ჭრილობის პირველადი მოვლა
ჭრილობის პირველადი მოვლა
allmedic
ჭრილობის პირველადი მოვლა
ჭრილობის პირველადი მოვლა

ჭრილობა, რომელიც სხვადასხვა სახისა და სიმძიმის შეიძლება იყოს, სწორ შეფასებასა და მოვლას საჭიროებს.  არასწორმა ქმედებებმა მდგომარეობის დამძიმება და გართულებები შეიძლება გამოიწვიოს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ სწორი მოვლა და  როდის არის საჭირო სამედიცინო დახმარების მოხმობა.

ბინის პირობებში მოვლას ექვემდებარება მცირე ზომის, ზედაპირული, სუფთა ჭრილობები, რომლებიც არ საჭიროებს გაკერვას, უცხო სხეულის ამოღებას და რომელსაც ინფიცირების ნაკლები რისკი აქვს. ასეთი ჭრილობის შემთხვევაში, პირველ რიგში, ხელი დაიბანეთ საპნით ან გაიწმინდეთ ანტიბაქტერიული საშუალებით (მაგ.: სპირტით) და მიყევით შემდეგ საფეხურებს:

  • გაასუფთავეთ ჭრილობა საპნითა და წყლით
  • პირდაპირი ზეწოლით შეაჩერეთ სისხლდენა - ამას დაახლოებით 10 წუთი დასჭირდება
  • სისხლდენის შეჩერების შემდეგ ჭრილობას წაუსვით ანტიბაქტერიული მალამო და შეახვიეთ სტერილური ბინტით.

ნაჩხვლეტი ჭრილობის  (ეს არის მახვილი საგნით: ლურსმანი, დანა, კბილი და სხვა მიღებული ჭრილობა) შემთხვევაში:

  • თავდაპირველად ჭრილობა გამდინარე წყლის ქვეშ გააჩერეთ დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში და მხოლოდ ამის შემდეგ მობანეთ ის საპნითა და წყლით
  • კარგად დაათვალიერეთ, რომ გამორიცხოთ მასში უცხო სხეულის არსებობა (მაგრამ ნუ შეეცდებით მის გაშლას ან რამე საგნის შერჭობას)
  • თუ უცხო სხეული არ არის და ჭრილობის გამომწვევ ნივთსაც არ აკლია ნაწილი, რაც ჭრილობაში შეიძლება იყოს ჩარჩენილი, გასუფთავების შემდეგ ანტიბაქტერიული მალამო წაუსვით და სტერილური ბინტით შეახვიეთ.

ჭრილობის მოვლისას გახსოვდეთ:

  • თუნდაც დაბინძურებული არ ჩანდეს, ის მობანვას მაინც საჭიროებს
  • ნუ მოახვედრებთ მას ამოსუნთქულ ჰაერს
  • ორი დღის შემდეგ ბინტით შეხვევა აღარ არის საჭირო, ვინაიდან ის შეხორცების პროცესს ანელებს.

 

ექიმის მიერ გაწეულ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს ჭრილობა, რომელიც:

  • განიერი ან 6 მმ-ზე ღრმაა, თუნდაც სისხლდენა ძლიერი არ იყოს
  • სახის არეშია ან ძვალს აღწევს
  • ადამიანის ან ცხოველის კბენის შედეგია
  • ანკესის კაუჭით ან ჟანგიანი საგნით არის მიღებული
  • ლურსმანზე ან მსგავს საგანზე დაბიჯების შედეგად არის მიღებული
  • ბინძურ გარემოშია მიღებული
  • უცხო სხეულია ჩარჩენილი
  • ინფიცირებულია (აქვს სიმხურვალე, სიწითლე, შეშუპება, ჩირქისმაგვარი გამონადენი, ტკივილი)
  • მიიღო პირმა, რომელსაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ტეტანუსის საწინააღმდეგო აცრა არ ჩასტარებია.

ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, დროულად მოხდეს ექიმთან მიმართვა, რათა ადექვატურად დამუშავდეს, საჭიროების შემთხვევაში კი გაიკეროს და ჩატარდეს ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. სამედიცინო დახმარების აღმოჩენამდე კი გაითვალისწინეთ:

  • ნუ შეეცდებით დიდი ზომის ჭრილობის მობანვას, განსაკუთრებით სისხლდენის შეჩერების შემდეგ
  • ნუ შეეცდებით ჭრილობაში არსებული საგნის ამოღებას
  • ნუ შეეცდებით ჭრილობიდან გამოსული ქსოვილების უკან ჩაბრუნებას. დაფარეთ ისინი სუფთა ნაჭრით სამედიცინო დახმარების მოსვლამდე.

 

გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს ჭრილობა, რომელიც:

  • ძლიერ სისხლმდენია
  • სისხლმდენია 10 წუთის განმავლობაში ზეწოლის შემდეგაც
  • ძლიერ მძიმეა
  • დაზარალებული ვერ გრძნობს ჭრილობის არეს ან მისი ფუნქცია მოშლილია.

 

ამრიგად, ჭრილობის სწორი პირველადი მოვლის ცოდნა ყველასათვის მნიშვნელოვანია. ის შესაძლებლობას მოგცემთ მიზანმიმართულად დაეხმაროთ დაზარალებულს და სწორი ქმედებების განხორციელებით თავიდან ააცილოთ მას ჭრილობის დაინფიცირების ან სხვა სერიოზული გართულებების განვითარების საფთხე. 

allmedic