
ხშირად ხდება, რომ ახალშობილის მოვლაში მამას ყველაზე მცირე როლი აკისრია. რამდენად მნიშვნელოვანია მამის ჩართულობა ამ პროცესში?
როგორც წესი, მამაკაცები ფიქრობენ, რომ მეტი ყურადღება ბავშვის აღზრდას უნდა დაუთმონ, ახალშობილის მოვლა კი ქალის პრეროგატივაა. არა და, პატარასთან დაბადების პირველივე დღეებიდან დაწყებული ურთიერთობა მომავალშიც ახდენს გავლენას. გარდა ამისა, დედას ისედაც მეტისმეტად რთული მისია აკისრია მშობიარობის შემდეგ. ქალების ნაწილი გადაღლილია ან მშობიარობის შემდგომ დეპრესიას განიცდის. მამაკაცის მხრიდან მხარდაჭერა კი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
მამაკაცებს ახალშობილებთან ურთიერთობა, გარკვეულწილად, იმიტომ უჭირთ, რომ ნაკლები ინფორმაცია გააჩნიათ პატარების მოვლაზე - ისინი იშვიათად კითხულობენ ლიტერატურას ამ საკითხზე. ზოგჯერ მამაკაცები ეჭვიანობენ კიდეც, რადგან ოჯახის მთელი ყურადღება ახალშობილზე გადადის. პრობლემა მოგვარდება, თუ მშობლები პატარის მოვლის საკითხებს გაინაწილებენ და დროს ერთმანეთსაც დაუთმობენ.
კვლევებით დადგინდა, რომ დედის და მამის სისხლის წნევა და გულის ცემა თანაბრად იზრდება, როცა მათი პატარა იცინის ან ტირის. ახალშობილის მამას დედისგან სუნით და ხმით განასხვავებს. ბავშვის განვითარებისთვის, სასურველია, მამამ უფრო მეტი დრო გაატაროს მასთან, ხშირად შეეხოს და ესაუბროს.
ერთ-ერთი კვლევის დროს მამებს ჩაუტარდათ ტრენინგი ერთი თვის ბავშვისთვის მასაჟის გაკეთებაში. კვლევის მეორე ჯგუფის მონაწილე მამები ჩვეულებისამებრ განაგრძობდნენ პატარის მოვლაში ჩართულობას. ორი თვის შემდეგ, იმ ჯგუფის მონაწილეებს, რომლებიც ყოველდღიურად თავიანთ ერთი თვის ახალშობილს მასაჟს უკეთებდნენ, პატარები მეტი სიხარულით ხვდებოდნენ, ამყარებდნენ თვალით კონტაქტს, უღიმოდნენ, რაც მკვეთრად განსხვავდებოდა მეორე ჯგუფის ახალშობილების ქცევისგან.
კვლევებმა დაადგინა, რომ 12-14 თვის პატარები უფრო ადვილად ამყარებდნენ კონტაქტს ხალხთან, როცა მამაც აქტიურად იყო ჩართული მის მოვლაში. ისინი უფრო კომუნიკაბელურები და დამოუკიდებლები იყვნენ თანატოლებთან შედარებით. მამასთან ხშირი ურთიერთობით პატარები გარემოსთან ადვილად ადაპტირებადები ხდებიან, არიან მეტად გახსნილები და მარტივად სწავლობენ ლაპარაკს.
მშობლებმა პატარასთან ურთიერთობა მისი დაბადებისთანავე უნდა დაიწყონ. ეს ახალშობილისთვისაც აუცილებელია და სრულფასოვანი ოჯახის შენარჩუნებაშიც დიდ როლს თამაშობს.