როგორ მივხვდეთ ყურის ტკივილს ბავშვში, პირველადი დახმარება
როგორ მივხვდეთ ყურის ტკივილს ბავშვში, პირველადი დახმარება
allmedic
როგორ მივხვდეთ ყურის ტკივილს ბავშვში, პირველადი დახმარება
როგორ მივხვდეთ ყურის ტკივილს ბავშვში, პირველადი დახმარება

ბავშვებში ყურის ტკივილი - ოტალგია შეიძლება გამოიწვიოს როგორც ყურისა და მასთან ანატომიურად დაკავშირებული  ორგანოების ანთებამ, როგორიცაა ევსტაქის მილი  ( მილი, რომელიც შუა ყურს ცხვირ-ხახასთან აკავშირებს )  და შუა ყურის ინფექციამ, ასევე სხვადასხვა მდგომარეობებმა.

 

არსებობს ყურის ტკივილის გამომწვევი მრავალი ფაქტორი. როგორიცაა:

•          სითხის დაგროვება დაფის აპკზე (ბანაობის შედეგად ყურში ჩასული წყალი);

•          ატმოსფერული წნევის უეცარი ცვლილებები (მთიდან დაშვება, თვითმფრინავით დაშვება);

•          ქარიან ამინდში უქუდოდ სეირნობა;

•          გარეთა სასმენ მილთან თმის ფოლიკულის ინფიცირება ან ფურუნკული;

•          ეგზემა ყურის მილთან (სებორეული დერმატიტი);

•          ყურის ტრავმა (ყურის ჩხირით ან რაიმე ბასრი საგნით);

•          ყურის დახშობა გოგირდოვანი მასით (ჯირკვლების გაძლიერებული სეკრეციის შედეგად);

•          ყელის ინფექციები (ტონზილიტი) და ზედა სასუნთქი გზების ინფექციები;

•          ყბის ან კბილის ტკივილი (ჩვილებში სარძევე კბილების ამოსვლისას);

•          სამწვერა ნერვის ან სახის ნერვის ანთება;

 

ჩვილ ბავშვებში ინფექციის და შემდგომში ტკივილის გამოწვევის კიდევ ერთი წყაროა გადაცდენილი საკვები, რომელიც იწვევს ევსტაქის მილის ბუნებრივი დრენაჟის მექანიკურ დახშობას. დაგროვილი სითხე კი წარმოადგენს ბაქტერიის გამრავლებისათვის სასურველ ნიადაგს.

 

ყურის ტკივილს ხშირად წინ უძღვის გაციება, ფიზიოლოგიურად ბავშვის ლორწოვანი გარსი ადვილად შუპდება, რთულდება ცხვირიდან და დამატებითი წიაღებიდან ექსუდატის ევაკუაცია, რაც ხელს უწყობს  სითხის (ტრანსუდატის)  დაგროვებას, რასაც მოყვება შუა ყურში წნევის ზრდა და ტკივილი. ყურის ტკივილი როგორც წესი  უეცრად აღმოცენდება, ძირითადად ღამით და შემაწუხებელი ხასიათისაა., შესაძლოა გამოხატული იყოს ერთ ან ორივე ყურში ერთდროულად.

 

სიმპტომები:

 

ყურის ტკივილის დროს ბავშვი აღგზნებულია, ტირის, საკვებზე უარს ამბობს რადგან უჭირს წოვა და ყლაპვა.  შესაძლოა გაუწითლდეს გარეთა სასმენი ხვრელი. ხშირად აღენიშნება მაღალი ტემპერატურა, ხველა და ცხვირიდან მომწვანო-ყვითელი ფერის გამონადენი.

 შესაძლებელია აღინიშნებოდეს ყურიდან გამონადენი (ყურიდან სითხის გადმოსვლამ შესაძლოა ტკივილი შეამსუბუქოს ან გააქროს, რაც დედას ყურადღების მოდუნების უფლებას არ აძლევს, ამ დროს ხდება დაფის აპკის მთლიანობის დარღვევა და წნევის შემცირების ხარჯზე ტკივილის შემცირება, მაგრამ ანთებითი პროცესი გრძელდება, რასაც ექიმის მეთვალყურეობა და შემდგომი მკურნალობა ესაჭიროება), თავის ტკივილი, სმენის პრობლემა.

