სოლარიუმი და მზე - როგორ გავირუჯოთ სწორად
სოლარიუმი და მზე - როგორ გავირუჯოთ სწორად
allmedic
სოლარიუმი და მზე - როგორ გავირუჯოთ სწორად
სოლარიუმი და მზე - როგორ გავირუჯოთ სწორად
სოლარიუმი და მზე - როგორ გავირუჯოთ სწორად

გარუჯვა ბევრს უყვარს. ზოგს უბრალოდ მზის გულზე ნებივრობა და მზის აბაზანების მიღება სიამოვნებს, ზოგს კი სურს მუქი ფერის კანი ქონდეს. თუ მოკლებული ხართ შესაძლებლობას, რეგულარულად დაისვენოთ სამხრეთის ქვეყნებში, თქვენთან კი ზაფხულობითაც წვიმს, ეს გამოგონება სწორედ სათქვენოა. სოლარიუმში მოკლე ხანში მიიღებთ თანაბარ ბრინჯაოსფერ ნარუჯს, რომელიც მთელი წელი გაახარებს თვალს.

პირველი სოლარიუმები მეოცე საუკუნის სამოცდაათიან წლებში გაჩნდა. მაშინვე დაიწყო კამათი იმის თაობაზე, მავნეა თუ არა სოლარიუმის ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე. ეს კამათი დღემდე გრძელდება. მაშ, ასე: რას გვიქადის სოლარიუმი? რით გვასხივებენ? რა შეიძლება მოჰყვეს სოლარიუმის ნათურების არასწორ გამოყენებას? როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ზიანი მინიმალური იყოს? ვის შეუძლია სოლარიუმში გარუჯვა და ვის - არა? რა განასხვავებს ძვირიან სოლარიუმს იაფფასიანისგან? რა მოულოდნელ უსიამოვნებას შეიძლება შევეჯახოთ იქ?

        დიდი ხანია ცნობილია, რომ მზე ულტრაიისფერ სხივებს ასხივებს. გარკვეული დოზით ეს სხივები სასარგებლოც კია არა მარტო კანისთვის, არამედ მთელი ორგანიზმისთვისაც: ხელს უწყობს იმუნიტეტის მომძლავრებას, ანადგურებს ბაქტერიებს. ულტრაიისფერი სხივების მოხვედრისას ადამიანის ორგანიზმი იწყებს დ ვიტამინის გამომუშავებას, რომელიც ძვლებისთვის არის აუცილებელი - ამაგრებს მათ და აწესრიგებს მინერალურ ცვლას. გარდა ამისა, ულტრაიისფერი სხივების გავლენით ორგანიზმში წარმოიქმნება სხვა სასარგებლო ნივთიერებებიც: ენდორფინები - სიამოვნების ჰორმონები, სეროტონინი - აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას და დიდ როლს ასრულებს ორგანიზმის ცხოველქმედებაში, ხელს უწყობს  ჭრილობების შეხორცებას, ამცირებს თრომბების წარმოქმნის რისკს, მელანინი - იცავს კანს ულტრაიისფერი სხივებით დაზიანებისგან. სხვათა შორის, ნარუჯი სწორედ ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგია, უფრო სწორად, მათ აგრესიულ ზემოქმედებაზე ორგანიზმის თავდაცვითი რეაქცია, რომლის შედეგადაც პიგმენტი მელანინი წარმოიშობა. თუ მზეზე ზოგჯერ საათობით (დილით ან საღამოს, როცა ის ნაკლებაგრესიულია) წევხარ, სოლარიუმში ასე არ შეიძლება, რადგან ულტრაიისფერი გამოსხივება აქ უფრო მიზანმიმართულად მოქმედებს და ამიტომ კანზე მისი ზემოქმედება გაცილებით ძლიერია, ვიდრე მზეზე გარუჯვის დროს. მელანინის მოქმედება იქით არის მიმართული, რომ შეამციროს კანის მიერ ულტრაიისფერი სხივების შთანთქმა. დროთა განმავლობაში ორგანიზმის ეს დამცველობითი ფუნქცია შეიძლება შესუსტდეს და მაშინ უფრო მეტად იზრდება კანის კიბოს - მალანომის წარმოშობის რისკი (კანის კიბოთი ყოველწლიურად დაახლოებით 50 ათასი კაცი იღუპება). გარდა ამისა, სოლარიუმის ჭარბი გამოყენება ვნებს კანის სტრუქტურას, აშრობს და ადუნებს მას, აჩქარებს დაბერებას და მისგან მიღებული მთელი სარგებელი უკვალოდ ქრება.

