
აბორტი ხშირად ორსულობის ხელოვნურ შეწყვეტასთან ასოცირდება, თუმცა სამედიცინო ენაზე მუცლის მოშლასაც აბორტი ეწოდება. თვითნებითი აბორტი ის შემთხვევაა, როცა ორსულობა დედის სურვილის საწინააღმდეგოდ შეწყდა. სამწუხაროდ, ხშირად ასეთი შემთხვევების მიზეზის დადგენაც ძნელია. ორსულობათა 50% იქამდე წყდება, სანამ ქალი გაიგებს რომ ორსულადაა. თვითნებური აბორტის მიზეზი უამრავი რამ შეიძლება იყოს: გენეტიკა, ინფექციური დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები და სხვა. თირკმელზედა ჯირკვლის დაავადების - ადრენოგენიტალური სინდრომის დროს ენდოკრინოლოგიური ცვლილებები ხდება, რაც პროგესტერონის უკმარისობას იწვევს. პროგესტერონი კი სწორედ ის ჰორმონია, რომელიც ორსულობის შენარჩუნებას უწყობს ხელს.
ორსულობის ვადამდე მიუტანლობას საშვილოსნოს ორგანული დაზიანებაც იწვევს. მიზეზი შეიძლება პოლიპი ან სუბმოკოზური კვანძი იყოს. კვანძების არსებობა ზოგჯერ საშვილოსნოს ღრუს დეფორმაციას იწვევს. ზოგიერთი ქალის საშვილოსო თანდაყოლილი დეფექტითაა - გააჩნია ძგიდე საშვილოსნოს ღრუში, ორრქიანი საშვილოსნო და ა.შ.
შეწყვეტილი ორსულობის მიზეზი საშვილოსნოს ყელის უკმარისობაც შეიძლება გახდეს - როცა ყელის არხი იმდენად ფართოვდება, რომ ნაყოფს საშვილოსნოში აღარაფერი აკავებს.
ორსულობის მიზეზის დადგენა გაცილებით რთულია, როცა გენეტიკურ დარღვევებთან ან ინფექციურ პათოლოგიებთან გვაქვს საქმე.
თვითნებური აბორტის პირველი ნიშანი ტკივილი ან სიმძიმის შეგრძნებაა მუცლის ქვედა ნაწილში. ხშირადაა სისხლიანი ჩამონაშალიც. პროცესის პროგრესირებასთან ერთად ტკივილის ინტენსივოდა და ჩამონაშალის ოდენობაც იზრდება. თუ ექიმს დროულად მიმართავთ, ორსულობის შენარჩუნება ასეთ შემთხვევებში შესაძლებელია.
განმეორებითი დაორსულება წინა ორსულობის მიზეზზეა დამოკიდებული. დაორსულება პრობლემურია, თუ ქალს რამდენიმე თვითნებური აბორტი აქვს გადატანილი. გენეტიკური დარღვევების მკურნალობა და მათი განვითარების პრევენცია კი, ინფექციური ან ენდოკრინული პათოლოგიებისგან განსხვავებით, ფაქტობრივად შეუძლებელია. თუ მკურნალობა სრულყოფილად ჩატარდა, პროგნოზი საიმედოა.
***
მედიკამენტოზური აბორტი კი არასასურველი ორსულობის ხელოვნრუად, ჰორმონული პრეპარატებით შეწყვეტაა. აბორტის ეს სახე უფრო თანამედროვე მეთოდად მიიჩნევა. იგი ორსულობის ადრეულ პერიოდშივე უნდა ჩატარდეს. განსაკუთრებით ეფექტურია ორსულობის ოთხ კვირამდე, როცა ორგანიზმში ჰორმონული ცვლილებები მინიმალურია. მედიკამენტოზური აბორტის უპირატესობა ისაა, რომ არანამშობიარებ ქალებში უნაყოფობის რისკს მინიმუმამდე ამცირებს. ეს მეთოდი არ საჭიროებს პაციენტის კლინიკაში შეყოვნებას. პრეპარატის მიღების შემდეგ პაციენტს შეუძლია სახლში წავიდეს, თუმცა, აუცილებელია პერიოდული ვიზიტები გინეკოლოგთან.
მედიკამენტოზური აბორტი მენსტრუაციის მსგავსად მიმდინარეობს, ოღონდ უფრო ინტენსიური სისხლდენით.
აბორტიდან ორი კვირის განმავლობაში აკრძალულია ფიზიკური დატვირთვა, აბაზანის მიღება, ცურვა, გადაცივება ან გადახურება. აუცილებელია პირადი ჰიგიენის დაცვა, შარდის ბუშტის და ნაწლავების დროულად დაცლა და სქესობრივი კონტაქტისგან თავის შეკავება.
ნებისმიერი საეჭვო სიმპტომის შემთხვევაში პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.