ალერგიები - კვებითი, მტვერი, მცენარე
ალერგიები - კვებითი, მტვერი, მცენარე
allmedic
ალერგიები - კვებითი, მტვერი, მცენარე
ალერგიები - კვებითი, მტვერი, მცენარე

ალერგია ეს არის ორგანიზმის იმუნური სისტემის პასუხი უცხო სხეულზე. იმუნური სისტემა გამოიმუშავებს ანტისხეულებს - იმუნოგლობულინ E -ს (IgE), რომელიც იცავს ორგანიზმს უცხო სხეულისაგან. ალერგიული რეაქციის გამომწვევ ანტიგენს ალერგენი ეწოდება. ალერგია ყველაზე ხშირად ვლინდება სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი სისტემების დაავადებების, კანზე გამონაყრისა  (დერმატოზების) და ანაფილაქსიური შოკის სახით.

ალერგიის განვითარებაში გარკვეულ როლს გენეტიკური წინასწარ განწყობა განაპირობებს. ბავშვთა ასაკში უფრო ხშირია ალერგიული რეაქციები ვიდრე მოზრდილებში.

სიმპტომები

ალერგიის სიმპტომები დამოკიდებულია გამომწვევზე.  ყოველი ცალკეული ალერგენი (საკვები, მტვერი, მცენარე თუ სხვა) შეიძლება გახდეს მთელი რიგი სიმპტომების გამომწვევი. თუმცა ალერგიული რეაქციის გამოვლენა დამოკიდებულია თითოეულ ადამიანზე და  სიმპტომები შესაძლებელია ვარირებდეს მსუბუქი ფორმიდან, სიცოცხლისათვის საშიშ ფორმამდე, როგორიცაა ანაფილაქსიური შოკი.

კვებითი ალერგია - ძირითადად ვითარდება საკვების მიღებიდან, რამდენიმე წუთიდან ორი საათის განმავლობაში. კვებით ალერგიას ძირითადად იწვევს რძე და რძის პროდუქტები, კვერცხი, თხილი, არაქისი, თევზის ზოგიერთი სახეობა, ხილი და სხვა. ამ დროს  აღინიშნება პირის ღრუში ჩხვლეტის შეგრძნება, ტუჩების, ენის, სახის და საყლაპავის შეშუპება, კანის სიწითლე ან გამონაყარი (ჭინჭრის ციება), მსტვინავი სუნთქვა, დახშული ცხვირი, სუნთქვის გაძნელება, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, გულისრევის შეგრძნება ან ღებინება, თავბრუსხვევა, კანზე გამონაყარი, შესაძლებელია განვითარდეს ანაფილაქსიური შოკი.

ისეთი ალერგენი როგორიცაა -  მტვერი (ოთახის მტვრის ტკიპა, მცენარის მტვერი) ხვდება სასუნთქი სისტემის, თვალის, პირის ღრუს ლორწოვან გარსზე და  ძირითადად იწვევენ სასუნთქი სისტემის ალერგიას. ვითარდება -  ალერგიული რინიტი , რომელიც ხასიათდება ცემინებით, ცხვირის, თვალის და სასის ქავილით,  სურდოთი, ცხვირის დახშობით; პოლინოზი  (მცენარეული ალერგია)  ვლინდება ძირითადად თვალების ირგვლივ შეშუპებით და სიწითლით (კონიუქტივიტი), რინიტით და ასთმის სიმპტომოკომპლექსით; ბრონქული ასთმა  (ბრონქების ლორწოვანის ანთება) - ხასიათდება მოხრჩობისა და ჰაერის უკმარისობის შეგრძნებით, მსტვინავი სუნთქვით, მშრალი ხველით, ქოშინით.

allmedic