციალისტის მიერ უნდა განხორციელდეს. მეთოდს თან ახლავს არარეგულარული მენსტრუალური სისხლდენის და ასევე მენჯის ღრუს ინფექციის განვითარების საფრთხე.

საშვილოსნოს შიდა მოწყობილობა

ეს არის მცირე ზომის პლასტიკური მოწყობილობა, რომელიც საშვილოსნოში თავსდება და ჰორმონ - პროჟესტერონს ათავისუფლებს. ის სხვადასხვა მექანიზმით მუშაობს: აფერხებს კვერცხუჯრედისა და სპერმის შერწყმას, ვინაიდან ანელებს კვერცხუჯრედის გადაადგილებას საშვილოსნომდე და ასევე აფერხებს კვერცხუჯრედის ჩანერგვას საშვილოსნოს კედელში. მეთოდის ეფექტურობა 99%-ია. ხელსაწყო ჩადგმისთანავე იწყებს ფუნქციონირებას და მისი დატოვება ორგანიზმში 5 წლის განმავლობაში არის შესაძლებელი. საშვილოსნოსშიდა მოწყობილობის ჩადგმა და ამოღება აუცილებლად სამედიცინო დაწესებულებაში სპეციალისტის მიერ უნდა განხორციელდეს. მეთოდის ნაკლი გარკვეული მედიკამენტების მიღების შემთხვევაში ეფექტურობის შემცირების საშიშროებაა. ასეთ შემთხვევებში სხვა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების დამატების აუცილებლობა იქმნება. შესაძლოა გამოიწვიოს არარეგულარული მენსტრუალური სისხლდენა.

 

 

იმპლანტი

ეს არის დრეკადი ჩხირის ფორმის მოწყობილობა, რომელიც მხრის არეში, მის შიგნითა ზედაპირზე, კანქვეშ ინერგება. ის გარედან არ ჩანს, მაგრამ ხელით ისინჯება. ჩხირი თანდათანობით ათავისუფლებს ჰორმონ - პროჟესტერონს, რომელიც კვერცხუჯრედის საკვერცხიდან გადმოსვლას აფერხებს, ასევე ერთის მხრივ ასქელებს ყელის არეში საშვილოსნოს ამომფენ გარსს და საშვილოსნოში სპერმის შეღწევას უშლის ხელს, მეორეს მხრივ კი საშვილოსნოს ამომფენ გარსს ათხელებს და მასში კვერცხუჯრედის ჩანერგვას უშლის ხელს. მეთოდის ეფექტურობა 99%-ია. იმპლანტის დატოვება ორგანიზმში 3 წლის განმავლობაში არის შესაძლებელი. მისი მოთავსება და ამოღება აუცილებლად სამედიცინო დაწესებულებაში სპეციალისტის მიერ ხორციელდება. იმპლანტის გამოყენებას შესაძლოა თან ახლდეს მენსტრუალური სისხლდენის არარეგულარობა ან შეწყვეტა, აკნე და წონის მატება.

ჩასახვის საწინააღმდეგო მყარ, შეუქცევად მეთოდს სტერილიზაცია მიეკუთვნება. ის ორივე სქესში შეიძლება ჩატარდეს. სტერილიზაცია ქირურგიული ოპერაციაა, რომელიც ანესთეზიის ქვეშ ტარდება. ქალების შემთხვევაში ის საკვერცხე მილების გადაკვანძვას გულისხმობს, რის შედეგადაც კვერცხუჯრედი ვეღარ ხვდება საშვილოსნოში. მამაკაცების შემთხვევაში კი  სათესლე მილები იჭრება, რის გამოც სპერამტოზოიდები ვეღარ გადადის სპერმაში. აღნიშნულ მეთოდს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმართავენ, როდესაც წყვილი აღარ აპირებს შვილის ყოლას. ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტი პრაქტიკულად შეუქცევადია და შვილოსნობის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში მისი აღდგენის მცდელობა, როგორც წესი, წარუმატებელია.

 

ამრიგად, როგორც ხედავთ, ხანგრძლივი ვადით ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტის საჭიროების შემთხვევაში მეთოდების არჩევანი არსებობს. თუმცა ყველაზე ოპტიმალური მეთოდის შერჩევა ინდივიდუალურად, ექიმის კონსულტაციის საფუძველზე უნდა მოხდეს. 

allmedic