როგორ ავიცილოთ თავიდან სითბური დაკვრა და როგორ მოვიქცეთ მისი მიღების შემთხვევაში
როგორ ავიცილოთ თავიდან სითბური დაკვრა და როგორ მოვიქცეთ მისი მიღების შემთხვევაში
allmedic
როგორ ავიცილოთ თავიდან სითბური დაკვრა და როგორ მოვიქცეთ მისი მიღების შემთხვევაში
როგორ ავიცილოთ თავიდან სითბური დაკვრა და როგორ მოვიქცეთ მისი მიღების შემთხვევაში

სითბური დაკვრა  ზაფხულის ცხელი დღეების თანმდევ იმ  მდგომარეობათა რიცხვს მიეკუთვნება, რომლის მიმართაც განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს. ცხელი კლიმატის პირობებში ხანგრძლივად (2-3 დღე) გაჩერება ან ფიზიკური დატვირთვა ადამიანის ორგანიზმის მიერ გამომუშავებული სითბოს გამოყოფას აფერხებს. შედეგად სხეულის ტემპერატურა მკვეთრად მატულობს (40 ◦C ან  მეტი) და  ორგანიზმი გადახურდება. სწორედ ამ მდგომარეობას ეწოდება სითბური დაკვრა და ის აუცილებლად გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს! წინააღმდეგ შემთხვევაში მან ტვინის, გულის, თირკმლებისა და კუნთების მძიმე დაზიანება  და სიკვდილიც კი შეიძლება გამოიწვიოს.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რა ზრდის სითბური დაკვრის საშიშროებას. რისკი განსაკუთერბით მაღალია ცხელ და ტენიან კლიმატში უეცრად მოხვედრის  შემთხვევაში. მაგალითად, ამინდის უეცარი ცვლილება ან მოგზაურობა. ამ დროს ორგანიზმი  გარემოს მაღალ ტემპერატურასთან შეგუებას ვერ ასწრებს და ადვილად გადახურდება. სითბური დაკვრისაგან დაზღვეული არავინ არის, მაგრამ განსაკუთრებით მაღალი რისკი ხანდაზმულ (65 წლის ზევით ასაკის), ქრონიკულად მოავადე, ასევე ჭარბი წონის მქონე პირებს გააჩნიათ. გადახურების საშიშროებას გარკვეული მედიკამენტების მიღებაც ზრდის. მაგ: შარდმდენი, დეპრესიის საწინააღმდეგო, სისხლძარღვების შემავიწროვებელი საშუალებები. ამიტომ მსგავსი მედიკამენტების მომხმარებლებს ცხელ გარემოში განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ. 

რა საკვირველია, სითბური დაკვრის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალება ცხელ გარემოში ყოფნის დროის შეზღუდვაა. მაგრამ თუ ეს გარდაუვალია, აუცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

     ფიზიკური აქტივობის შემთხვევაში, ხშირად შეისვენეთ. მაქსიმალულრად შეეცადეთ  შესასვენებლად შედარებით გრილი გარემო გამონახოთ.

     ჩაიცვით ტანსაცმელი, რომელიც ჰაერს კარგად ატარებს და ტანზე  მჭიდროდ მომდგარი არ არის. მაღალი ტემპერატურის პირობებში სხეულის მიერ გამოყოფილი ოფლის აორთქლება სხეულის გაგრილების ერთ-ერთი საშუალებაა. მჭიდრო და ჰაერგაუმტარი ტანსაცმელი კი ამას აფერხებს.

     გამოიყენეთ ქუდი და მზისგან დამცავი საშუალებები. მაქსიმალურად დაიცავით თავი მზისგან მიღებული დამწვრობისგან. დამწვარი კანი ორგანიზმის გაგრილების მექანიზმს აფერხებს და შესაბამისად, სითბური დაკვრის განვითარების საშიშროებას ზრდის.

     მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე. სიცხეში ოფლის ჭარბად გამოყოფის გამო ორგანიზმი დიდი რაოდენობით სითხეს კარგავს.  ამ დანაკარგის შევსება ძალიან მნიშვნელოვანია. ზრდასრულმა ადამიანმა ზაფხულის პერიოდში დღის განმავლობაში მინიმუმ 2 ლიტრი სითხე უნდა მიიღოს. გაითვალისწინეთ, თუ თქვენ ქრონიკული დაავადება გაქვთ (მაგალითად, გულის, თირკმლის, სასუნთქი გზების), თქვენს მიერ დღის განმავლობაში მისაღები სითხის რაოდენობა აუცილებლად ექიმმა უნდა განსაზღვროს.

     ნუ მიიღებთ ალკოჰოლს. ის თქვენი ორგანიზმის მიერ სითბოს წარმოქმნისა და გაცემის პროცესს არღვევს და გადახურების რისკს ზრდის.

     ნუ დარჩებით დიდხანს გაჩერებული მანქანის სალონში.  ცხელ ამინდში, ჩრდილში გაჩერების შემთხვევაშიც კი, მანქანის სალონში ტემპერატურა ძალიან სწრაფად მატულობს (10 წუთში 7 ◦C -ით შეიძლება მოიმატოს) და ძალიან დიდ საფრთხეს ქმნის.

ზემოთ ჩამოთვლილი რჩევები უსათუოდ დაგიცავთ გადახურების საფრთხისგან, მაგრამ როგორ უნდა მოვიქცეთ, თუკი სითბური დაკვრა უკვე განვითარდა. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია მდგომარეობის დროული ამოცნობა შეგვეძლოს. სითბური დაკვრა ყველაზე ხშირად გონების დაკარგვით ამოიცნობა ხოლმე, მაგრამ მისი გამოვლენა უფრო ადრეულ ეტაპზეც არის შესაძლებელი. ყურადღება მიაქციეთ გახურებული კანის, თავის ტკივილის, გულის რევის, ღებინების, ზერელე და სწრაფი სუნთქვის არსებობას. ხასიათობრივი ცვლილებები, მაგ.: გაღიზიანებადობა, აგზნება, არეული მეტყველება, ძილიანობა ასევე სითბური დაკვრის მანიშნებელი შეიძლება იყოს. ზემოთ ჩამოთვლილ ნიშნებს, რაც არ უნდა მსუბუქად მოგეჩვენოთ, უყურადღებოდ ნუ დატოვებთ. გახსოვდეთ, სითბური დაკვრა სერიოზული მდგომარეობაა და აუცილებლად სამედიცინო დახმარებას საჭიროებს. უფრო მეტიც, სამედიცინო დახმარებამდე აუცილებელია თავადვე იმოქმედოთ და დაეხმაროთ დაზარალებულ პირს:  

     შეიყვანეთ გრილ შენობაში, ხოლო თუ ირგვლივ შენობა არ არის, მოათავსეთ ჩრდილში;

     გაათავისუფლეთ ზედმეტი ტანსაცმლისაგან;

     რაც შეიძლება სწრაფად გააგრილეთ მისი სხეული, ამისათვის გამოიყენეთ ხელთარსებული ნებისმიერი საშუალება:

  • მოათავსეთ გრილ წყალში (აბაზანა, მდინარე, გუბურა) ან
  • მოაქციეთ წყლის ნაკადის ქვეშ (შხაპი, ბაღში არსებული სარწყავი მილი) ან
  • თავის, კისრის, იღლიის არეებში დაადეთ ყინულის კუბები ან სველი ტილო.

     გახსოვდეთ, რომ დროული მოქმედებით თქვენ დაზარალებულ პირს სერიოზულ გართულებებისაგან დაიცავთ.

     ამრიგად, როგორც ხედავთ, სითბური დაკვრა ზაფხულის პერიოდის ერთ-ერთ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. შესაბამისად, მისგან თავის დაცვა, დროული ამოცნობა და დროული დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველივე ამის ცოდნა კი დაგეხმარებათ ეფექტურად დაიცვათ საკუთარი და ასევე ახლობლების ჯანმრთელობა სერიოზული პრობლემებისგან.

allmedic