
თითოეულ ჩვენგანს ერთხელ მაინც აქვს გამოცდილი ზაფხულის ცხელ დღეებში ნაწლავური ინფექციის არასასიამოვნო ეპიზოდი (ღებინება, ფაღარათი, მუცლის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა), მაგრამ განსაკუთრებით მტკივნეული ეს საკითხი მაინც მშობლებისთვის არის. ყველაზე ხშირად და მწვავედ პრობლემა ხომ სწორედ ბავშვთა ასაკში იჩენს თავს. ინტერესს მოკლებული არავისთვის იქნება იმის გაგება, თუ როგორ შეიძლება ნაწლავური ინფექციის თავიდან აცილება, რომ ზაფხულის დღეები მაქსიმალურად სასიამოვნოდ გაატაროთ.
პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ რა არის ნაწლავურ ინფექცია და რა გზით ხვდება ის ჩვენს ორგანიზმში. ნაწლავური ინფექცია სხვადასხვა მიკროორგანიზმებით (ბაქტერიები, ვირუსები, პარაზიტები) ან მათი ტოქსინებით (შხამიანი ნივთიერებები) გამოწვეული მდგომარეობაა. ღებინება, ფაღარათი, მუცლის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, საერთო სისუსტე დაავადების უხშირესი მახასიათებლებია. ყველაზე დიდ საშიშროებას ამ დროს სითხის დიდი რაოდენობით დაკარგვა წარმოადგენს, განსაკუთრებით ბავშვებისათვის. ამიტომ დაავადების გამოვლენის შემთხვევაში დროულად დაიწყეთ სითხის მიღება და მიმართეთ ექიმს.
საინტერესოა, რა გზით ხვდება დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმები და შხამიანი ნივთიერებები ჩვენს ორგანიზმში. უნდა გვახსოვდეს, რომ მათი ძირითადი წყარო ცუდად დამუშავებული ან არასათანადო პირობებში შენახული საკვები პროდუქტები, დაუბანელი ხელები, გაურეცხავი ჭურჭელი/ინვენტარი ან დაბინძურებული სასმელი წყალია. ზაფხულის პერიოდში ნაწლავური ინფექციების რისკი ზოგადად იზრდება, მაგრამ საშიშროება კიდევ უფრო მაღალია, როდესაც დასასვენებლად ხალხმრავალ ადგილებს მივაშურებთ ხოლმე. ეს ბუნებრივიცაა, ამ დროს უამრავ დამსვენებელთან გვაქვს შეხება, სხვადასხვა დასასვენებელი თუ კვების ობიექტების მომსახურებით ვსარგებლობთ. ეს უკანასკნელნი კი ყოველთვის ვერ გამოირჩევიან ჰიგიენის წესების დაცვის თვალსაზრისით. შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ზღვაზე დასვენების შემთხვევაში ინფექციის წყარო ზღვის ან აუზის წყალიც კი შეიძლება გახდეს.
რასაკვირველია, საფრთხე დიდია, მაგრამ არსებობს საკმაოდ მარტივი და ეფექტური ხერხები ნაწლავური ინფექციის თავიდან ასაცილებლად. ამისთვის თქვენ შემდეგი რჩევების გათვალისწინება დაგჭირდებათ:
ხშირად დაიბანეთ ხელები. ზაფხულში მომატებული ოფლიანობის გამო კანზე მოხვედრილი მიკროორგანიზმები ადვილად მრავლდება. ამიტომ რეგულარულად დაიბანეთ ხელი საპნის გამოყენებით. ხელის დაბანა მინიმუმ 20 წამის განმავლობაში მაინც უნდა გრძელდებოდეს, განსაკუთრებით, საზოგადოებრივი საპირფარეშოებით სარგებლობის შემთხვევაში. გახსოვდეთ, რაც უფრო სუფთაა თქვენი ხელები, მით ნაკლებია თქვენს ორგანიზმში ნაწლავური ინფექციის განვითარების საფრთხე.
