
ლამაზი ღიმილი, რომელიც ასე ძალიან გვხიბლავს, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ძალისხმევაზეა დამოკიდებული - თუ რამდენად ყურადღებით მოვეკიდებით პირის ღრუს მოვლას. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პირის ღრუს ჯანმრთელობა არა მხოლოდ ლამაზი ღიმილი, არამედ ორგანიზმის ჯანმრთელობის საფუძველია.
ყოველდღიურად, საკვების მიღების პროცესში ჩვენს კბილებზე ჩნდება ნადები, რომელიც ბაქტერიების გამრავლებისათვის ხელსაყრელ გარემოს წარმოადგენს. პირის ღრუს არასათანადოდ მოვლის შემთხვევაში ნადები, მასზე გამრავლებული ბაქტერიები და მათ მიერ წარმოქმნილი მჟავე ნივთიერებები კბილებზე კარიესის, ღრმულების განვითარებას და ღრძილების გაღიზიანებას იწვევს. ღრძილი მგძნობიარე, სისხლმდენი და შეშუპებული ხდება. თუ ამ ეტაპზე მკურნალობა არ ჩატარდა, ღრძილი კბილს სცილდება და ჯიბეს ქმნის, სადაც კიდევ უფრო ადვილად ხდება ბაქტერიებისა და ჩირქის დაგროვება. ამ მდგომარეობას პერიოდონტის დაავადება ეწოდება. ის საკმაოდ სერიოზული მდგომარეობაა და საბოლოოდ, კბილების დაკარგვას იწვევს.
ყოველივე ამის თავიდან აცილება მარტივად არის შესაძლებელი პირის ღრუს ჰიგიენის დაცვის შემთხვევაში. ეს კი ყოველდღიურად შემდეგი ღონისძიებების განხორციელებას გულისხმობს:
კბილის გამოხეხვა:
კბილის გამოხეხვა დღეში მინიმუმ ორჯერ არის აუცილებელი: დილით და საღამოს - ძილის წინ. თუკი შესაძლებელია, გამოიხეხეთ კბილები ყოველი ჭამის შემდეგ. კბილის ხშირი გამოხეხვა ნადების მაქსიმალურ მოცილებას უწყობს ხელს და პირის ღრუც მაქსიმალურად დაცულია.
კბილის გამოსახეხად რბილი ჯაგრისი და ფტორის შემცველი კბილის პასტა გამოიყენეთ. ეს უკანასკნელი აუცილებელია, რადგან სასმელ წყალში ფტორის არასაკმარისი შემცველობის გამო ჩვენი ორგანიზმი მას საჭირო რაოდენობით ვერ იღებს. ის კი კბილების ზრდას უწყობს ხელს და კარიესის განვითარებისაგან იცავს.
გამოიყენეთ კბილის გამოხეხვის სწორი ტექნიკა. კბილის ჯაგრისი ოდნავ კუთხით უნდა იყოს დახრილი კბილის ზედაპირთან და ნაზად უნდა ამოძრაოთ ზევით-ქვევით მიმართულებით. გახსოვდეთ, რომ არამარტო გარეთა, არამედ კბილის შიგნითა და საღეჭი ზედაპირებიც უნდა გაასუფთავოთ.
კბილების გამოხეხვის შემდეგ ჯაგრისი თავით ზემოთ და სახელურით ქვემოთ მოათავსეთ. შესანახად დახურულ კონტეინერს ნუ გამოიყენებთ - ეს ბაქტერიების გამრავლებას შეუწყობს ხელს. ჯაგრისი 3-4 თვეში ერთხელ უნდა გამოცვალოთ.