ხელოვნური განაყოფიერება („ინ ვიტრო“ ფერტილიზაცია)
ხელოვნური განაყოფიერება („ინ ვიტრო“ ფერტილიზაცია)
allmedic
ხელოვნური განაყოფიერება („ინ ვიტრო“ ფერტილიზაცია)
ხელოვნური განაყოფიერება („ინ ვიტრო“ ფერტილიზაცია)

უნაყოფობის დიაგნოზი იმ შემთხვევაში ისმება, თუ  1 წლის განმავლობაში წყვილს შორის დაუცველი სქესობრივი ურთიერთკავშირის ფონზე განაყოფიერება არ მოხდა. უნაყოფობა წყვილთა დაახლოებით 10-15%-ს აღენიშნება.

უნაყოფობის სამკურნალო საშუალებებს შორის არის ხელოვნური განაყოფიერების მეთოდი ე.წ. „ინ ვიტრო“ განაყოფიერება, რომელსაც უნაყოფო წყვილების დაახლოებით 5% მიმართავს. ეს მეთოდი გასული საუკუნის 80-იან წლებში დაინერგა და დღესდღეისობით მისი გამოყენებით უკვე დაახლოებით 4 მილიონზე მეტი ბავშვია დაბადებული.

„ინ ვიტრო“ ფერტილიზაციის ჩატარების საჭიროება დგება იმ შემთხვევაში, თუკი ქალს დახშული აქვს საშვილოსნოს ლულები, აქვს ენდომეტრიოზი (საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის გადაგვარება), არის სპერმის მხრივ პრობლემები (ის მწირი ან არასაკმარისად აქტიურია), ან მკურნალობის სხვა მეთოდები (მათ შორის, საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია, ანუ სპერმის ხელოვნურად შეყვანა საშვილოსნოში) უკვე მოსინჯული და უეფექტოა.

„ინ ვიტრო“ ფერტილიზაციის დროს კვერცხუჯრედის განაყოფიერება საშვილოსნოს გარეთ, ლაბორატორიის პირობებში ხდება და განაყოფიერებული კვერცხუჯრედი საშვილოსნოში ინერგება. შესაძლოა პირველი მცდელობა, ანუ სამკურნალო ციკლი წარუმატებელი აღმოჩნდეს და ციკლის განმეორებითი ჩატარება გახდეს საჭირო. სამკურნალო ციკლი იწყება მოსამზადებელი პერიოდით, როდესაც ქალს ბინაზე გასაკეთებლად ენიშნება ჰორმონ- გონადოტროპინის ინექციები. ეს აუცილებელია საკვერცხეში კვერცხუჯრედების მოსამწიფებლად. შემდეგ ტარდება ქირურგიული პროცედურა ზოგადი ანესთეზიის ქვეშ, რომლის დროსაც მომწიფებული კვერცხუჯრედების ამოღება ხდება. მიღებული კვერცხუჯრედის განაყოფიერება პარტნიორის სპერმით ლაბორატორიის პირობებში ხდება და 3-5 დღის შემდეგ წარმოქმნილი ემბრიონი ისევ ქალის საშვილოსნოში ინერგება. ჩასანერგი ემბრიონების რაოდენობაზე გადაწყვეტილება პაციენტისა და ექიმის მიერ ერთობლივად მიიღება ქალის ასაკისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ერთი ციკლის დროს ჩანერგილი ემბრიონების რაოდენობა 1-დან 4 მდე მერყეობს. ჩანერგვის პროცედურა ხორციელდება საშვილოსნოს ყელიდან სპეციალური კათეტერის საშუალებით. ეს უკანასკნელი მენჯის ღრუს გასინჯვის პროცედურას ჰგავს და ანესთეზას არ საჭიროებს. პროცედურის შემდეგ დაახლოებით 1 საათის განმავლობაში პაციენტი მოსვენების მდგომაეობაში უნდა იყოს. პროცედურის შემდეგ ქალს 2 კვირის განმავლობაში ჰორმონი (პროჟესტერონი) ენიშნება ინექციის ან სანთლის სახით. 2 კვირის შემდეგ კეთდება ექოსკოპიური გამოკვლევა პროცედურის ეფექტურობის შესაფასებლად.

საჭიროების შემთხვევაში „ინ ვიტრო“ განაყოფიერება დონორის კვერცხუჯრედით , დონორის სპერმით ან ერთდროულად დონორული კვერცხუჯრედითა და სპერმით განხორციელდეს.

„ინ ვიტრო“ ფერტილიზაციის ეფექტურობა დედის ასაკსა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა მნიშვნელოვნად დამოკიდებული. ის ყველაზე მეტად წარმატებული 35 წლამდე ასაკის ქალბატონებშია. ამ შემთხვევაში ცოცხლადშობადობის სიხშირე 40-43%-ია. ქალის ასაკის მატებასთან ერთად ხელოვნური განაყოფიერების ეფექტურობა იკლებს და ის პრაქტიკულად არაეფექტურია 44 წლის ასაკის ზევით. როგორც უკვე აღნიშნული იყო ზევით, ხელოვნური განაყოფიერების დროს ერთი სამკურნალო ციკლის დროს ერთზე მეტი (1-დან 4-მდე) ემბრიონის ჩანერგვა შეიძლება მოხდეს, აქედან გამომდინარე მრავალნაყოფიანობის სიხშირე შედარებით მაღალია. შემთხვევათა 63%-ში ერთი ნაყოფი ვითარდება, შემთხვევათა 32%-ში ტყუპები ჩნდება, ხოლო 5%-ში კი - 3 ან მეტი ტყუპი. ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ „ინ ვიტრო“ განაყოფიერების გზით დაბადებულ ბავშვთა ჯანმრთელობის მდგომარეობა არაფრით განსხვავდება ბუნებრივი გზით ჩასახული ბავშვების ჯანმრთელობისაგან, თუმცა არის სხვა კვლევებიც, რომლებიც ინ ვიტრო ფერტილიზაციის გზით გაჩენილ ბავშვებში გენეტიკური პათოლოგიის ოდნავ მაღალ სიხშირეს აჩვენებს. უფრო მეტად საფრთხილო თავად ორსულობის მიმდინარეობაა. ის უფრო მეტ საფრთხეებთან არის დაკავშირებული, ვიდრე ბუნებრივი ჩასახვის შედეგად მიმდინარე ორსულობა. ეს, ერთის მხრივ, მრავალნაყოფიანობას უკავშირდება და მეორეს მხრივ, ის თანმხლები დაავადებები უფრო მაღალ სიხშირეს, რომლებიც თავად უნაყოფობასაც უდევს საფუძვლად.

მიუხედავად სირთულეებისა, გარკვეული რისკებისა და ძვირადღირბული ფასისა, „ინ ვიტრო“ განაყოფიერება დღესდღეობით შვილოსნობის მიღწევის ყველაზე რეალურ საშუალებას წარმოადგენს იმ წყვილთათვის, ვისთვისაც მკურნალობის სხვა მეთოდები უშედეგო აღმოჩნდა.

allmedic