შარდკენჭოვანი დაავადება
შარდკენჭოვანი დაავადება
allmedic
შარდკენჭოვანი დაავადება
შარდკენჭოვანი დაავადება
შარდკენჭოვანი დაავადება

შარდკენჭოვანი დაავადება თირკმელების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა. ის გვხვდება ყველა ასაკში, ბავშვობიდან ხანდაზმულობამდე. სადღეისოდ უროლითიაზით (შარდკენჭოვანი დაავადებით) დაავადებულები იმ პაციენტთა თითქმის ნახევარს შეადგენენ, რომლებიც უროლოგიური დახმარებისთვის მიმართავენ ექიმს. ამ დაავადების მკურნალობა მოითხოვს თანამედროვე დიაგნოსტიკის, შარდკენჭოვანი დაავადების რაციონალური მკურნალობის მეთოდებისა და ქვების მოცილების თანამედროვე პრინციპების ფართო ცოდნას.

დაავადების მატების მუდმივი ტენდენცია  გამოწვეულია  სხვადასხვა ფაქტორით,  რომელთა შორის ყველაზე მეტად განიხილება ჭარბი წონა, შაქრიანი დიაბეტი და ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ე.წ მეტაბოლური სინდრომი.  

 ზოგადად, კენჭები შესაძლოა წარმოიქმნას საშარდე გზების ყველა მონაკვეთზე, შესაბამისად გვხვდება თირკმლის, შარდსაწვეთისა და შარდის ბუშტის კონკრემენტები. შარდის ბუშტის კონკრემენტები როგორც წესი შარდის ბუშტის სრულყოფილად დაცლის დარღვევის დროს წარმოიქმნება, მაშინ როდესაც თირკმლისა და შარდსაწვეთის კონკრემენტები ნივთიერებათა ცვლის დარღვევით, ინფექციით ან ანატომიური თავისებურებებით არის განპირობებული.

 საკუთრივ თირკმლის კენჭებს, მათ შორის ე.წ მარჯნისებურ კენჭს ტიპიური ჩივილები არ ახსიათებს, მეტად დამახასიათებელია ყრუ ან ზომიერი ტკივილი წელის არეში. მას შემდეგ, რაც კენჭი იწყებს მოძრაობას შარდსაწვეთის მიმართულებით ან უშუალოდ შარდსაწვეთში, ირღვევა შარდის ნორმალური, ფიზიოლოგიური დინება, ვითარდება შარდის შეგუბება, რაც წარმოადგენს მწვავე ტკივილის მიზეზს და ყალიბდება, თირკმლის ჭვალისთვის დამახასიათებელი კლინიკური სურათი. აღნიშნულ სიტუაციაში, უროლოგის მიერ პირველ რიგში ხდება ტკივილის კუპირება, ექოსკოპიური და რენტგენოლოგიური კვლევებით კენჭის ზომის, მისი მდებარეობის დადგენა და  ამის შემდგომ მნიშვნელოვანი დილემის გადაწყვეტა: აქვს თუ არა კენჭს შანსი, სპონტანურად, მედიკამენტების დახმარებით დატოვოს საშარდე გზები, თუ საჭიროა კონკრემენტის მოცილებისთვის რაიმე დამატებითი ღონისძიებების განხორციელება.

 ქიმიური შემადგენლობის მიხედვით კენჭები ძირითადად იყოფა შემდეგ ჯგუფებად: კალციუმ-ოქსალატი 70-75 %, შარდმჟავა ქვები 10 %, დანარჩენ შემთხვევაში კალციუმ-ფოსფატი, მაგნიუმ-ამონიუმ-ფოსფატი (ე.წ ინფექცური ქვები) და ცისტინი. მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომელიც ხელს უწყობს ქვების წარმოქმნას წარმოადგენს:

1.  არასწორი კვება, ჭარბი წონა;

2.  მცირე რაოდენობით სითხის მიღება;

3.  საშარდე გზების ინფექცია;

4.  ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;

5.  საშარდე გზებში ნორმალური უროდინამიკის დარღვევა;

6.  თანდაყოლილი დაავადებები;

 შარდ-კენჭოვანი დაავადება შესაძლოა სხვადასხვა სიმპტომატიკით გამოვლინდეს, კერძოდ :

თირკმლის კენჭის შემთხვევაში დაავადება შეიძლება მიმდინარეობდეს ასიმპტომურად ან მცირე სიმპტომებით, მაგ: ქაჩვის შეგრძნება ან ყრუ ხასიათის ტკივილი წელის მიდამოში.

თირკმლის ჭვალის დროს ტკივილი ატარებს ძლიერი შეტევით ხასიათს, ლოკალიზებულია წელის ან შარდსაწვეთის არეში, შესაძლო გადაცემით საზარდულის მიდამოში.

შარდ - კენჭოვანი დაავადების დროს, ან ჭვალის შემდგომ შესაძლოა აღინიშნებოდეს შარდის წითლად შეფერვა.

თანმხლები საშარდე გზების ინფექციის დროს, შესაძლებელია აღინიშნებოდეს წვა ან ცალკეულ შემთხვევებში ტემპერატურის მომატება, შემცივნება, კანკალი, რაც უაღრესად საყურადღებო სიმპტომებია.