მიირთვით მხოლოდ კარგად მოხარშული/შემწვარი საკვები. ეს განსაკუთრებით ხორცის პროდუქტებსა და კვერცხს ეხება. არასაკმარისად მოხარშული ან შემწვარი საკვები პროდუქტები შეიძლება გახდეს იმ მოკროორგანიზმების წყარო, რომელთაც ნაწლავური ინფექციის გამოწვევა შეუძლიათ.
მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი. დიდი რაოდენობით სითხის მიღება არამარტო გაუწყლოვნებისგან დაგიცავთ, არამედ კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოხვედრილი ზედმეტი ტოქსინებისა (შხამიანი ნივთიერებების) და მიკროორგანიზმების ბუნებრივი გზით გამორეცხვას შეუწყობს ხელს. მიღებამდე აუცილებლად დარწმუნდით, რომ ადგილობრივი წყალი უსაფრთხო და დასალევად ვარგისია.
კარგად გარეცხეთ უმი პროდუქტები. ბოსტენული და ხილი, რომელსაც უმად მიირთმევთ (თუნდაც ხიდან მოკრეფილი), აუცილებლად გარეცხეთ გამდინარე წყლით. ამ შემთხვევაშიც გადაამოწმეთ წყლის უსაფრთხოება. დაჭრილი ხილი და ბოსტნეული მაშინვე მიირთვით ან შეეცადეთ დიდხანს არ დააყოვნოთ ოთახის ტემპერატურაზე.
თავიდან აიცილეთ კვების რეჟიმის მკვეთრი ცვლილება დასვენების პერიოდში. მაგალითად, ნუ მიიღებთ ერთბაშად დიდი რაოდენობით ისეთ ხილს, ბოსტნეულს ან რძის პროდუქტებს, რომლებსაც მანამე არ იღებდით. საკვები რაციონის ასეთმა მკვეთრმა ცვლილებამ შესაძლოა საჭმლის მომნელებელი სისტემის გაღიზიანება და აშლილობა გამოიწვიოს.
მოერიდეთ დამსვენებლებთან ახლო კონტაქტს. ეს რჩევა განსაკუთრებით ბავშვებთან მიმართებაშია მნიშვნელოვანი. შესაძლოა თქვენს მეგობარს ან ახლობელს არ ჰქონდეს ნაწლავური ინფექციის სიმპტომები, მაგრამ მაინც ატარებდეს და ავრცელებდეს ინფექციის გამომწვევ მიკროორგანიზმებს. ამიტომ მოერიდეთ ახლო კონტაქტს და ნუ გამოიყენებთ საერთო ჭურჭელს.
სისუფთავე კვების ობიექტებში. შეეცადეთ გადაამოწმოთ რამდენად არის დაცული სისუფთავე იმ კვების ობიექტის სამზარეულოში, სადაც თქვენ იკვებებით. შეეცადეთ არ შეიძინოთ საკვები პროდუქტები ქუჩაში და სისუფთავის მხრივ საეჭვო დაწესებულებებში.
მოერიდეთ ზღვის ან აუზის წყლის გადაყლაპვას. აუზის წყალი, თუნდაც დაქლორილი, სახიფათოა ინფექციის გამომწვევი მიკროორგანიზმების გავრცელების თვალსაზრისით. მაქსიმალურად შეეცადეთ ცურვის დროს არ გადაყლაპოთ იგი, ხოლო წყლიდან ამოსვლის შემდეგ აუცილებლად მიიღეთ შხაპი.
ამრიგად, ნაწლავური ინფექციები საკმაოდ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ზაფხულის პერიოდში, მაგრამ მათგან დაცვა შეუსრულებელ ამოცანას ნამდვილად არ წარმოადგენს. როგორც თავადაც დარწმუნდით, მხოლოდ ოდნავ მეტი ძალისხმევა და სიფრთხილე საკვების დამუშავებისა და ჰიგიენის საკითხებთან მიმართებაში ზაფხულის დღეების სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობას მოგცემთ.