წყლის ბალანსის მნიშვნელობა ორგანიზმისთვის
წყლის ბალანსის მნიშვნელობა ორგანიზმისთვის
allmedic
წყლის ბალანსის მნიშვნელობა ორგანიზმისთვის
წყლის ბალანსის მნიშვნელობა ორგანიზმისთვის
წყლის ბალანსის მნიშვნელობა ორგანიზმისთვის

წყლის ბალანსის დაცვა ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მითუმეტეს, ზაფხულში, როცა გარეთ ძალიან ცხელა, ორგანიზმისთვის საჭირო წყლის ოდენობაც იზრდება.  იუნესკოს მონაცემებით აღმოჩნდა, რომ დედამიწის 1 მილიარდზე მეტ მცხოვრებს საერთოდ არ მიუწვდება ხელი უსაფრთხო და დაუბინძურებელ წყალზე. ჩვენ, აშკარად გაგვიმართლა. თუმცა, ადამიანების უმრავლესობა წყლის საკმარის რაოდენობას მაინც არ იღებს. რატომ გვჭირდება წყალი?

საკვების გარეშე ადამიანი რამდენიმე კვირის განმავლობაში გაძლებს, მაგრამ წყლის გარეშე არსებობა მხოლოდ რამდენიმე დღე შეუძლია. წყალი ორგანიზმს მეტისმეტი გაციების ან გადახურებისგან იცავს. ადამიანის ორგანიზმის დაახლოებით 70% წყალია.  თუმცა ესეც ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული- თუნდაც, წონაზე და ასაკზე. მაგალითად, ახალდაბადებული ადამიანის ორგანიზმის 86% წყალია, ხოლო ზრდასრულის -50%.

რამდენი ლიტრი წყალი უნდა დავლიოთ დღის განმავლობაში? - ამაზე უამრავი მოსაზრება არსებობს. ადამიანების ერთი ნაწილი თვლის, რომ 1,5 ლიტრი სრულიად საკმარისია. იაპონელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ დღე-ღამეში შინაგან სისტემებს ფუნქციონირებისას არანაკლებ 3 ლიტრი წყალი ესაჭიროება. სინამდვილეში ორგანიზმისთვის წყლის საჭირო ოდენობა დამოკიდებულია ადამიანის:

ასაკზე  -  მაგალითად 16-30 წლის ახალგაზრდას ორგანიზმი მეტ წყალს საჭიროებს, ვიდრე 31-54 წლის ადამიანი.

წონაზე - რაც უფრო მეტს იწონის ადამიანი, მით მეტი სითხე უნდა მიიღოს დღის განმავლობაში.

დატვირთვის დონეზე - ვარჯიშისას მეტი ოფლი გამოიყოფა. შესაბამისად ორგანიზმი წყლის ბალანსის აღდგენას საჭიროებს.

ჯანმრთელობაზე - როცა სხეულის ტემპერატურა მაღალია, მის დარეგულირებაში სითხე დიდ როლს ასრულებს.

კლიმატზე - საქართველოში გაცილებით მეტი წყალი უნდა მიიღოს ადამიანმა, ვიდრე თუნდაც, ფინეთში მცხოვრებმა. ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან გასამკლავებლად ორგანიზმი მეტ სითხეს მოითხოვს.

აგრეთვე, ყურადღება უნდა მივაქციოთ, რა რაოდენობის ოფლი გამოიყოფა დღის განმავლობაში და  იღებს თუ არა ადამიანი მედიკამენტებს.

დავიკლებთ თუ არა  წონაში  წყლის მეტი რაოდენობის მიღებით?

თუ ჩვენ სხვა სასმელს, რომელსაც დღის განმავლობაში ვიღებთ, წყლით ჩავანაცვლებთ, მიღებული კალორიების რაოდენობაც შემცირდება და წონაში იმ შემთხვევაშიც დაიკლებთ თუ თქვენი კვების რაციონში არაფერს შეცვლით. 

წყალი გარკვეულწილად მადასაც თრგუნავს. მეტი სითხის მიღებით საჭმლის რაოდენობას შეამცირებთ. თანაც, წყლის დალევის შემდეგ, ყავის და ჩაისაგან განსხვავებით, ნაკლებად გვინდება ტკბილეულის მირთმევა.

არიან ადამიანები, რომლებსაც დიდი რაოდენობით წყლის მიღება არ შეუძლიათ. ასეთ დროს თავს ძალას ნუ დაატანთ ,,დღიური გეგმის’’ შესანარჩუნებლად. ასეთ დროს შეგიძლიათ ის ხილი და ბოსტნეული მიირთვათ, რომლებსაც წყლის მაღალი შემცველობა გააჩნიათ და დაბალკალორიულები არიან (მაგალითად, ფოთლოვანი ბოსტნეული, კიტრი, ნიახური, პომიდორი, მწვანილი, წიწაკა, ნესვი, მარწყვი). თუმცა, ასეთი საკვებით, ცხადია, წყალს ვერ ჩაანაცვლებთ. თუ არ გწყურდებათ და ძალიან ცოტა სითხეს იღებთ, მაშინ თქვენ გაუწყლოების საფრთხის ქვეშ ხართ.  ეცადეთ წყალი ხშირად მოსვათ, თუნდაც ერთი ყლუპი. წყურვილის გრძნობას ნუ დაელოდებით.

ქვემოთ მოცემულია სიმპტომები, რომელიც გაუწყლოებას ახასიათებს:

  • ფიზიკური აქტივობის შემდეგ თქვენი წონის 2%-ს ან უფრო მეტს იკლებთ;
  • შარდი მუქი  ყვითელია, ან საერთოდ, ძალიან იშვიათად შარდავთ;
  • თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გადაღლილობა;

თუ ამ ჩამონათვალიდან რომელიმეს მაინც შეამჩნევთ, აუცილებლად გაზარდეთ წყლის მიღების რაოდენობა! თუ თავს მეტისმეტად შეუძლოდ გრძნობთ, ან თქვენი სხეულის ტემპერატურა გაიზარდა, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

allmedic