თანამედროვე მეანობაში ულტრასონოგრაფიულ გამოკვლევას დიდი, ზოგჯერ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. რით ეხმარება დიაგნოსტიკის ეს მეთოდი მომავალი ბავშვის ამქვეყნად მოვლინებას? ამ და სხვა კითხვებს კლინიკა ,,ოქსფორდ მედიქალ ჯორჯიას'' ექიმი რადიოლოგი უპასუხებს.
გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო ხანს პერინატალური შედეგის რევოლუციურ გაუმჯობესებას მედიცინა სწორედ ულტრაბგერით დიაგნოსტიკას უნდა უმადლოდეს.
- მაინც საიდან იწყება ორსულობა? როდიდან არის შესაძლებელი ორსულობის დადგენა ულტრაბგერითი მეთოდით?
- ორსულობა იწყება იმ ულტრაბგერითი გამოკვლევის წუთიდან, რომელმაც ორსულობა დაადასტურა. საშვილოსნოს ღრუს ორსულობის რეგისტრაცია თანამედროვე ვაგნალური ულტრაბგერითი სკანერის მეშვეობით შესაძლებელია ჩასახვიდან 2,5-3 კვირის შემდეგ, რაც შეესაბამება მენსტრუაციის გადაცდენას 3-5 დღით. ულტრაბგერითი კვლევისას ორსულობის ვადის განსაზღვრისთვის იყენებენ ეგრეთ წოდებულ ემბრიოლოგიურ ვადას - დროს, რომელიც ათვლილია სასქესო უჯრედების შესაძლო შერწყმის მომენტიდან, მაშინ როდესაც დიდ მეანობაში მიღებულია ორსულობის ვადის ათვლა უკანასკნელი მენსტრუაციის პირველი დღიდან, რაც ზოგჯერ გაუგებრობას წარმოშობს. ემბრიოლოგიური გესტაციური ასაკის სამეანო ვადასთან შესათანხმებლად საკმარისია, პირველს მივუმატოთ 2-2,5 კვირა. ამრიგად, ბლასტოცისტა, რომელიც ასრულებს საშვილოსნოს კედელში იმპლანტაციის პროცესს, სწორედ ორსულობის 2,5-3 კვირის ვადაზე ხდება კვლევისათვის ხელმისაწვდომი. ამ მომენტიდან მას ეწოდება სანაყოფე კვერცხი, და გამოიყურება როგორც მრგვალი ან წვეთისებრი ფორმის ერთგვაროვანი ექონეგატიური სითხე, რომელსაც გარს აკრავს 4-5 მმ სისქის გარსი. ემბრიონსა და ჩანასახგარე ორგანოებს ჯერ კიდევ მიკროსკოპული აგებულება აქვს და ულტრასონოგრაფიულად არ ჩანს.
- როგორ ვითარდება ნაყოფი ორსულობის სხვადასხვა ვადაზე?
- ორსულობა უკანასკნელი მენსტრუაციის პირველი დღიდან აითვლება და საშუალოდ 280 დღე, ანუ 10 სამეანო თვე გრძელდება (სამეანო თვის ხანგრძლივობა 28 დღეა. 10 სამეანო თვე 40 კვირას უტოლდება).
• პირველი თვის (4 კვირა) განმავლობაში ხდება ზიგოტის დაყოფა, იმპლანტაცია, მნიშვნელოვანი ორგანოებისა და ჩანასახოვანი გარსების განვითარება.
• მე-5 კვირიდან ჩანს ემბრიონის პულსაცია - გულის შეკუმშვები, მაგრამ ეკრანზე თავად გულის გარჩევა ჯერ კიდევ შეუძლებელია.
• მე-7 კვირის ბოლოს ჩანს ფორმირებადი ხერხემალი და თავის ქალა.
• მეორე თვის ბოლოს (8 კვირა) ნაყოფის სიგრძე აღწევს 3-3,5 სმ-ს, მისი სხეული ფორმირებულია, აქვს კიდურების ჩანასახები, თავი უტოლდება სხეულის სიგრძეს, მასზე შეინიშება თვალების, ცხვირის, პირის ჩანასახები, ფორმირებას იწყებს სასქესო ორგანოები.
