
ახალშობილის ოჯახში მობრძანება უდიდეს სიხარულთან და ამავდროულად პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული, ვინაიდან იგი განსაკუთრებულ ყურადღებასა და ზრუნვას საჭიროებს.
უნდა გვახსოვდეს რომ სამყარო, რომელშიც ის იმყოფებოდა არსებითად განსხვავდება ჩვენი სამყაროსგან. პირველ დღეებში ახალშობილს უწევს შეგუება ახალ გარემოსთან, ამიტომ აუცილებელია დავეხმაროთ პატარას ადაპტაციაში. ახალი გარემო უნდა იყოს მშვიდი, კომფორტული, თბილი, რაც ახალშობილს მოაგონებს მუცლადყოფნის პერიოდს. საძინებელი ოთახი უნდა იყოს ნათელი, მშრალი, რეგულარულად ნიავდებოდეს და ლაგდებოდეს სველი წესით. ასევე, თავისუფალი უნდა იყოს წიგნების, ხალიჩების და სხვა ალერგენებისაგან. ოთახის რეკომენდებული ტემპერატურაა 19-21° C.
მიუხედავად იმისა რომ დედას რძე ინტენსიურად მეორე - მესამე დღეს მოსდის, აუცილებელია ახალშობილს დაბადებისთანავე მიეცეს ძუძუ, რადგან პირველი რძე, ე.წ. ხსენი, რომლითაც ახალშობილი იღებს ფასეულ ანტისხეულებს, აძლიერებს ბავშვის იმუნიტეტს. იგი შეიცავს მთელ რიგ სასარგებლო ნივთიერებებს, რომელიც ბავშვს იცავს ინფექციებისაგან. ძუძუს წოვის დროს გრძელდება ბავშვისა და დედის ურთიერთკავშირი. ეს პროცესი დედისთვისაც აუცილებელია, ვინაიდან ხელს უწყობს საშვილოსნოს შეკუმშვას.
რათა ახალშობილმა თავი კომფორტულად იგრძნოს აუცილებელია ყოველდღიური ჰიგიენური პროცედურები, როგორიცაა: კანის მოვლა, პირის დაბანა, ცხვირის ღრუს გასუფთავება, ბანაობა, ჭიპლარის დამუშავება და სხვ.
კანის მოვლა
ახალშობილის მოვლისას კანის სწორი მოვლა ერთ-ერთი უმთავრესია, რადგან მისი კანი ხუთჯერ თხელია ზრდასრულ ადამიანთან შედარებით. სწორედ ამიტომ კანის საშუალებით სხვადასხვა ინფექციები სწრაფად და ადვილად ხვდებიან ახალშობილის ორგანიზმში. ხშირად ახალდაბადებულებს აღენიშნებათ კანის სიმშრალე და აქერცვლა, ამ შემთხვევაში საკმარისია დამატენიანებელი საცხების გამოყენება. თუ ბავშვს კანის სიმშრალე არ აწუხებს გამოიყენეთ პუდრა. (პუდრის და საცხის ერთობლივი ხმარება რეკომენდებული არაა). თუ ახალშობილის კანი სუფთა, ხავერდისებურია, ყოველგავრი სიწითლის და გამონაყარის გარეშე, ასეთ შემთხვევაში საკმარისია ჰაერის აბაზანები. სუფთა ჰაერი განსაკუთრებით აუცილებელია „პამპერსით“ დაფარული ადგილებისთვის (მოსახერხებელია საფენების შეცვლის პერიოდში).
განსაკუთრებით ყურადღებით უნდა დათვალიერდეს კანი ნაკეცების ადგილას, ასევე ყურის უკან, კისერთან, შარდ-სასქესო ორგანოების და დუნდულოების ადგილებში. რაიმე გამონაყარის ან შეწითლების შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ პედიატრს.