
დამწვრობა - ეს არის ორგანიზმზე თერმული, ქიმიური, ელექტრო, სხივური თუ სხვა სახის ზემოქმედებით განვითარებული დაზიანება. თუმცა ყველაზე ხშირი შემთხვევა სითხით დამწვრობაა. დამწვრობის მკურნალობა დამოკიდებულია ტრამვის სიძლიერეზე და ლოკალიზაციაზე. მსუბუქი დამწვრობა შესსაძლებელია მოვლილი იქნეს სახლის პირობებშიც, ხოლო ღრმა და ფართო დამწვრობა საჭიროებს სამედიცინო ყურადღებას.
სითხით დამწვრობისას არჩევენ სამი ხარისხის დამწვრობას :
პირველი ხარისხის დამწვრობისას - ზიანდება მხოლოდ კანის ზედა შრე (ეპიდერმისი). გამოხატულია სიწითლე, შეშუპება და ტკივილი. ხორცდება რამდენიმე დღიდან ერთ კვირამდე.
მეორე ხარისხის დამწვრობისას - ზიანდება არა მხოლოდ ეპიდერმისი არამედ დერმაც. (ეპიდერმისის ქვედა შრე). აღინიშნება სიწითლე, თეთრი ან ლაქისებური კანი, ტკივილი და შეშუპება. შესაძლებელია გაჩნდეს ბუშტუკები - გამჭირვალე სითხის შემცველი (პლაზმა), ასეთ დროს ტკივილი უფრო მძაფრია.მეორე ხარისხის ღრმა დამწვრობისას ზოგჯერ ვითარდება ნაწიბური.
მესამე ხარისხის დამწვრობა - ვითარდება კანისა და მის ქვეშ მდებარე ქსოვილების ღრმა დაზიანება, აღწევს ცხიმოვან ქსოვილამდე. კანი გაუხეშებულია ან გადაპრიალებულია (ცვილისებური). მესამე ხარისხის დამწვრობისას შესაძლებელია დაზიანდეს ნერვები, მგრძნობელობა თითქმის დაკარგულია.
კანის დიდი და ღრმა ნაწილის დაზიანებისას შესაძლებელია განვითარდეს - სხეულის ტემპერატურის დაქვეითება; სისხლძარღვების დაზიანება რაც იწვევს სითხის დაკარგვას; ნაწიბურების წარმოქმნა; აღინიშნება ძვალ-სახსროვანი სისტემის მოძრაობის შეზღუდვა. დამწვრობისას ხშირად ვითარდება ინფექცია. იზრდება სეფსისის რისკი, რომელიც სწრაფად პროგრესირდება და შესაძლებელია განვითარდეს შოკი ან ორგანოების უკმარისობა.
დამწვრობის მოვლა და მკურნალობა :
მკურნალობა და პროცედურები დამოკიდებულია დაზიანების ხარისხზე და ლოკალიზაციაზე. სითხით დამწვრობისას ტკივილის თავიდან აცილების მიზნით უპირველეს ყოვლისა უმჯობესია დაზიანებული ტანსაცმლის შემოჭრა.
I-II ხარისხის დამწვრობისას პირველ რიგში გრილი გამდინარე წყლით 15-30 წუთის განმავლობაში უნდა იქნას დამწვარი ადგილის მობანა. სახლის პირობებში შესაძლებელია შემახორცებელი ანტიმიკრობული და ტკივილგამაყუჩებელი თვისებების მქონე მალამოს გამოყენება. ასევე დამამშვიდებელი ალოეს შემცველი ლოსიონის წასმა დაზიანებულ კანზე, იგი ამცირებს ტკივილს და შეშუპებას. დამწვარი ადგილი დაფარული უნდა იქნას სუფთა მშრალი დოლბანდით რათა თავიდან იქნას აცილებული ინფექციის განვითარების რისკი. რომელიც ზრდის ნაწიბურის და შრამის განვითარების რისკს.
ტკივილის შესამცირებლად შეიძლება გამოყენებული იქნას აცეტამინოფენი, იბუპროფენი, ნაპროქსენი, არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები.
III ხარისხის დამწვრობისას სიმძიმიდან გამომდინარე უნდა მიმართოთ ექიმს, სტაციონარს, რათა არ მოხდეს კანის ინფიცირება და შემდგომი გართულებების განვითარება. ხშირად ღრმა დამწვრობისას აუცილებელი ხდება ფიზიოლოგიური ხსნარის გადასხმა, რათა მოხდეს ორგანიზმის მიერ დაკარგული სითხის აღდგენა.
ბუშტუკების გახეთქვის შემთხვევაში ფრთხილად უნდა მოხდეს მკვდარი ქსოვილების მოშორება და შემდგომ ანტიბიოტიკის შემცველი მალამოს წასმა. ( ბუშტუკების ძალით გახეთქვა რეკომენდებული არაა).
ნებისმიერი ხარისხის დამწვრობისას შეხორცების შემდეგ კანი მგრძნობიარე და თხელია. კანის სწრაფი აღდგენისათვის სასურველია მზის დამცავი საცხების და ლოსიონის რეგულარული გამოყენება. ნაწიბურების დარჩენისას ან ღრმა დამწვრობისას საჭირო ხდება კანის პლასტიკა.
არაა რეკომენდებული ზეთის ან კარაქია წასმა. ყინულის დადება დაზიანებულ ადგილას (ყინულმა შესაძლებელია შეაჩეროს სისხლის მიმოქცევა და გააღრმაოს დაზიანებული ადგილი).
ამრიგად ნებისმიერი ხარისხის დამწვრობისას დახმარება აღმოჩენილი უნდა იქნას ადგილზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში აუცილებელია პაციენტის დამწვრობის ცენტრში გადაყვანა.