• მესამე თვის ბოლოს (12 კვირა) ნაყოფის სიგრძე 8-9 სმ-ია, წონა - 48 გრამი, თავი მსხვილია, შეინიშნება განსხვავება გარეთა სასქესო ორგანოების აგებულებაში, კიდურები მოძრაობენ, ჩანს ხელისა და ფეხის თითები, ჩონჩხის ხრტილების ჩანასახში ვლინდება გაძვალების პირველი წერტილები.
• მეოთხე თვის ბოლოს (16 კვირა) ნაყოფის სიგრძე 13,5 სმ-ია, წონა - 120-180 გ. ყალიბდება სახე, ხდება ქალას გაძვალება, ძირითადად სრულდება კუნთოვანი სისტემის ფორმირება, კიდურების მოძრაობა უფრო აქტიურია, მაგრამ დედა ჯერ ვერ აღიქვამს. ნათლად ჩანს ნაყოფის სქესი.
• მეხუთე თვის ბოლოს (20 კვირა) ნაყოფის სიგრძე 18,5 სმ-ს აღწევს, წონა - 280-300 გრამს. კანი წითელია, ღინღლით იფარება. ცხიმის ჯირკვლები იწყებს ცხიმოვანი ნივთიერების გამოყოფას, რომელსაც ერევა ეპიდერმისის ქერცლი და წარმოქმნის ხაჭოსებრ საცხს. ნაწლავებში წარმოიქმნება მეკონიუმი. დედა გრძნობს ნაყოფის მოძრაობას. ორსულის მუცლის აუსკულტაციისას შეიძლება მოვისმინოთ ნაყოფის გულისცემა.
• მეექვსე თვის ბოლოს (24 კვირა) ნაყოფის სიგრძე 25 სმ-ია, წონა - 600-680 გრამი, მოძრაობა ხდება უფრო ენერგიული.
• მეშვიდე თვის ბოლოს (28 კვირა) ნაყოფის სიგრძე 32 სმ-ია, წონა - 1000-1500 გ. კანქვეშა ცხიმი სუსტად არის განვითარებული, კანი ნაოჭიანია, მთელი სხეული დაფარულია ხაჭოსებრი საცხით და ღინღლით. ყურისა და ცხვირის ნიჟარები რბილია, ბიჭუნებს სათესლე ჯირკვლები ჯერ არ აქვთ ჩამოსული სათესლე პარკში, გოგონების დიდი სასირცხო ბაგეები ვერ ფარავს მცირეს. დაბადებული ნაყოფი საკმაოდ აქტიურად ამოძრავებს კიდურებს, გამოსცემს სუსტ ხმას.
• მერვე თვის ბოლოს (32 კვირა) ნაყოფის სიგრძე 40-42 სმ-ია, წონა - 1500-2000 გრამი; ნაყოფი იბადება სიცოცხლისუნარიანი, მაგრამ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას.
• ორსულობის მეცხრე თვის ბოლოს (36 კვირა) ნაყოფის სიგრძე 45-48 სმ-ს აღწევს, წონა - 2400-3000 გ-ს. კანქვეშა ცხიმოვანი შრე იზრდება, კანი გლუვია, ვარდისფერი, სხეულზე ღინღლის რაოდენობა იკლებს, თავზე კი ბუსუსები გრძელდება. ამ ვადაზე დაბადებული ნაყოფი სიცოცხლისუნარიანია, ახელს თვალებს, გამოხატული აქვს წოვითი რეფლექსი.
• ორსულობის მეათე თვის ბოლოს (38-40 კვირა) უმწიფრობის ნიშნები ქრება, ნაყოფი მომწიფებული იბადება.
წესისამებრ, ნაყოფი სიმწიფეს აღწევს მეათე თვის ბოლოს, დროული მშობიარობის ვადისთვის.