 

ძნელია ტირილის მიზეზი დავადგინოთ პატარასთან, რომელიც ჯერ კიდევ ვერ ამბობს რა აწუხებს,  მას ხშირად მიაქვს  მტკივან ყურთან ხელი. ტკივილის მიზეზის დასდაგენად მშობელს შეუძლია ფრთხილად დააწვეს ჯერ ერთ, შემდეგ მეორე ყურს, ამ მანიპულაციის ჩატარებისას ყურის ტკივილის შემთხვევაში  ბავშვი ტირილს  იწყებს ან ტირილისა და გაღიზინების ხარისხი მატულობს.

 

ყურის ტკივილის დროს აუცილებელია ექიმის კონსულტაცია, რათა მოხდეს  ყურის ტკივილის გამომწვევი მიზეზის სწორი დიფერენცირება.

მაგრამ თუ ტკივილი ღამით დაეწო პატარას ან ვერ ახერხებთ მკურნალ პედიატრთან დაკავშირებას, პირველადი დახმება მოიცავს შემდეგი სახის მკურნალობას.

მკურნალობა;

•          პირველ რიგში სიცხის და ტკივილის  მოსახსნელად აუცილებელია პარაცეტამოლი ან იბუპროფენი  ( დოზირება შეარჩიეთ ინსტრუქციის მიხედვით);

•          თბილი საფენები (თუ ყურის ტკივილთან ერთად ბავშვს აღენიშნება ყურიდან ჩირქიანი გამონადენი და მაღალი ტემპერატურა თბილი კომპრესები რეკომენდებული არაა );

•          აუცილებელია ცხვირით თავისუფალი სუნთქვის უზრუნველყოფა (გამოიყენება დეკონგესტანტები. ცხვირის წვეთების გამოყენებისას ბავშვი მოათავსეთ გვერდულად რათა წვეთები ცხვირის გავლით  მოხვდეს ევსტაქის მილში, რომელიც  ანატომიურად ბავშვში უფრო ფართოა და მოკლე);

ექიმის დანიშნულების გარეშე რეკომენდებული არაა :

•          ყურის წვეთების და სპირტის ჩაწვეთება, რამეთუ შესაძლებელია დაზიანებული იყოს  დაფის აპკი (პერფორაცია);

•          სპირტის შემცველი წვეთების გამოყენება, რადგან მათ შეუძლიათ გამოიწვიონ ლორწოვანი გარსის დამწვრობა, რომლის გამოსავალი გაცილებით რთულია - შესაძლებელია სმენის დაკარგვაც განვითარდეს;

•          ლიდოკაინის შემცველი წვეთები, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია ალერგიული რეაქციის გამოწვევის მეზეზიც გახდეს;

•          ზოგიერთი ყურის წვეთი ძლიერი ანტიბიოტიკია, მისი გამოყენება მხოლოდ პედიატრის რჩევით შეიძლება;

•          ყურების ღრმად და ხშირი წმენდა (რადგან ღიზიანდება გოგირდის ჯირკვლები და ჭარბად გამოიმუშავებს გოგირდს, რომელიც სასურველი ნიადაგია ინფექციის განვითარებისათვის);

როგორ ავარიდოთ ბავშვს ყურის ტკივილი

•          არაა რეკომენდებული ბავშვის ბოთლით კვება მწოლიარე მდგომარეობაში;

•          მოარიდეთ ხალხმრავალ ადგილებს რათა თავიდან ააცილოთ ზედა სასუნთქი გზების ინფექციები;

•          მიაჩვიეთ ბავშვი ხელების ხშირ დაბანას;

•          ბანაობის შემდეგ  ყურების კარგი გამშრალება (არა ყურის ჩხირებით);

•          მოარიდეთ თამბაქოს კვამლს;

•          ახალშობილებში ძუძუთი კვება, რადგან ბავშვი დედის რძით იღებს მზა ანტისხეულებს და ამცირებს ყურის ინფექციის განვითარების რისკს;

•          გრიპის საწინააღმდეგო სეზონური აცრები და პნევმოკოკური ვაქცინაცია, რომლებმაც შესაძლებელია შეამცირონ ყურის ინფექცია (მხოლოდ პედიატრის რეკომენდაციით);

ყურის ტკივილის დაგვიანებულმა და არასწორმა მკურნალობამ შესაძლებელია გამოიწვიოს უფრო სერიოზული გართულებები.

allmedic