   გარდა იმისა, რომ სოლარიუმის ხშირმა სტუმრობამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ჯანმრთელობას, არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც სოლარიუმში გარუჯვა საერთოდ არ შეიძლება. სოლარიუმი რეკომენდებული არ არის:

·         მათთვის, ვისაც კანის I ან II ფოტოტიპი აქვთ. ასეთი კანი ღია ფერისაა, ძნელად ირუჯება და ადვილად იწვება;

·         მათთვის, ვისაც სხეულზე აქვს ბევრი ხალი და პიგმენტური ლაქა - ინსოლაცია ხალის გადაგვარების პირველი სტიმულატორია. იგი ზრდის მელანომის განვითარების რისკს;

·         ქრონიკული დაავადებების გამწვავების დროს;

·         მაღალი არტერიული წნევის დროს;

·         გულის დაავადებათა არსებობის შემთხვევაში;

·         ასთმის დროს;

·         ნებისმიერი ონკოლოგიური დაავადების არსებობისას;

·         ქალებისთვის კრიტიკულ დღეებში;

·         შარდსასქესო დაავადებების დროს;

·         მცირე ხნის წინ გადატანილი პლასტიკური ოპერაციის შემდეგ;

·         სეზონური მწვავე ან გამწვავებული გაციებით გამოწვეული დაავადებების დროს;

·         ნებისმიერი ენდოკრინული დაავადების, განსაკუთრებით - ფარისებრი ჯირკვლის დაავადების, დროს.

 

სოლარიუმით სარგებლობისას აუცილებლად უნდა დავიცვათ შემდეგი წესები:

 

·         აუცილებლად უნდა გაიკეთოთ მზის ან სპეციალური დამცავი სათვალე, რადგან ულტრაიისფერი გამოსხივება მავნეა არა მარტო კანისთვის, არამედ თვალებისთვისაც. დახუჭვა საქმეს არ შველის, რადგან ეს სხივები კანშიც აღწევს.

·         აუცილებლად დაიფარეთ ძუძუსთავები - მათი კანი განსაკუთრებით მგრძნობიარეა და შესაძლოა გაღიზიანდეს.

·         აუცილებლად წაისვით სოლარიუმში გარუჯვისთვის საჭირო სპეციალური კრემი ან ლოსიონი, ოღონდ წასმამდე შეამოწმეთ, მათ შემადგენლობაში შემავალ რომელიმე კომპონენტზე ალერგია ხომ არ გაქვთ.

 

ზოგიერთს ჰგონია, რომ გარუჯვა ძალიან ადვილი "საქმიანობაა": წევხარ შენთვის ქვიშიან პლაჟზე და თბები მზეზე. მაგრამ ყველაფერი არც ისე უბრალოდ ხდება, როგორც გვეჩვენება. მზეზე სწორად გარუჯვა მთელი მეცნიერებაა. თუ ამ მეცნიერების დასწავლა გეზარებათ, მაშინ რამდენიმე აუცილებელი წესი მაინც უნდა დაიმახსოვროთ, რომლებიც უსაფრთხო გარუჯვაში დაგეხმარებათ. ამ საქმეში მთავარი ზომიერებაა. მზის სხივები, ერთი მხრივ, კეთილისმყოფელ გავლენას ახდენენ ადამიანის ორგანიზმზე, მეორე მხრივ კი შეუძლიათ, დიდი ზიანი მიაყენონ მას. მაგალითად, მცირე დოზებით ულტრაიისფერი სხივები კიბოს უჯრედების განვითარებას ხელს უშლის, მაგრამ მზის აბაზანების ხანგრძლივი მიღება, პირიქით, მათ გაჩენასა და განვითარებას უწყობს ხელს.სწორედ აქ იჩენს თავს კიდევ ერთი სირთულე: როგორ განვსაზღვროთ ოქროს შუალედი? ეს ძალიან ადვილია. პლაჟზე დილით ან მოსაღამოებულზე გადით. საშიშია შუადღის მზე - ამ დროს გამოსხივება საკმაოდ ძლიერი და ორგანიზმისთვის მავნეა. კიდევ ერთი რჩევა: ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ ზოგი ერთი-ორი საათი წევს მზის გულზე და შინ თანაბარი, ლამაზი ნარუჯით მიდის, ზოგიერთს კი 15 წუთის შემდეგ კანი უწითლდება და სითხით სავსე ბუშტუკებით ეფარება. ამ პრობლემასაც ადვილად მოევლება, მთავარია გამოიყენოთ გარუჯვისათვის საჭირო ის სპეციალური კრემები და ლოსიონები, რომლებიც თქვენი კანის ტიპს შეესაბამება. ღია ფერის კანისთვის უფრო ძლიერი დამცავი საშუალებებია საჭირო, შედარებით მუქისთვის კი - შედარებით სუსტი. მზეზე დიდხანს წოლა არ შეიძლება მათთვის, ვისაც სხეულზე ბევრი ხალი და პიგმენტური ლაქა აქვს. მზეზე გარუჯვას იგივე უკუჩვენებები აქვს, რაც სოლარიუმს. ასეა თუ ისე, ამ მარტივი წესების ცოდნით შეგიძლიათ დიდი სიამოვნებით და, რაც მთავარია, სრულიად უსაფრთხოდ გაატაროთ შვებულება ზღვის სანაპიროზე და შინ თვალისმომჭრელი ნარუჯით დაბრუნდეთ.

allmedic