კომპიუტერი და ჯანმრთელობა
კომპიუტერი და ჯანმრთელობა
allmedic
კომპიუტერი და ჯანმრთელობა
კომპიუტერი და ჯანმრთელობა

 ჩვენი ცხოვრებისა თუ მუშაობის რეჟიმი სულ უფრო მეტად გვხდის მიჯაჭვულს კომპიუტერთან. ზოგიერთი ჩვენგანისთვის ეს სამსახურებრივი მოვალეობაა, ზოგიერთისთვის კი გართობის საშუალება. მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ეკრანთან და კლავიატურასთან გატარებული საათები ადამიანის ჯანმრთელობაზე არასახარბიელოდ აისახება. მიუხედავად ამ ფაქტის საყოველთაოდ აღიარებისა, კონკრეტული პრობლემის აღმოცენების შემთხვევაში მას იშვიათად თუ ვუკავშირებთ კომპიუტერის მოხმარებას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა ჯანმრთელობის რა პრობლემებთან არის კომპიუტერის მოხმარება დაკავშირებული და როგორ შეიძლება მათი თავიდან აცილება.

 თვალის პრობლემები. ზედაპირიდან კითხვა, რომელიც ამასთან სინათლის წყაროს წარმოადგენს, ჩვენი თვალისთვის ბუნებრივი მდგომარეობა ნამდვილად არ არის. სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს არასაკმარისად განათებული ოთახი, ეკრანთან ახლო დისტანციაზე ჯდომა, ხანგძლივად მუშაობა შესვენების გარეშე, ეკრანის ზედმეტი სიკაშკაშე და დაბალი კონტრასტი. ბევრი თქვენგანისთვის ეს ყველაფერი ალბათ კარგადაა ნაცნობი. შესაბამისად, არც ის ფაქტია გასაკვირი, რომ კომპიუტერის რუტინულად მომხმარებელთა დაახლოებით  70-75%-ს მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები უჩნდებათ დაახლოებით 4 წლის განმავლობაში. ეს პრობლემები „კომპიუტერული მხედველობის სინდრომი“-ს სახელწოდებით არის ცნობილი და თვალის სიმშრალეს, ქავილს, სიწითლეს, ტკივილს თვალბუდისა და თავის არეში, დაბინდულ ან გაორებულ მხედველობას, ფერების აღქმის დროებით დარღვევას მოიცავს. თუკი თქვენ დღის განმავლობაში 2 საათზე მეტ დროს ატარებთ კომპიუტერთან და ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან რომელიმეს უჩივით, ეს უკვე „კომპიუტერული მხედველობის სინდრომია“.

 კუნთებისა და სახსრების დაზიანება. სხეულის არაადექვატური პოზა კომპიუტერთან მუშაობის პროცესში, შესვენებების იშვიათად გაკეთება და კუნთების უხერხული გამოყენება/ზედმეტი ძალდატანება, რომელიც განმეორებით ხასიათს ატარებს, კუნთებისა და სახსრების დაზიანებას იწვევს.  კომპიუტერის ხშირ მომხმარებელთათვის ალბათ ნაცნობი სიმპტომებია კისრის გაშეშება, ბეჭების, ზურგის, გვერდების არეში ტკივილი, ფეხის კუნთების დაჭიმულობა. უფრო მეტიც, კლავიატურისა და „თაგვის“ არასწორი ტექნიკით გამოყენების დროს (მტევნის სახსარში ზედმეტი მოძრაობა) შესაძლოა თითების დაბუჟება, მგრძნობელობის დაქვეითება და უარეს შემთხვევაში,  კუნთების სისუსტეც კი განვითარდეს. უკანასკნელ შემთხვევაში ხელით ნატიფი მოძრაობების განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. ეს სერიოზული მდგომარეობა მტევნის სახსრის არეში ნერვის დაზიანებით არის გამოწვეული და „მტევნის გვირაბის სინდრომის“ სახელწოდებით არის ცნობილი. ის დროულ მიხედვას საჭიროებს. ადრეულ ეტაპზე მისი მკურნალობა შედარებით მარტივია ფიქსატორების და ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების გამოყენებით. მოგვიანებით ეტაპზე კი მკურნალობის ერთადერთი შესაძლებლობა ქირურგიული ოპერაციაა. 

 კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა თვალისა და ძვალ-სახსროვანი სისტემის დაზიანების გარდა სხვა პრობლემების დასაბამიც შეიძლება გახდეს. მათ შორის უხშირესი ნევროზული დარღვევები, მეხსიერების დაქვეითება, საერთო სისუსტე, მომატებული გულისცემის სიხშირე, ყურადღების კონცენტრირების უნარის დაქვეითება და პიროვნული ცვლილებებიც კი შეიძლება განვითარდეს. ძალიან ხშირად შრომისუნარიანობის დაქვეითება სამუშაო საათების დამთავრებამდე იჩენს ხოლმე თავს.  

 რა საკვირველია, კომპიუტერის გამოყენებაზე უარის თქმა შეუძლებელია, მაგრამ გარკვეული ჩვევების გამომუშავება ზედმეტი ზიანის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. პირველ რიგში, შეეცადეთ თავისუფალი დრო ნაკლებად გაატაროთ კომპიუტერთან. თუკი სამსახურის გამო ეკრანთან და კლავიატურასთან ხანგრძლივი კონტაქტი გარდაუვალია, გაითვალისწინეთ კომპიუტერთან ჯდომის სწორი პოზა: ეკრანი უნდა იყოს თვალიდან 45-75 სმ-ით დაშორებული; უნდა იყოს თქვენს პირდაპირ და თვალის დონეზე;  ეკრანის სიმკვეთრე და კონტრასტი არ უნდა იწვევდეს თვალის დაძაბვას; თუ ეკრანთან ერთად გარკვეული დოკუმენტების გამოყენება გიწევთ, მოათავსეთ ისინი ეკრანთან მაქსიმალურად ახლოს, თქვენს პირდაპირ (ეს კისრის განმეორებით უხერხულ მოძრაობას აგარიდებთ თავიდან); კლავიატურა უნდა იყოს სხეულის პირდაპირ და არა ირიბად; ბეჭდვის დროს ნუ დააფიქსირებთ მტევნებს ერთ პოზაში; გამოიყენეთ ბეჭდვის სწორი ტექნიკა, ნუ მიაყენებთ ზედმეტ დაძაბულობას თქვენს მტევანს;  „თაგვიც“ კლავიატურასთან მაქსიმალურად ახლოს უნდა იყოს თქვენთვის კომფორტულ მანძილზე;  „თაგვის“ მოძრაობისას ამოძრავეთ არა მხოლოდ მტევანი, არამედ მთელი წინამხარი;  ხერხემალი ჯდომისას უდნა იყოს გამართული; ფეხები იატაკის პერპენდიკულარული; მუხლები თეძოებზე ოდნავ ქვევით და მაგიდის კიდიდან მინიმუმ 15 სმ-ით შეწეული; მხრები მოდუნებული და სხეულთან ახლოს; იდაყვები  უნდა ეყრდნობოდეს სკამის გვერდებს. შეეცადეთ ხშირად გააკეთოთ შესვენება - დაახლოებით 30-40 წუთში ერთხელ. შესვენების დროს შეეცადეთ დაიჭიმოთ და გაიაროთ. თუ შესვენების გაკეთება გავიწყდებათ დააყენეთ ზარი შესახსენებლად. შეეცადეთ ისე დაგეგმოთ სამუშაო დღე, რომ კომპიუტერული და არაკომპიუტერული საქმიანობა ერთმანეთს ენაცვლებოდეს.

 ამრიგად, ზემოთ ჩამოთვლილი ჩვევების გამომუშავება და წესების დაცვა მნიშვნელოვნად გაგიადვილებთ კომპიუტერთან მუშაობის პროცესს. ის ნაკლებად დამღლელი იქნება თქვენთვის და რაც მთავარია, ეფექტურად დაგიცავთ არასასურველი და საკმაოდ შემაწუხებელი პრობლემებისგან.

 

allmedic