  შარდ-კენჭოვანი დაავადების დიაგნოსტიკა იწყება ავადმყოფის გამოკითხვით, ე.წ ავადმყოფობის ისტორიის შეგროვებით, რომლის დროსაც ზუსტდება დაავადების დაწყების, ხანგრძლივობისა და მიმდინარეობის დეტალები, რომელიც სრულდება ავადმყოფის გასინჯვით. მნიშვნელოვანი მომენტია, ექიმის მიერ, წელის არეში ზომიერი დარტყმის დროს, მტკივნეულობის ხარისხის შეფასება, რაც ასევე არსებითი მომენტია შარდ-კენჭოვანი დაავადებისა და თირკმლის ჭვალის დიაგნოსტიკაში. მნიშვნელოვან ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევის მეთოდებს მიეკუთვნება:

1. შარდის საეროთო ანალიზი;

2. საჭიროების მიხედვით შესაძლოა სისხლში განსაზღვრულ იქნას შარდმჟავას და კრეატინინის მაჩვენებლები;

3. მნიშვნელოვანი კვლევის მეთოდია ულტრასონოგრაფიული, ანუ ექოსკოპიური კვლევის მეთოდი, რომელიც წარმოადგენს კვლევის ყველაზე ნაკლებადინვაზიურ მეთოდს;

4. ექსკრეტორული უროგრაფია, რომლის დროსაც ხდება ინტრავენურად საკონტრასტო ნივთიერების შეყვანა, რაც გვაძლევს საშუალებას შევაფასოთ კენჭის ზომა და მდებარეობა, ასევე გვიქმნის წარმოდგენას თირკმლების ფუნქციური მდგომარეობის შესახებ;

5. კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელიც კვლევის ერთ-ერთი ინფორმატიული მეთოდია;

 თირკმლის ჭვალი წარმოადგენს მდგომარეობას, რომელიც მოუთხოვს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას. ავადმყოფმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს, ძლიერი ტკივილი უნდა იქნას ლიკვიდირებული და პაციენტს დიაგნოზის დაზუსტებისა და მკურნალობის შემდგომი ტაქტიკის განსაზღვრისთვის უნდა დაენიშნოს ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები. არსებობს სხვადასხვა სახის მკურნალობის მეთოდი, რომელიც დამოკიდებულია კენჭის ზომაზე, მდებარეობასა და შემადგენლობაზე.

 

პროფილაქტიკა.

თუ ამ დაავადებასთან უკვე გქონდათ შეხება, ნუ გადაამლაშებთ საკვებს და ერიდეთ ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა: დამარილებული ხორცი, თევზი და მჟავე კომბოსტო. ოქსალატებით მდიდარი პროდუქტები კალციუმთან შეერთებისას ქმნიან მყარ ნალექებს - ქვებს. შეზღუდეთ პარკოსნების, კაკაოს, ხსნადი ყავის, ოხრახუშის, რევანდის, ისპანახის, ჩაის, სტაფილოს, ჭარხლის, შოკოლადის, ქაშაყის, კიტრის, გრეიპფრუტის, კომბოსტოს, ტკბილი კარტოფილის, ბარდის, წიწაკის ოდენობა - ყველა ეს პროდუქტი ოქსალატებით არის მდიდარი. შაქრით მდიდარი რაციონი (ჩვეულებრივი შაქარი, სიმინდის ბადაგი, მაღალი რაოდენობის ფრუქტოზის შემცველი სიროფი) ასევე ხელს უწყობს შარდში კალციუმის დონის მომატებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის თირკმელში ქვების ჩამოყალიბებისთვის. გარდა ამისა, შაქარი ასტიმულირებს ოქსალატებისა და შარდმჟავას (კიდევ ერთი ტიპის ქვების კომპონენტი) შემცველობის მომატებას. კოფეინისა და ალკოჰოლის გავლენით სტიმულირდება შარდით კალციუმის დაკარგვის პროცესი, რაც ზრდის კალციუმშემცველი ქვების წარმოქმნის შესაძლებლობას. კალციუმის შარდით დაკარგვა იმატებს ქალებში, რომლებიც ესტროგენებს იღებენ. რადგან C ვიტამინის გახლეჩის დროს ორგანიზმში ოქსალატი ან მჟაუნმჟავა წარმოიქმნება, ამიტომ ამ ვიტამინის მაღალმა დონემაც შეიძლება კალციუმის ოქსალატის შემცველი ქვების წარმოქმნას შეუწყოს ხელი. თუმცა რამდენიმე გამოკვლევის შედეგები მიუთითებს, რომ შარდში ოქსალატების შემცველობა დიდად არ იმატებს, თუ C ვიტამინის ოდენობამ დღეში 6 გრამს არ გადააჭარბა და ამ შემთხვევაშიც, სავარაუდოდ, საფრთხე უმთავრესად მათ ემუქრებათ, ვისაც შარდკენჭოვანი დაავადებისადმი წინასწარი განწყობა აქვთ.  დაბოლოს, უთუოდ უნდა ითქვას, რომ საშარდე სისტემიდან ქვების მოშორება არ არის გამოჯანმრთელების კრიტერიუმი, რადგან ქვები უმეტესად ისევ წარმოიქმნება. ოპერაციული ჩარევით შარდკენჭოვანი დაავადების მკურნალობა არ მთავრდება. წყალმარილოვანი ცვლის კორექციისა და ქვების ხელახალი წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის აუცილებელია საკმაოდ ხანგრძლივი კონსერვატიული მკურნალობა გამოცდილი სპეციალისტის მეთვალყურეობით.  

allmedic