თავის ტკივილი
თავის ტკივილი
allmedic
თავის ტკივილი
თავის ტკივილი
თავის ტკივილი

ამ პრობლემასთან შეხება ერთხელ მაინც ალბათ ყველა ჩვენგანს ჰქონია. ყველასთვის ცნობილია გრძნობა თითქოს თავი ორ ნაწილად იხლიჩება. ასეთ მომენტებში ისმის კითხვა: რამ გამოიწვია თავის ტკივილი და როგორ გავუმკლავდე?
  ხშირად თავის ტკივილის მიზეზი ხდება შიდა თავისქალის წნევის ზრდა და შედეგად ვიღებთ გაფართოებულ ან შევიწროებულ თავის ტვინის სისხლძარღვებს. თავის ტკივილი სხვადასხვანაირია - მწვავე და არცთუ ისე ძლიერი, მოულოდნელი და ნელა მზარდი, ზოგჯერ მთელ თავს მოიცავს, ზოგჯერ - მხოლოდ მის რომელიმე ნაწილს.  თავის ტკივილის ყველაზე ხშირ ვარიანტს დაძაბვის თავის ტკივილი წარმოადგენს, რომელიც მსოფლიოს მოსახლეობის 90%-ს აღენიშნება. ადრე დაძაბვის თავის ტკივილს რამდენიმე სინონიმი ჰქონდა. მათ უწოდებდნენ: ფსიქალგიას, სტრესოგენულ თავის ტკივილს, იდიოპათურ თავის ტკივილს და სხვ.

 თავის ტკივილის საერთაშორისო ასოციაციამ დაძაბვის თავის ტკივილის სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები შეიმუშავა: 

თავის ტკივილის ეპიზოდების ხანგრძლივობა 30 წუთზე ნაკლები არ უნდა იყოს - ეპიზოდური დაძაბვის თავის ტკივილის შემთხვევაში ტკივილის ხანგრძლივობა მერყეობს 30 წუთიდან 7 დღემდე; ქრონიკული დაძაბვის თავის ტკივილის დროს კი შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ყოველდღიურ და მუდმივი ხასიათის თავის ტკივილს. თავის ტკივილს შეიძლება „მოჭერითი“ ან მონოტონური ხასიათი ჰქონდეს. მოპულსირე ტკივილი სპეციფიკური არ გახლავთ.

ღამით ან გათენებისას აღმოცენებული თავის ტკივილი: ახასიათებს ქალაშიდა წნევის მატებას;

თავის ერთი ნახევრის ტკივილი ახასიათებს შაკიკს;

თავის ტკივილი, რომელსაც ახლავს მხედველობის მოშლა (მხედველობის გაუარესება და შავი წერტილების გაჩენა თვალების წინ) და/ან სინათლის შიში: დამახასიათებელია ჰიპერტენზიისა და შაკიკისთვის. 

თავისა და სახის ერთ-ერთი ნახევრის განმეორებითი ტკივილი, რომელიც ძალიან ძლიერია და შეტევითი: ახასიათებს სამწვერა ნერვის ერთ-ერთი ტოტის ანთებას. 

თავის ტკივილი შეიძლება განაპირობოს ისეთი პროდუქტებით კვებამ, რომელთა მიმართაც მგრძნობიარეა ადამიანი. ეს განსაკუთრებით ამინებისა და ნიტრატების შემცველ პროდუქტებს ეხება. 

 ნიტრატებს გამოიყენებენ ხორცის კონსერვირებისათვის, მისთვის ცხარე გემოსა და ვარდისფრის მისაცემად. ნიტრატები შედის შებოლილ ხორცში, მარინადებში, ჰოთ-დოგებში, ძეხვეულში, შაშხში.

 ამინებს შეუძლიათ თავის ტკივილის გამოწვევა, რადგან აქვთ სისხლძარღვების შევიწროებისა და შემდეგ მათი გაფართოების უნარი, რაც ტკივილს იწვევს. ამინებს შეიცავს ყველი, მარინადები, პილპილი, ღვიძლი, ღორის ხორცი, შებოლილი ხორცი, ბანანი, ქლიავი, ანანასი, ლობიო, სოია, კაკალი, ხახვი, შოკოლადი, ვანილი, ციტრუსი, სოიის სოუსები.

ეს არ ნიშნავს, რომ ზემოთ დასახელებული პროდუქტები ადამიანმა არ უნდა მოიხმაროს, მაგრამ ვისაც თავის ტკივილისადმი მიდრეკილება აქვს, უნდა შეზღუდოს მათი მიღება.

აღსანიშნავია ისიც, რომ კოფეინი თავის ტკივილის განვითარების რისკს ზრდის, რასაც განაპირობებს ის, რომ კოფეინის მოქმედების გავლის შემდეგ ხდება სისხლძარღვების გაფართოება. კოფეინის შემცველი სასმელებია: ყავა, ჩაი, კაკაო.

მკურნალობის ტაქტიკის დაწყება პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებითაა მიზანშეწონილი.

 

თავის ტკივილის პროფილაქტიკა
თავის ტკივილის დროს უდიდესი მნიშვნელობა აქვე სრულფასოვან დასვენებას. ადამიანი უნდა დაწვეს და ადგეს ერთსა და იმავე დროს, ღამის ძილის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს 6-8 საათს, მნიშვნელოვანია ადრე დაწოლა და ადრე ადგომა, უნდა გვეძინოს კარგად განიავებულ ოთახში, უმჯობესია, ფანჯრის ღია (ოდნავ შეღებული მაინც) დატოვება, ძილის დროს თავი პატარა და რბილ (რომელიც ადვილად იღებს თავის ფორმას) ბალიშზე უნდა გვედოს.

გახსოვდეთ! 

ნორმალური, სულფასოვანი ძილი თავის ტკივილის მნიშვნელოვანი პროფლაქტიკაა.

დღეში 20-30 წუთიანი ვარჯიში, სირბილი, 3-4-ჯერ კვირაში აუზზე ცურვა თავის ტკივილის დამარცხებაში დაგეხმარებათ, რადგან ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ქსოვილებისთვის ჟანგბადის მიწოდებას, აუმჯობესებს სისხლძარღვების ელასტიკურობას (იმატებს სისხლძარღვების შევიწროებისა და გაფართოების უნარი); აუმჯობესებს ხასიათს, რაც არაჩვეულებრივი "ანტიდეპრესანტია";

 ასევე მნიშვნელოვანია მარილის მოხმარების შეზღუდვა, უარის თქმა სიგარეტზე, ალკოჰოლური სასმელების ჭარბად მოხმარებაზე და რასაკვირველია, ნარკოტიკებზე. 

allmedic