ორსულობის პირველი ნიშნები
ორსულობის პირველი ნიშნები
allmedic
ორსულობის პირველი ნიშნები
ორსულობის პირველი ნიშნები
ორსულობის პირველი ნიშნები

თითოეულ ქალს ორსულობის ნიშნები განსხვავებული აქვს. ქალების დიდი ნაწილი ორსულობას გრძნობს ორსულობის ტესტის დადებითი პასუხისთანავე, სხვები აღნიშნავენ, რომ ახალ სიცოცხლეს შეიგრძნობენ თითქმის ჩასახვისთანავე. და მაინც, როგორია  ორსულობის პირველი ნიშნები?

1 ნიშანი - ჩვეული მენსტრუალური ციკლის არარსებობა;

ეს ნიშანი ორსულობის ობიექტური არსებობის ყველაზე უტყუარ მტკიცებულებად ითვლება ისტორიულადაც და თანამედროვე მედიცინის ენაზეც. თუმცა ზუსტი „კი“ ან „არა“-სთვის მაინც რჩება შემდეგი „თუ“-ები: თუ არარეგულარული იყო მენსტრუალური ციკლი ორსულობამდეც, ეს ნიშანი უბრალოდ არ ხვდება ყურადღების ცენტრში; თუ მენსტრუალური ფაზის დაწყებამ  დაიგვიანა, შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს ჰორმონალური დარღვევებისა და სხვადასხვა დაავადებების (ძირითადად ინფექციურის) არსებობას;

 2 ნიშანი-  გულისრევა;

ბევრ ქალს ორსულობის ძალიან ადრეულ სტადიებზე ეწყება გულისრევის შეგრძნება. უფრო ხშირად ეს ხდება დილაობით, თუმცა შესაძლოა გაგრძელდეს მთელი დღის განმავლობაში. ზოგჯერ გულისრევა იმდენად ძლიერია, რომ ქალი იძულებული ხდება ექიმს მიმართოს. ორსულები განსაკუთრებით ვერ იტანენ სხვადასხვა სუნებს. სუნამოს, ან თამბაქოს სუნი ხშირად მყისიერად იწვევს მათში გულისრევას.

3 ნიშანი -  გემოვნებითი შეგრძნებები;

 ზოგჯერ ქალი გემოვნებითი შეგრძნების  ცვლილების მიხედვით ხვდება რომ ორსულადაა. ის, რაც ორსულობამდე არ უყვარდა ან პირიქით უყვარდება სრულიად მიუღებელი ხდება მისთვის.

4 ნიშანი - მადის გაძლიერება;

ზოგიერთ ქალს ორსულობის პირველივე დღეებიდანვე  უძლიერდება მადა, მას მუდმივად შია და სულ რაღაცის ჭამა  უნდა.

5 ნიშანი -  სარძევე ჯირკვლების გადიდება;

გადიდებული, დაჭიმული და მტკივნეული მკერდი შესაძლოა მანიშნებელი იყოს ორსულობის დაწყებისა.

6 ნიშანი -  დაღლილობა;

ორსულობის ადრეულ ეტაპზე უჩვეულო დაღლილობის შეგრძნებაც შეიმჩნევა. ამ სიმპტომმა ჩასახვიდან ერთი კვირის თავზე შეიძლება იჩინოს თავი. მიზეზი ჰორმონ პროგესტერონის მომატებული დონეა. თუ დაღლილობა ორსულობითაა გამოწვეული, საჭიროა დასვენება და პროტეინით და რკინით მდიდარი საკვების მიღება.

7 ნიშანი - გაღიზიანებადობა;

ორსული ქალები ხშირად ძალიან გაღიზიანებულები არიან. რამდენიმე წუთის განმავლობაში მათ რამდენჯერმე ეცვლებათ გუნება-განწყობა, და ეს სრულებითაც არაა ,კაპრიზი“ – ამაში დამნაშავე ქალის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული ცვლილებებია.

8 ნიშანი -  თავბრუსხვევა;

განსაკუთრებით ხშირია ორსულობის დასაწყისში.  რჩევა: მიიღეთ საკმარისად სითხე და გაღვიძებისთანავე უცებ ნუ წამოდგებით.

9 ნიშანი - საჭმლის მონელების დარღვევა;

ორსულობის ადრეულ სტადიებზე ხშირია ყაბზობა, მუცლის შებერვა ან ფაღარათი.

10 ნიშანი - შარდვის გახშირება;

ეს სიმპტომიც საკმაოდ ხშირია ორსულობის დაწყებისას.

11 ნიშანი -  ბაზალური ტემპერატურა;

ყოველივე ზემოთ მოყვანილთან ერთად, თუკი თქვენი ბაზალური ტემპერატურა 18 დღის განმავლობაში გრაფიკის შუა ხაზს ზემოთაა, მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ თქვენში ახალი სიცოცხლე ჩაისახა. თუმცა ყველაზე სარწმუნო პასუხს, რასაკვირველია, ორსულობის ტესტის ჩატარების შემდეგ მიიღებთ.

allmedic