მწერის ნაკბენი
მწერის ნაკბენი
allmedic
მწერის ნაკბენი
მწერის ნაკბენი

მართალია, შემთხვევათა უმეტესობაში მწერის ნაკბენს მხოლოდ უმნიშვნელო სიწითლე, ტკივილი და ქავილი მოყვება, არის შემთხვევები, როცა რეაქცია გაცილებით სერიოზული და სიცოცლხისათვის საშიშიც კი შეიძლება აღმოჩნდეს. ძირითადად მწერის ნაკბენი კოღოს, ფუტკრის, კრაზანას ან ობობის ნაკბენით შემოიფარგლება. საყურადღებო ფაქტია, რომ ფუტკრის ნაკბენით გამოწვეული სიკვდილობა 3-4-ჯერ აღემატება გველის კბენის შედეგად დაღუპულთა რიცხვს. ამიტომაც მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ მოვიქცეთ ასეთი მწვავე რეაქციის შემთხვევაში და ზოგადად, როგორ შეიძლება დავიცვათ თავი მწერის ნაკბენისაგან.  

 

ამრიგად, მწერის ნაკბენზე განვითარებული რექცია 3 კატეგორიად იყოფა:

  • მცირე ადგილობრივი რეაქცია - მცირედ გამოხატული შეშუპება, სიწითლე, ქავილი და ტკივილი უშუალოდ ნაკბენის არეში, რომელიც ორიოდე დღე შეიძლება გაგრძელდეს და ნაკლებად შემაწუხებელია. ასევე შეიძლება გაჩნდეს ბუშტუკები. ეს უკანასკნელი უფრო ობობის ნაკბენისთვის არის დამახასიათებელი.
  • დიდი ადგილობრივი რექცია - სიწითლე, ქავილი და შეშუპება ნაკბენიდან  დიდ არეალზე ვრცელდება. მას ასევე შეიძლება თან ახლდეს გულისრევის შეგრძნება და სახსრების შეშუპება. მსგავსი რეაქცია ალერგიულ პირებში შეინიშნება ხოლმე, მაგრამ როგორც წესი, 48 საათის შემდეგ უკუგანვითარებას იწყებს.
  • სისტემური რეაქცია - მთელს სხეულზე გავრცელებული გამონაყარი, შეშუპება სახის, ტუჩების, ხორხის არეში. აღნიშნულ სისტემურ რეაქციას, რომელიც სასუნთქი გზების შესიებას და სუნთქვის გაძნელებას იწვევს, ანაფილაქსია ეწოდება. მდგომარეობა სიცოცხლისათვის საშიშია და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს. ანაფილაქსია უხშირესად ფუტკრის, უფრო იშვიათად კი კრაზანის ნაკბენზე ვითარდება და როგორც, წესი განმეორებითი კბენის შედეგია.

როგორ მოვუაროთ ნაკბენს მსუბუქად გამოხატული რეაქციის შემთხვევაში:

  • ფუტკრის ნაკბენის შემთხვევაში მოიცილეთ ჩარჩენილი ნესტარი. ამისათვის გამოიყენეთ მყარი და თხელი კიდის მქონე ნივთი, მაგალითად, პლასტიკური ბარათი და გადაუსვით იგი ნაკბენ არეს. ნუ შეეცდებით ხელით ან პინცეტით ამოიღოთ ნესტარი. ამით შხამის გავრცელებას უფრო შეიძლება შეუწყოთ ხელი.
  • მოიბანეთ ნაკბენი საპნითა და წყლით. შეეცადეთ არ მოიქავოთ იგი. ეს უკანასკნელი კანის დაზიანებას და ნაკბენის დაინფიცირებას შეუწყობს ხელს.
  • დაიდეთ ცივი კომპრესი: ცივი წყლით დასველებული ტილო ან ყინული.
  • თუ ნაკბენი კიდურზეა (ფუტკრის ან კრაზანის ნაკბენი), ასწიეთ და მაღალზე მოათავსეთ კიდური შეშუპების შემცირების მიზნით.
allmedic