
გული სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოა. მისი მეშვეობით ხდება სისხლისა და მასში არსებული საკვები ნივთიერებების მიტანა ყველა ორგანოსა და ქსოვილში. ამიტომ, გული განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.
გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების თავიდან ასაცილებლად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცხოვრების სწორი წესი, რომელიც გულისხმობს სწორად შერჩეულ კვების რაციონს, ნორმირებულ ფიზიკურ აქტივობებს და სტრესის თავიდან აცილებას.
გთავაზობთ ძირითად საკვებ პროდუქტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ გულ-სისხლძარღვოვანი გართულებების თავიდან აცილებას.
1. წითელი ღვინო და რესვერატროლი (ყურძნის კანში და ზოგიერთ ხილში შემავალი კომპონენტი, გააჩნია ანტიოქსიდანტური და ანტიკანცეროგენული ეფექტი).
ცოტაოდენი წითელი ღვინო სასარგებლოა გულის ჯანსაღი ფუნქციონირებისათვის. მის შემადგენლობაში შემავალი ანტიოქსიდანტები -რესვერატროლი და კატექინი უზრუნველყოფენ არტერიის კედლის დაცვას. ალკოჰოლი სისხლში ზრდის მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს (ცნობილი როგორც კარგი ქოლესტერინი).
ქალბატონებისათვის დასაშვებია ერთი ჭიქა დღის განმავლობაში, მამაკაცებისათვის ორი ჭიქა. ჭარბი ალკოჰოლი საზიანოა გულისთვის.
2. ორაგული
საუკეთესო პროდუქტია ჯანსაღი გულისთვის. იგი მდიდარია ომეგა 3-ით (სასარგებლო ცხიმი), რომელიც უზრუნველყოფს გულის რითმის დარღვევის რისკის შემცირებას და არტერიული წნევის დაქვეითებას.
რეკომენდებულია კვირის განმავლობაში ორაგულის ორჯერ მიღება.
3. ზეითუნის ზეთი
წარმოადგენს სასარგებლო ცხიმს, რომელსაც იღებენ ზეთისხილიდან. ზეითუნის ზეთი აქვეითებს დაბალი სიმკვირივის ლიპოპროტეინებს სისხლში და აკონტროლებს ინსულინის დონეს ორგანიზმში. მდიდარია გულისთვის საჭირო ანტიოქსიდანტით -პოლიფენოლით, რომელიც იცავს უჯრედებს დაზიანებისაგან. არსებობს მტკიცებულებები, რომ დღის განმავლობაში ოთხი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთის გამოყენება ამცირებს მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების რისკს.
4. ნუში
იგი შეიცავს მცენარეულ სტეროლს (ბუნებრივი ნივთიერება სხვადასხვა პროდუქტის შემადგენლობაში), ვიტამინი E, უჯრედისს და გულისთვის სასარგებლი ცხიმებს. უჯრედისი აქვეითებს სისხლში „ცუდ“ ქოლესტერინს, სწრაფად იწვევს დანაყრების შეგრძნებას. (უჯრედისის ერთ-ერთი უნიკალური თვისება საკუთარ მოცულობაზე 6-ჯერ მეტი წყლის შეწოვის უნარია, რისი წყალობითაც კუჭში წარმოქმნილი ღრუბლის მსგავი მასა სისავსისა და დანაყრების შეგრძნებას იწვევს). ვიტამინი E აფერხებს ათეროსკლეროზული ფოლაქის წარმოქმნას (იგი სისხლძარღვების შევიწროებას განაპირობებს, რის შედეგადაც ვითარდება ტკივილი გულის არეში). რეკომენდებულია დღის განმავლობაში 50-70 გრ ნუშის მიღება.
5. მოცვი
მოცვი გენიალური შემადგენლობისაა. მასში შემავალი ანტიოქსიდანტი- ანტოციანი აფერხებს ათეროსკლეროზის განვითარებას, რაც უზრუნველყოფს სისხლძარღვების დაცვას. მოცვის შეფერილობა სწორედ ანტიოქსიდანტითაა განპირობებული. ასევე შეიცავს გაცილებით მეტ ბოჭკოებს, ვიდრე ნებისმიერი სხვა პროდუქტი. აძლიერებს გულის კუნთს. მდიდარია A, B, C და E ჯგუფის ვიტამინებით. ასევე ისეთ მინერალებით, როგორიცაა სპილენძი (იმუნური სისტემის მაშენებელი და ანტიბაქტერიული მოქმედების), სელენი, თუთია, რკინა (აუმჯობესებს იმუნიტეტს, ჰემოგლობინის გაზრდის ხარჯზე სისხლში ზრდის ჟანგბადის კონცეტრაციას). აუვნებელყოფს თავისუფალ რადიკალებს, რომლეთაც გავლენა აქვთ ორგანიზმის დაბერებაზე. დაამატეთ მოცვი ფაფებში, ბლინებსა და იოგურტში.
სწორი და დაბალანსებული კვება ადამიანის ჯანსაღი ცხოვრების შენარჩუნების წინაპირობაა. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ძირითადად მცენარეული. დღეში რამდენჯერმე უნდა მიირთვათ ხილი და ბოსტნეული, რადგან მათში შემავალი კომპონენტები უზრუნველფოფენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკის შემცირებას.