
ცხვირის საშუალებები ეფექტურია ზემო სასუნთქი გზების ინფექციებისა თუ ალერგიული დაავადებების დროს. ისინი წვეთების ან შესასხურებელი აეროზოლის სახით არსებობს. მოქმედების მექანიზმის მიხედვით კი 3 ჯგუფად იყოფა:
მარილის ხსნარები ურეცეპტოდ იყიდება, მათი გამოყენება სრულიად უსაფრთხოა. რაც შეეხება დანარჩენი ორი ჯგუფის პრეპარატებს (დეკონგესტანტები და სტეროიდული საშუალებები). ვინაიდან მათი მოხმარება გარკვეულ რისკთან არის დაკავშირებული, ამიტომ მიღება სასურველია ექიმის დანიშნულების საფუძველზე მოხდეს. განსაკუთრებით საყურადღებოა დეკონგესტანტები, რომელთაც შეუძლიათ არტერიული წნევის, გულისცემის სიხშირის მატება, თავბრუსხვევა ან ძილის დარღვევა გამოიწვიოს. ბავშვთა ასაკში მათი მიღება რეკომენდებული არ არის და პედიატრის კონსულტაციის გარეშე დაუშვებელია. დეკონგესტანტების ხშირი და ხანგრძლივი (3 დღეზე მეტ ხანს) გამოყენება შესაძლოა ე.წ. მედიკამენტოზური რინიტის განვითარების მიზეზი გახდეს. ასეთი შემთხვევები ძირითადად პრეპარატით ჩატარებულ თვითმკურნალობას უკავშირდება და სამწუხაროდ შემთხვევათა 50%-ში შეინიშნება.
ცხვირის დეკონგესტანტები, როგორც წესი, სწრაფად ხსნის სიმპტომებს, მაგრამ ეფექტი ხანმოკლეა - დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში გრძელდება. ეფექტის შენარჩუნების მიზნით პაციენტები ხშირად პრეპარატის გამოყენების ინტერვალს ამცირებენ. თუ პრეპარატის ხშირი გამოყენება 3 დღეზე მეტ ხანს გაგრძელდა, ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსი ზიანდება. საბოლოო ჯამში, მისი შეშუპება კიდევ უფრო ღრმავდება და გრიპის სიმპტომები, რის გამოც პაციენტი ცხვირის საშუალებებს იყენებდა, კიდევ უფრო მძიმდება. სწორედ ამ მდგომარეობას ეწოდება მედიკამენტოზური რინიტი.
მედიკმენტოზური რინიტის აღმოცენების შემთხვევაში ცხვირის წვეთების მოხმარება აუცილებლად უნდა შეწყდეს. მკვეთრად გამოხატული სიმპტომების მოსახსნელად შეიძლება სხვა ჯგუფის მედიკამეტების, კერძოდ სტეროიდული საშუალებების გამოყენებაც კი გახდეს საჭირო. ეს უკანასკნელი მხოლოდ ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება.
ამრიგად, მედიკამენტოზური რინიტის თავიდან ასაცილებლად აუცილებლად უნდა მისდიოთ ექიმის დანიშნულებას და არ გადააჭარბოთ პრეპარატის გამოყენების დასაშვებ სიხშირესა და ხანგრძლივობას. თვითმკურნალობის შემთხვევაში კი აუცილებლად გაეცანით ინსტრუქციას. გახსოვდეთ, ცხვირის წვეთების გამოყენება უმეტეს შემთხვევაში რეკომენდებულია არაუმეტეს 3 დღის განმავლობაში.