
სინუსიტი ეს არის ცხვირისა და მისი დანამატი წიაღების ინფექციური - ანთებითი პროცესი. სინუსები ეს არის ოთხი წყვილი ჰაეროვანი ღრუ, რომლებიც მოთავსებული არიან ცხვირის ირგვლივ. მათ ასევე უწოდებენ პარანაზალურ ღრუებს და ცხვირის დანამატ წიაღებს.ისინი ამოფენილია თხელი ლორწოვანი გარსით,რომელიც ნორმაში გამოიმუშავებს მცირე რაოდენობით ლორწოს. განასხვავებენ დაავადების ორ ტიპს: მწვავე სინუსიტი (ახასიათებს ლორწოვანის ჰიპერემია, ჩირქოვანი გამონადენი ცხვირიდან და გძელდება 2- 3 კვირა) და ქრონიკული სინუსიტი (ჩვეულებრივ ვითარდება მორეციდივე და არასრულად ნამკურნალები მწვავე სინუსიტის შემდეგ).
წიაღების მიხედვით შეიძლება შეგვხვდეს შემდეგი სახის დაავადებები :
1. ჰაიმორიტი - ზედა ყბის წიაღის ლორწოვანის ანთება;
2. ფრონტიტი - შუბლის წიაღის ანთება;
3. ეთმოიდიტი - ცხავის ძვლის ლაბირინთის ანთება;
4. სფენოიდიტი - ძირითადი ძვლის წიაღის ანთება;
ყველა წიაღი იხსნება ცხვირის ღრუში და მათი ბუნებრივი სავალი ემსახურება ჰაერისა და ლორწოს თავისუფალ გამოდევნას წიაღებიდან, ამიტომ ნებისმიერი ინფექცია, იმუნური ან ალერგიული რეაქცია ცხვირის ღრუში იწვევს სინუსების ანთებას. ანთების დროს ჰაერი, ჩირქი და სხვა სახის ექსუდატი იწვევს ზეწოლას სინუსების კედელზე, რასაც ახლავს ძლიერი ტკივილი. ამასთანავე თუ ანთებითი პროცესი გამოიწვევს ბუნებრივი სავალის დახშობას, სინუსებში ვითარდება უარყოფითი წნევა, ვაკუუმი, რაც თავისთავად იწვევს ტკივილის სინდრომს.
მწვავე ფორმით დაავადებისას ჩნდება განცდა, რომ ზეწოლა აქვს ორივე სინუსს, უფრო მძიმე შემთხვევაში ტკივილი ვრცელდება შუბლზე, კისერზე, გარდა ამისა შეიძლება გამოიწვიოს კბილის ტკივილიც. ასევე გამოიხატება ცხვირით სუნთქვის სირთულე, ჩირქოვანი ლორწოს მომწვანო გამონადენი ცხვირიდან, ხშირად დაავადებას თან ახლავს მაღალი ცხელება და ზოგადი სისუსტე.
მკურნალობისთვის გამოიყენება სხვადასხვა მეთოდი. შეიძლება იყოს ანტიბიოტიკები, კორტიკოსტეროიდები, ცხვირის წიაღის გამორეცხვა. მეთოდის შერჩევისა და ადეკვატური მკურნალობისთვის აუცილებელია მიმართოთ ექიმს.