
ბარიატრიული ქირურგია იმ ქირურგიულ პროცედურათა საერთო სახელწოდებაა, რომელიც ჭარბწონიანობის სამკურნალოდ გამოიყენება. მას იმ შემთხვევაში მიმართავენ, თუკი წონის კლების სხვა საშუალებები - დიეტა, ვარჯიში არაეფექტურია. ქირურგიული ოპერაციების რამოდენიმე სახე არსებობს და ისინი ერთმანეთისაგან ტექნიკით განსხვავდებიან, მაგრამ ოპერაციის პრინციპი და მიზანი საერთოა: უნდა შემცირდეს კუჭის ტევადობა, რათა მიღებული საკვები რაოდენობა შეიზღუდოს ან მოხდეს წვრილი ნაწლავების სიგრძის შემცირება, რათა მცირე რაოდენობით საკვები ნივთიერებები შეიწოვოს ან ორივე ერთად.
ბარიატრიული ქირურგიის ჩატარებას საჭიროებენ პირები, რომელთაც აქვთ:
იშვიათად ქირურგიული ოპერაცია ისეთ პირებშიც შეიძლება დაინიშნოს, სადაც სხეულის მასის ინდექსი 30-34, თუკი ჭარბი წონა ჯანმრთელობის მხრივ სერიოზულ პრობლემებთან არის კავშირში.
მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ჭარბი წონის მკურნალობის ეს მეთოდი მხოლოდ ქირურგიული პროცედურის ჩატარებით არ მთავრდება. შედეგის მისაღებად და შესანარჩუნებლად აუცილებელი პირობაა ოპერაციის შემდგომ კვებისა და ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლა. თუ პაციენტმა ეს არ გააცნობიერა და განახორციელა, ქირურგიული ოპერაციის უშედეგობის რისკი მაღალია. ეს კი ნამდვილად უპასუხისმგებლო ქმედება იქნებოდა, ვინაიდან ქირურგიული ოპერაცია, თავის მხრივ, გარკვეულ რისკებთან და საკმაოდ დიდ ხარჯთან არის დაკავშირებული. პროცედურის ჩატარებიდან უმოკლეს ვადაში არსებობს სისხლდენის, თრომბოზის, სუნთქვის გაძნელების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან გაჟონვის განვითარების საფრთხეები. მოგვიანებით კი შესაძლოა ნაწლავების დახშობა (ობსტრუქცია), საკვების არასაკმარისად მონელება და ფაღარათი, გულისრევა, ღებინება, სისხლში შაქრის დონის კლება, ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადება, თიაქარი, წყლული და იშვიათად, სიკვდილიც კი განვითარდეს.
ქირურგიული ოპერაცია ტრადიციული ქირურგიული ჩარევის სახით ან ლაპარასკოპიული მეთოდის გამოყენებით ტარდება. ეს უკანასკნელი ნაკლებად ტრავმულია, ვინაიდან დიდი ზომის განაკვეთის გარეშე, მცირე მილის სახის ინსტრუმენტის - ლაპარასკოპის გამოყენებით ხორციელდება. მოწყობილობის წვერზე დამაგრებული კამერით პროცედურაზე მეთვალყურეობა მუცლის ღრუს გაკვეთის გარეშე არის შესაძლებელი. მიუხედავად ლაპარასკოპიული პროცედურის უპირატესობისა, ატრავმულობის თვალსაზრისით, ყველა შემთხვევაში მისი გამოყენება ვერ ხერხდება.
ისევე როგორც ოპერაციამდე, ოპერაციის შემდგომ პაციენტი პროტოკოლის შესაბამის მოვლას საჭიროებს. საკვების მიღება პროცედურიდან 2 დღის შემდეგ იწყება და შემდეგი 12 კვირის განმავლობაში სპეციფიურ დიეტას მოითხოვს. ეს უკანასკნელი ჯერ მხოლოდ სითხეების მიღებას და შემდგომ თანდათან ნახევრად-მყარ და ჩვეულებრივ, მყარ საკვებზე გადასვლას გულისხმობს. ამის შემდეგ კი, როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, კვების რეჟიმი და ცხოვრების სტილი შეცვლილი სახით უნდა წარიმართოს. ბარიატრიული ქირურგიის შედეგი, ერთის მხრივ, შერჩეული ოპერაციის სახეზე და მეორეს მხრივ, სწორედ რომ პაციენტის მიერ ოპერაციის შემდგომ განხორციელებულ ცხოვრების სტილის ცვლილებაზეა დამოკიდებული. სწორად წარმართული მკურნალობის შემთხვევაში პაცინტმა ორი წლის განმავლობაში ჭარბი წონის ნახევარი შეიძლება დაიკლოს. წონის კლებასთან ერთად ქირურგიული ოპერაციის შედეგი თანმხლები ჯანმრთელობის პრობლემების (შაქრიანი დიაბეტი, ღამის აპნოე, არტერიული წნევის მატება) შემსუბუქება და ასევე ყოველდღიური აქტივობის და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა.
ბარიატრიული ქირურგიის უშედეგობის მიზეზი თავად ქირურგიული ოპერაციის წარუმატებლობა ან ოპერაციის შემდგომ ცხოვრების წესის ცვლილების განუხორციელებლობა შეიძლება იყოს.
ამრიგად, ბარიატრიული ქირურგია ჭარბწონიანობის მკურნალობის მნიშვნელოვანი მეთოდია იმ პირებში, სადაც მკურნალობის სხვა საშუალებები არაეფექტურია. მეთოდის ეფექტურობა მაღალია, მაგრამ ამისათვის ქირურგიული ოპერაციის წარმატებით განხორციელებასთან ერთად პაციენტის მხრიდან ძალისხმევა და ცხოვრების წესში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა აუცილებელია.