
მწვავე ფარინგიტი ხახის ლორწოვანი გარსის ანთებაა. ის, ჩვეულებრივ, შერწყმულია რინიტთან (ცხვირიდან გამონადენი), მწვავე ტონზილიტთან (ნუშურა ჯირკვლების ანთება) ან ლარინგიტთან (ხორხის ანთება), იწვევს ხორხის შეშუპებას ყველაზე ვიწრო ადგილას, სახმო იოგების მიდამოში, და ცრუ კრუპს, რომელიც ხელს უშლის სუნთქვას, ამიტომ დაავადებასთან ბრძოლა უნდა დაიწყოთ მაშინვე, როგორც კი ბავშვი დაიჩივლებს, რომ ყელი სტკივა.
ეტიოლოგიური ფაქტორები :
1. ვირუსი - რინოვირუსი, კორონავირუსი, ექოვირუსი, კოკსაკი, გრიპის და პარაგრიპის ვირუსი, შედარებით იშვიათია ეპშტეინ-ბარის ვირუსი, ციტომეგალოვირუსი, ადენოვირუსი, მარტივი ჰერპესის ვირუსი;
2. ბაქტერიული ფლორა - A ჯგუფის ჰემოლიზური სტრეპტოკოკი განაპირობებს ფარინგიტის შევთხვევათა 10 – 15 % - ს მოზრდილებში და 30 % - ს ბავშვებში;
3. ქიმიური (სიგარეტის მოხმარება)
4. მექანიკური აგენტი (ნაკაწრი, ნაფხაჭნი)
5. ალერგია;
6. პოსტნაზალური წვეთი;
7. იშვიათი კიბო (ადრეულ სტადიაში კიბო ხშირად ვლინდება ტკივილის სიმპტომით).
ფარინგიტის კლასიკური სიმპტომები - ხახაში ჩაფხაჭნის შეგრძნება, მცირედი ტკივილი ყლაპვის დროს (ტკივილი მეტადაა გამოხატული ნერწყვის გადაყლაპვის დროს, ვიდრე საკვებისა). სხეულის ტემპერატურა შეიძლება იყოს სუბფებრილური; ზოგადი მდგომარეობა როგორც წესი, ნაკლებად ზიანდება. ფარინგოსკოპიით ხახის ლორწოვანი გარსი, მათ შორის სასის ნუშები, ჰიპერემიულია, ადგილებზე მოჩანს ლორწოვან – ჩირქოვანი ნადები, ზოგჯერ ხახის უკანა კედელზე ჩანს ცალკეული ფოლიკულები წითელი მარცვლების სახით, ნაქი შეშუპებულია. უმცროსი ასაკის ბავშვებში დაავადება შედარებით მძიმედ მიმდინარეობს. იგი ხშირად შერწყმულია ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის ანთებასთან და მწვავე კატარულ რინიტთან; ირღვევა ცხვირით სუნთქვა.
მწვავე ფარინგიტის დიაგნოზი ეყრდნობა :
1 . კლინიკურ ნიშნებს.
2. ლაბორატორიულ გამოკვლევებს : ხახის ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა ან ანტიგენის დეტექციის სწრაფი ტესტი
მკურნალობა :
მწვავე ფარინგიტის ყველა შემთხვევა არ არის ბაქტერიული ეტიოლოგიის, ასე რომ ალოგიკურია მწვავე ფარინგიტის ყველა შემთხვევაში გამოყენებული იქნეს ანტიბიოტიკი. ადექვატური ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები ხშირად სავსებით საკმარისია მკურნალობისთვის. შესაძლოა მოხდეს მწვავე ფარინგიტის რეციდივი. მისი მიზეზებია : არაადექვატური ქნტიბიოტიკოთერაპია, პენიცილინ-რეზისტენტული ბეტა-ლაქტამის მაპროდუცირებელი შტამები.