
ფიზიოლოგიური მშობიარობა ბავშვის დაბადების ბუნებრივი გზაა, რომელიც დაკავშირებულია ფიზიკურ და ემოციურ დაძაბულობასთან. აქედან გამომდინარე ძალზედ მნიშვნელოვანია მშობიარობის წინა კურსების გავლა და გინეკოლოგის კონსულტაცია. მომავალი დედა აქტიურად უნდა ემზადებოდეს მშობიარობისათვის, აკეთებდეს სპეციალურ ფიზიკურ თუ სუნთქვით ვარჯიშებს. როდესაც ორსული მომზადებულია, როგორც ფიზიკურად ისე ფსიქოლოგიურად, მშობიარობის შიშს და ტკივილს იოლად გადალახავს. მშობიარობასთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ ინფორმირებულ ორსულს თავად შეუძლია მართოს მდგომარეობა, რითიც აქტიურად ეხმარება როგორც ბავშვს ასევე მეან-გინეკოლოგს მშობიარობის პროცესის სწორ და გართულებების გარშე წარმართვაში.
ფიზიოლოგიური მშობიარობა შედგება სამი ეტაპისაგან :
I ეტაპი - ძირითადი, ყველაზე ხანგრძლივი ფაზაა. ამ პერიოდში ხდება საშვილოსნოს ყელის გახსნა და ნაყოფი იწყებს სამშობიარო გზებში მოძრაობას. პერიოდი იყოფა ორ ეტაპად: ადრეული ეტაპი და აქტიური ფაზა. თავდაპირველად იწყება საშვილოსნოს რეგულარული შეკუმშვა რომელიც დასაწყისში სუსტი, შემდგომ უფრო ძლიერი ხასიათისაა, თან ახლავს ტკივილი მუცლის ქვედა არეში და წელის მიდამოში. პირველი სამშობიარო შეტევები გრძელდება 10-12 წმ, 10-15 წუთიანი ინტერვალით. საშვილოსნოს ყელის გაფართოებისას შეინიშნება ყავისფერი გამონადენი, რომელიც ხშირად შეიცავს სისხლის მინარევებს (37-40 კვირის პერიოდში) - ეს ლორწოვანი საცობია, რომელიც ფარავს საშვილოსნოს ყელის ხვრელს და ერთგვარ დამცავ ფუნქციას ასრულებს, იცავს რა საშვილოსნოს ინფექციური გართულებებისგან. (თუკი ლორწოვანი საცობი მშობიარობის სავარაუდო ვადამდე ორი კვირით ადრე მოსცილდა, აუცილებელია შეატყობინოთ მკურნალ გინეკოლოგს). მშობიარობა ხშირად სანაყოფე წყლების დაღვრით იწყება. არ შეიძლება უწყლო პერიოდის გახანგრძლივება, რადგან იზრდება საშვილოსნოს და ნაყოფის ინფიცირების რისკი. ამ დროს უნდა მიმართოთ მეან-გინეკოლოგს. ორსულთა უმრავლესობისათვის მშობიარობის ადრეული ეტაპი დისკომფორტს არ წარმოადგენს, ბევრი მათგანი აგრძელებს აქტიურ, ჩვეულ ქმედებებს.
შემდგომ იწყება აქტიური ფაზა, როდესაც მუცლის ტკივილი (შეტევები) ხდება ძლიერი, ინტენსიური, მცირე ინტერვალებით (ინტერვალი 5 წთ-მდე მცირდება). ზოგჯერ აღინიშნება ღებინების შეგრძნება. რეგულარული სამშობიარო მოქმედებების დაწყებიდან საშვილოსნოს ყელის სრულ გახსნამდე დრო საშუალოდ 6-12 სთ-ს შეადგენს. ეს პერიოდი ინდივიდუალურია, თანდათანობით იხსნება საშვილოსნოს ყელი (მშობიარობის განმავლობაში საშვილოსნოს ყელი ფართოვდება 10 სმ-მდე). ამ დროს ბავშვის თავი ეშვება მცირე მენჯში. მნიშვნელოვანია მშობიარისთვის სწორი პოზის შერჩევა, რათა მაქსიმალურად შეუმსუბუქდეს ტკივილი, არანაკლებ მნიშვნელოვანია სუნთქვის სწორი მართვა.
II -ჭინთვების პერიოდი, რომელიც გრძელდება რამდენიმე წუთიდან 1-2 საათამდე. ხასიათდება ძლიერი და ხშირი შეტევებით, რომელიც გამოწვეულია მენჯის კუნთების და მუცლის პრესის შეკუმშვით, რის შემდეგაც ხდება ნაყოფის გამოძევება. ჭინთვების პერიოდის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჭინთვის სიძლიერესა და ბავშვის წონაზე. მნიშვნელოვანია მეან-გინეკოლოგის რჩევების გათვალისწინება და სუნთქვის სწორი მართვა, რომელიც მშობიარეს ეხმარება ტკივილის გადალახვაში.
III - პლაცენტის (სანაყოფე გარსი) გამოძევების პერიოდი. ბავშვის დაბადებიდან 10-15 წუთის შემდეგ ხდება. ამ დროს აღინიშნება სუსტი შეტევები, საშვილოსნო აგრძელებს შეკუმშვას, მეან-გინეკოლოგი მუცლის ქვედა ნაწილში მსუბუქი მასაჟის დახმარებით ახდენს საშვილოსნოს შეკუმშვის სტიმულირებას და პლაცენტის გამოძევებას. ეს უმტკივნეულო პროცესია. მოწმდება პლაცენტის მთლიანობა. ნებისმიერი დარჩენილი ფრაგმენტი უნდა იყოს გამოძევებული სისხლდენის და ინფექციის რისკის შემცირებით მიზნით.
მას შემდეგ როცა გადაიჭრება ჭიპლარი, პლაცენტა, სანაყოფე გარსი და ჭიპლარის ღერო იგზავნება ჰისტოლოგიურ გამოკვლევაზე. მშობლების სურვილის შემთხვევაში ჭიპლარის ღეროვანი უჯრედები ინახება სპეციალურ ბანკში.
მშობიარობის ყველა ეტაპის დროს მნიშვნელოვანია იპოვოთ მოსახერხებელი პოზა. პირველი ეტაპის დროს, როდესაც საშვილოსნოს ყელი იხსნება უმჯობესია ზურგზე არ დაწვეს მშობიარე, რადგან მოვლითი ტკივილები ძლიერდება, სასურველია სიარული.
ფიზიოლოგიური მშობიარობისას ხშირ შემთხვევაში მიმართავენ გაუტკივარებას. დღესდღეისობით უპირატესობა ენიჭება რეგიონულ გაუტკივარებას (ეპიდურული ანესთეზია). ამ დროს მშობიარე კონტაქტური და მართვადია. რეგიონული ანესთეზიის დროს მგრძნობელობა მხოლოდ განსაზღვრულ ნაწილში ითიშება.
მიუხედავად იმისა, რომ მშობიარობა ყველა პერიოდის გათვალისწინებით მოიცავს სირთულეებს, ბავშვის დაბადებისთანავე დედას სრულად ავიწყდება ყველა გადატანილი ტკივილი. გართულებების თავიდან ასაცილებლად კი აუცილებელია ორსულობა მიმდინარეობდეს გინეკოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ, რათა ზუსტად განისაზღვროს ორსულობისა და მშობიარობის რისკ-ფაქტორები, რომელზეც დამოკიდებულია მშობიარობის პროცესის მართვის ტაქტიკა.