ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონალური მეთოდები
ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონალური მეთოდები
allmedic
ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონალური მეთოდები
ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონალური მეთოდები

ჩასახვის საწინააღმდეგო (კონტრაცეფციის) მრავალი მეთოდი არსებობს. თითოეულ მათგანს ეფექტურობის სხვადასხვა ხარისხი, უპირატესობები და ნაკლოვანი მხარეები გააჩნია. მეთოდების ერთი ჯგუფი ჰორმონის შემცველი საშუალებებია. გამოყენებული ჰორმონები (პროჟესტერონი, ესტროგენი) საკვერცხიდან კვერცხუჯრედის გამოთავისუფლებას, კვერცხუჯრედისა და სპერმის შერწყმას, განაყოფიერებული კვერცხუჯრედის საშვილოსნოში ჩანერგვას უშლის ხელს და სწორედ ამ გზით ახდენს ჩასახვის საწინააღმდეგო მოქმედებას. ჰორმონალური საშუალებები ტაბლეტის, ინექციის, კანზე დასაკრავი პლასტირის ან საშოს რგოლის სახით არსებობს. აღნიშნული მეთოდები პრეპარატის რეგულარულ მიღებას საჭიროებს - ყოველდღიურად, ყოველ კვირას ან ყოველ თვეში და ძირითადად იმ შემთხვევებშია მოსახერხებელი, როდესაც ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტი დროებით არის საჭირო.

ჩასახვის საწინააღმდეგო კომბინირებული აბები

აღნიშნული აბები ქალის სხვადასხვა სასქესო ჰორმონებს  (ესტროგენსა და პროჟესტერონს) შეიცავს. აბები ყოველდღიურად მიიღება. სწორი გამოყენების შემთხვევაში მათი ეფექტურობა 99%-ია. ეფექტი იკარგება არარეგულარული მიღების, ასევე ღებინების, ფაღარათის, ანტიბიოტიკების ან სხვა პრეპარატების მიღების დროს. ასეთ შემთხვევებში დამატებით სხვა საკონტრაცეფციო საშუალებების გამოყენებაა საჭირო. აღნიშნული მეთოდი შეუფერებელია მაღალი არტერიული წნევის მქონე, 35 წელზე მეტი ასაკის მწეველი ქალბატონებისა და მეძუძური დედებისთვის. მეთოდის თანმხლები დადებით ეფექტი მენსტრუალურ ციკლთან დაკავშირებული ტკივილისა და სისხლდენის შემცირებაა.

 

ჩასახვის საწინააღმდეგო მინი აბები

კომბინირებული აბებისაგან განსხვავებით მინი აბებში მხოლოდ ერთი ჰორმონი - პროჟესტერონი შედის. სწორი მოხმარების შემთხვევაში მინი აბების ეფექტურობა 96-99%-ია. მინი აბების გამოყენება შესაძლებელია ისეთ შემთხვევებშიც, როცა კომბინირებული აბები, ესტროგენების შემცველობის გამო, უკუნაჩვენებია ან მომხმარებელს არ სურს, მაგალითად 35 წელს ზევით ასაკის მწეველი ქალბატონები, მეძუძური დედები. მინი აბების მიღება ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს არის აუცილებელი. დროის გადაცილების შემთხვევაში ეფექტი იკარგება. ეფექტი ასევე შეიძლება დაიკარგოს ღებინების, ფაღარათის, ანტიბიოტიკების ან სხვა პრეპარატების მიღების დროს. ასეთ შემთხვევებში დამატებით სხვა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებაა საჭირო. მინი აბების გვერდით ეფექტებიდან აღსანიშნავია არარეგულარული მენსტრუალური ციკლის გამოწვევა.

 

ჩასახვის საწინააღმდეგო ინექცია

ინექცია ჰორმონ პროჟესტერონს შეიცავს და 12 კვირის ინტერვალით კეთდება. ინექციის შემდეგ ორგანიზმში თანდათან გამოთავისუფლებული პროჟესტერონი გახანგრძლივებულ ეფექტს უზრუნველყოფს და ამ მეთოდის ძირითადი უპირატესობაც სწორედ პრეპარატის ყოველდღიური მიღების აუცილებლობისაგან მომხამრებლის გათავისუფლებაა. მეთოდის ეფექტურობა 99%-ია.  მისი გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევებშიც, როცა კომბინირებული აბების მიღება ესტროგენების შემცველობის გამო უკუნაჩვენებია ან მომხამრებელს არ სურს, მაგალითად 35 წელს ზევით ასაკის მწეველი ქალბატონები. მეთოდის უარყოფით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ინექციისათვის მომხმარებელმა აუცილებლად სამედიცინო პერსონალს უნდა მიმართოს და გარდა ამისა, ინექციის შემდეგ გვერდითი მოვლენების შემთხვევაში პრეპარატის მოხსნა შეუძლებელია. აღნიშნული მეთოდის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ შვილოსნობა მაშინათვე არ აღდგება, არამედ გარკვეული პერიოდის შემდეგ. ინექციებმა შესაძლოა არარეგულარული მენსტრუალური სისხლდენა გამოიწვიოს.

