
თამბაქოს მავნებლობა საყოველთაოდ ცნობილი და დადგნილი ფაქტია. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მწეველობა 5-დან 1 შემთხვევაში სიკვდილის გამომწვევი მიზეზია გამომდინარე იქიდან, რომ ის შინაგანი ორგანოების ავთვისებიან ან სხვა ქრონიკულ დაავადებებს იწვევს. საყურადღებოა, რომ ეს საფრთხე არამარტო უშუალოდ მწეველებს, არამედ მათ გარემოცვაში მყოფ პირებსაც, ანუ პასიურ მწევლბსაც ემუქრებათ, ვინაიდან ჰაერში არსებული სიგარეტის კვამლის ქრონიკულად შესუნთქვა არანაკლებ საზიანოა. მიუხედავად ამ სავალალო მონაცემებისა, თამბაქოს მწეველთა რიცხვი კლების ტენდენციას ნამდვილად არ ავლენს. ამის მიზეზი კი სიგარეტისადმი ძლიერი დამოკიდებულება ან ზემოთ აღნიშნული საფრთხეების გაუცნობიერებლობაა.
რა იწვევს თამბაქოსადმი დამოკიდებულებას?
თამბაქოს შემადგენლობაში შემავალი ნივთიერება - ნიკოტინი მოწევისთანავე ხვდება სისხლში და სისხლის საშუალებით ტვინს აღწევს. ნიკოტინი, ერთის მხრივ, ნივთიერება - ადრენალინის გამომუშავებას ასტიმულირებს, რომელიც ნერვული სისტემის აგზნებას, არტერიული წნევის, გულისცემისა და სუნთქვის სიხშირის მატებას იწვევს, მეორეს მხრივ, კი ნივთიერება - დოფამინს ააქტივებს. სწორედ ეს უკანაკსნელია პასუხისმგებელი მოწევის დროს სიამოვნების შეგრძნებასა და თამბაქოსადმი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაზე. ასევე დადგენილია, რომ თამბაქოში არის სხვა ნივთიერებებიც, მაგალითად, აცეტალდეჰიდი, რომელიც ნიკოტინის ზემოთ აღნიშნულ ეფექტს და შესაბამისად, თამბაქოსადმი დამოკიდებულებას კიდევ უფრო ამძაფრებს.
ამრიგად, მოწევა სიამოვნების შეგრნებას იწვევს, ქრონიკულ მწეველებში მისი შეწყვეტა კი არასასიამოვნო სიმპტომებთან ასოცირდება: გაღიზიანებადობა, ყურადღების კონცენტრირების დარღვევა, ძილის მოშლა, მომატებული მადა. ყოველივე ეს მოწევის ძლიერ სურვილს ბადებს და ადამიანს თამბაქოზე დამოკიდებულს ხდის.
რა საფრთხეს უქმნის თამბაქო ადამიანის ჯანმრთელობას?
როგორც ზემოთ იყო აღწერილი, თამბაქოში შემავალი ნიკოტინი ადრენალინის სტიმულაციის გზით არასასურველ გავლენას ახდენს ნერვული, გულსისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების მუშაობაზე. თუმცა აღსანიშნავია, რომ ძირითადი საფრთხეები არა ნიკოტინს, არამედ თამბაქოს კვამლში შემავალ სხვა ქიმიურ ნივთიერებებს უკავშირდება. ეს ნივთიერებებია: ნახშირბადის მონოქსიდი, კუპრი, ფორმალდეჰიდი, ციანიდი და სხვა. სწორედ მათ აქვთ კანცეროგენული თვისებები, ანუ ავთვისებიანი სიმსივნის გამოწვევის უნარი. ავთვისებიანი სიმსივნის შემთხვევათა 1/3, მათ შორის ფილტვის კიბოს შემთხვევათა 90%, სწორედ მწეველობას უკავშირდება. ზემოთ ჩამოთვლილი ნივთიერებები ასევე პასუხისმგებელია სასუნთქი სისტემის ქრონიკულ დაავადებების, მაგ: ბრონქიტი, გულის ქრონიკული დაავადებების, ინსულტის, ინფარქტის, ანევრიზმის განვითარებაზე. მწველებში ასევე მაღალია ლეიკემიის, კატარაქტის, ფილტვების ანთების სიხშირე. მწეველთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 10 წლით ნაკლებია არამწეველებთან შედარებით. ორსულ ქალებში მწეველობა აბორტის, ნაადრევი მშობიარობისა და მკვდრადშობადობის საშიშროებას ზრდის. გარდა ამისა, ორსულობის დროს დედის მიერ დღეში ერთი კოლოფი სიგარეტის მოხმარება შვილებში სიგარეტისადმი დამოკიდებულების განვითარების რისკს აორმაგებს. მწეველი დედის შვილებში ასევე ხშირია სწავლისა და ქცევის პრობლემები.
ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებოა ის ფაქტიც რომ საფრთხის ქვეშ არა მხოლოდ თამბაქოს მომხმარებლების, არამედ პასიური მწეველების სიცოცხლე და ჯანმრთელობაც დგება. პასიური მწეველობა 25-30%-ით ზრდის გულის დაავადებების და 20-30%-ით ფილტვის კიბოს სიხშირეს. პასიურ მწეველებში ხშირია ხველა, ნახველის ჭარბი წარმოქმნა, ფილტვის ფუნქციის დაქვეითება, ფილტვების ანთება და ბრონქიტი. ბავშვთა ასაკში კი ის ყურის ინფექციის, ასთმის, სასუნთქი გზების ინფექციისა და ჩვილ ბავშვთა უეცარი სიკვდილის მომატებულ სიხშირესთან ასოცირდება.
არსებობს თუ არა ეფექტური საშუალებები თამბაქოსათვის თავის დასანებებლად?
მართალია სიგარეტისათვის თავის დანებება რთული პროცესია, მაგრამ როგორც ხედავთ, სარგებელი სამედიცინო თვალსაზრისით ნამდვილად მნიშვნელოვნია. არსებობს მკურნალობის ქცევითი და მედიკამენტური მიდგომები.
ქცევითი თერაპია კონსულტაციების გზით ადამიანის ქცევაზე ზემოქმედებას გულისხმობს. რაც შეეხება მედიკამენტურ მკურნალობას, ის ნიკოტინურ და არანიკოტინურ საშუალებებს მოიცავს. ნიკოტინური, ანუ ნიკოტინის ჩამანაცვლებელი პრეპარატები საღეჭი რეზინის, კანზე დასაკრავი, ცხვირში შესასხურებელი ან საინჰალაციო ფორმით არსებობს. აღნიშნული საშუალებები მწეველს დოზირებულ რაოდენობით ნიკოტინს აწვდის, რათა მოწევის შეწყვეტის პროცესში შემაწუხებელი სიმპტომები არ განვითარდეს. აღნიშნული პრეპარატები განსაკუთრებით ეფექტური ქცევით თერაპიასთან ერთად გამოყენების შემთხვევაშია. არანიკოტინური მედიკამენტები ნიკოტინის ტვინზე ზემოქმედებას აფერხებს. შედეგად თამბაქოს მოწევა სიამოვნებას აღარ ანიჭებს ადამიანს და მოწევის სურვილი უქრება.
ამჟამად მეცნიერები აქტიურად მუშაობენ მკურნალობის ახალ მეთოდებზე, მათ შორის ნიკოტინის ვაქცინაზე, რომელიც ორგანიზმზე ნიკოტინის მოქმედების ბლოკირებას მოახდენს.
ამრიგად, თამბაქოსადმი დამოკიდებულება ქრონიკული დაავადებაა. მისგან თავის დაღწევა სერიოზულ ძალისხმევას საჭიროებს, მაგრამ ის აბსოლიტურად მიღწევადია. მნიშვნელოვანი ნაბიჯი წარმატებისკენ არის იმ საშიშროებების ნათლად გაცნობიერება, რომლის წინაშეც არამარტო საკუთრივ თამბაქოს მომხმარებელი, არამედ მისი გარშემომყოფები, ოჯახის წევრები თუ მეგობრები დგანან.