
ფრჩხილის ფირფიტის და ფრჩხილის საწოლის სოკოვან ინფექციას ონიქომიკოზი ეწოდება. ის აზიანებს როგორც ხელის, ასევე ფეხის ფრჩხილებს. ხშირ შემთხვევაში, ერთდროულად რამდენიმე ფრჩხილია დაზიანებული, უყურადღებობის შემხვევაში კი ინფექცია შეიძლება, ყველა ფრჩხილზე გავრცელდეს.
რა იწვევს დაავადებას?
დაავადების გამომწვევს წარმოადგენს უმეტესად სოკო Trichophyton rubrum. ასევე იშვიათად კანდიდას გვარის სოკოები. განვითარების ხელშემწყობი ფაქტორებია :
1. ნესტიანი გარემო (თუ ადამიანი დაბანის შემდეგ ფეხს კარგად არ იმშრალებს და თითებს შორის ნესტი რჩება);
2. ვიწრო, დახურული ფეხსაცმლის ხანგრძლივი ტარება;
3. უხარისხო ფეხსაცმელი;
4. ფეხის მომატებული ოფლიანობა;
5. ფრჩხილის მიკროტრავმები და მასში ინფექციის შეღწევა (რაც განსაკუთრებით ხშირია მანიკურის ან პედიკურის გაკეთების დროს).
როგორ გამოვლინდება დაავადება?
თავდაპირველად ონიქომიკოზი დიდ დისკომფორტს არ იწვევს, მაგრამ დროთა განმავლობაში ფრჩხილის ფირფიტას ეცვლება ფერი (მუქდება, მოყვითალო ფერის ხდება),რელიეფი და კანსა და ფრჩხილს შორის სიცარიელე ჩნდება. საბოლოოდ ფრჩხილი დეფორმირდება და იმდენად სქელდება, რომ პაციენტს მისი მოჭრაც კი უჭირს.
ხშირ შემთხვევაში ონიქომიკოზის პარალელურად ვითარდება კანის სოკო, რასაც თითებს შორის სისველე, ნახეთქები, ქავილი და სიწითლე ახასიათებს.
არის თუ არა დაავადება გადამდები?
ონიქომიკოზი გადამდები დაავადებაა და მისი გადაცემა ხდება დაავადებული ადამიანის ნივთებთან კონტაქტით (ფეხსაცმელთან, თეთრეულთან და ა.შ.); შესაძლებელია, ადამიანი დაინფიცირდეს - ზღვაზე, აბანოში, საშხაპეში, აუზზე, სპორტულ დარბაზებში, მით უმეტეს, თუ ჰიგიენის ნორმები არ არის დაცული.
როგორ ხდება დიაგნოზის დასმა?
დიაგნოზის დასაზუსტებლად ფრჩხილის გარეგანი დათვალიერება არ კმარა და აუცილებელია ფრჩხილის ანაფხეკის ლაბორატორიული ანალიზი, რაც მოგვცემს საშუალებას, დავადგინოთ, სოკოს რომელ სახეობასთან გვაქვს საქმე.
განკურნებადია თუ არა დაავადება?
დაავადება განკურნებადია.
როგორია მკურნალობის მეთოდები?
ონიქომიკოზის სამკურნალოდ გამოიყენება:
გარეგანი საშუალებები (მალამოები, ხსნარები) და შინაგანად მისაღები პრეპარატები.
პირველ რიგში, უნდა მოიხსნას დაზიანებული ფრჩხილი, რაც ხელს შეუწყობს დაზიანებულ მიდამოებში პრეპარატების შეღწევას და გაცილებით დააჩქარებს განკურნების პროცესს.
დაზიანებული ფრჩხილის მოხსნა შეიძლება მექანიკურად ან სპეციალური დასაკრავი საშუალებებით. ორივე შემთხვევაში, პროცედურა უმტკივნეულოა და პაციენტისთვის არავითარ დისკომფორტს არ წამოადგენს.
ხშირად პაციენტებს ჰგონიათ, რომ დაზიანებული ფრჩხილის მოხსნით პრობლემა მოგვარებულია და მკურნალობას აღარ აგრძელებენ. არადა, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ დაზიანებული ფირფიტის ადგილს მთლიანად ჯანსაღი ფრჩხილი არ დაიკავებს - ამას კი, როგორც წესი, 3-6 თვე სჭირდება (ხელის ფრჩხილები 3-4 თვის განმავლობაში იზრდება, ხოლო ფეხისას - 5-6 თვე სჭირდება).
რაში მდგომარეობს დაავადების პროფილაქტიკა?
იმისთვის, რომ დაავადება ხელმეორედ არ განვითარდეს, აუცილებელია იმ ნივთების დეზინფექცია, რასაც პაციენტი ეხება : მანიკურისა და პედიკურის ხელსაწყოები, წინდები და ა.შ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფეხსაცმლის დამუშავება - პაციენტმა აბსოლიტურად ყველა ფეხსაცმელი შიგნიდან უნდა დაამუშაოს ბამბით და ფორმალინის ხსნარით ან ძმრის ესენციით. დამუშავებული ფეხსცმელი 2-5 დღით უნდა მოთავსდეს ჰერმეტულად დახურულ პოლიეთილენის პარკებში, შემდეგ კი მზეზე გამოშრეს. ამის შემდეგ აუცილებელია სოკოს საწინააღმდეგო სპრეის გამოყენება. ზღვაზე, საზოგადოებრივ აბანოებში, აუზზე, სპორტულ დარბაზებში დაიცავით პირადი ჰიგიენა და სპეციალური რეზინის ფეხსაცმელი ატარეთ. აუზიდან ამოსვლის შემდეგ კი თითებს შორის არეები კარგად გაიმშრალეთ და ძმრის სუსტი ხსნარით ან სპირტით დაიმუშავეთ.