 

დასაკრავი პლასტირი

დასაკრავი პლასტირი კანზე მაგრდება. ის ჰორმონებს: ესტროგენსა და პროჟესტერონს შეიცავს, რომელიც კანიდან თანდათან შეიწოვება. მეთოდის უპირატესობა გახანგრძლივებული მოქმედება და პრეპარატის ყოველდღიურად მიღების აუცილებლობის არარსებობაა. პლასტირი კვირაში მხოლოდ ერთხელ მაგრდება კანზე. ასე გრძელდება 3 კვირა, მომდევნო ერთი კვირა კი შესვენება კეთდება. მეთოდის ეფექტურობა 99%-ია. ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტის შეწყვეტა ნებისმიერ მომეტში არის შესაძლებელი პლასტირის მოცილების გზით. მეთოდი შეუფერებელია მაღალი არტერიული წნევის მქონე, 35 წელზე მეტი ასაკის მწეველი ქალბატონებისა და მეძუძური დედებისთვის. გარკვეული მედიკამენტების მიღების შემთხვევაში მეთოდის ეფექტურობა მცირდება და ჩასახვის საწინააღმდეგო სხვა საშუალებების დამატების აუცილებლობა იქმნება. მეთოდი ჩასახვის საწინააღმდეგო აბებთან შედარებით ძვირადღირებულია.

ვაგინალური (საშოს) რგოლი

ეს არის დრეკადი რგოლი, რომელიც საშოში იდგმება და ჰორმონებს: ესტროგენსა და პროჟესტერონს გამოათავისუფლებს. აღნიშნული ჰორმონები საშოდან თანდათან შეიწოვება და გახანგრძლივებულ ეფექტს ახდენს. საშოს რგოლი თვეში ერთხელ იდგმება 3 კვირით და მომდევნო 1 კვირის განმავლობაში ამოღებულია. მეთოდის ეფექტურობა 99%-ია. საშოს რგოლი შეუფერებელია მაღალი არტერიული წნვის მქონე, 35 წელზე მეტი ასაკის მწეველი ქალბატონებისა და ძუძუთი მკვებავი დედებისთვის. გარკვეული მედიკამენტების მიღების შემთხვევაში მეთოდის ეფექტურობა მცირდება და ჩასახვის საწინააღმდეგო სხვა საშუალებების დამატების აუცილებლობა იქმნება. მეთოდი ჩასახვის საწინააღმდეგო აბებთან შედარებით ძვირადღირებულია.

ამრიგად, ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონალური საშუალებების საკმაოდ დიდ არჩევანი არსებობს. მეთოდის შერჩევა თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად ხდება და ძირითადად, მომხამარებლის ასაკს, მის მდგომარეობას, ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტის ხანგრძლივობაზე მოთხოვნასა და სხვა ფაქტორებს ეფუძნება.  სწორი არჩევანის გასაკეთებლად მნიშვნელოვანია ექიმთან კონსულტაციის გავლა.

ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების უეფექტობის ან დაუცველი სქესობრივი აქტის შემთხვევაში არსებობს გადაუდებელი კონტრაცეფციის მეთოდი. ეს უკანასკნელი გადაუდებელი ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღებას ან სპილენძით დაფარული საშვილოსნოსშიდა მოწყობილობის ჩადგმას გულისხმობს. აბები სქესობრივი აქტის შემდეგ 3-5 დღის განმავლობაში მიიღება (ხანგრძლივობა თავად პრეპარატის სახეობაზეა დამოკიდებული), ხოლო საშვილოსნოს შიდა მოწყობილობა სქესობრივი აქტის შემდეგ 5 დღის ვადაში უნდა ჩაიდგას. ვადების დაცვის შემთხვევაში გადაუდებელი კონტრაცეფცია, როგორც წესი, ეფექტურია. 

allmedic