მიოკარდიუმის ინფარქტი
მიოკარდიუმის ინფარქტი
allmedic
მიოკარდიუმის ინფარქტი
მიოკარდიუმის ინფარქტი
მიოკარდიუმის ინფარქტი

მიოკარდიუმის ინფარქტი გულის კუნთის იშემიური ნეკროზია, რომელიც ჟანგბადის მოთხოვნილებისა და მისი მიწოდების მწვავე დისბალანსის შედეგად წარმოიშობა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, განვითრებულ ქვეყნებში ათიდან დაახლოებით სამი კაცი მიოკარდიუმის ინფარქტით კვდება. რა უდევს საფუძვლად ამ მძიმე დაავადებას, როგორია მისი კლინიკური სურათი და როგორ შეიძლება მისი თავიდან აცილება.

რა მიიჩნევა მიოკარდიუმის ინფარქტის რისკის ფაქტორად?

- უწინარეს ყოვლისა, ასაკი. ინფარქტის განვითარების რისკი, ისევე როგორც ათეროსკლეროზისა, იზრდება 50 წლის შემდეგ. მეორე - არტერიული ჰიპერტენზია. მაღალი არტერიული წნევა აზიანებს გვირგვინოვანი არტერიების ენდოთელურ შრეს და ხელს უწყობს თრომბოზის განვითარებას. თამბაქოს წევა. ამ დროს სისხლში იმატებს ნახშირჟანგის დონე, რის შედეგადაც ზიანდება გვირგვინოვანი არტერიების ენდოთელიუმი, ძლიერდება თრომბოციტების აგრეგაცია, იზრდება კორონარული თრომბოზის განვითარების რისკი. სხვა ფაქტორებიდან უნდა დავასახელოთ გენეტიკური მიდრეკილება, ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი და სიმსუქნე, რომელიც ათეროსკლეროზის პროგრესირებას აჩქარებს. იშემიური დაავადების განვითარების ალბათობას ზრდის ჰიპოდინამია ანუ ცხოვრების უმოძრაო წესიც.

რა მიუთითებს ინფარქტზე, როდის შეიძლება ვიეჭვოთ, რომ მიოკარდიუმის ინფარქტთან გვაქვს საქმე?

- მიოკარდიუმის ინფარქტის კლასიკური, ანგინოზური ფორმის პირველი ნიშანია ძლიერი ტკივილი (მოჭერის, წვის, ზეწოლის შეგრძნება) მკერდის ძვლის უკან, რომელიც 30 წუთზე მეტ ხანს გრძელდება და არ იხსნება ნიტროგლიცერინის მიღების შემდეგ. ზოგჯერ თავს იჩენს ქოშინი, აღგზნება, რასაც თან ახლავს სიკვდილის შიში, ოფლიანობა, გულისრევა, ღებინება. ინფარქტს შესაძლოა წინ უძღოდეს რამდენიმედღიანი პროდრომული პერიოდი, რომლისთვისაც დამახასიათებელია მკვეთრი საერთო სისუსტე და დისკომფორტის შეგრძნება გულის არეში. მიოკარდიუმის ინფარქტი შესაძლოა მძიმე ფიზიკური დატვირთვის შედეგად განვითარდეს.

მოუწესრიგებელი არტერიული წნევა ძირითადად მაღალს გულისხმობს. ვისაც მაღალი წნევა აქვს, პერიოდულად კი არა, რეგულარულად უნდა იღებდეს წნევის დამწევ მედიკამენტებს. მწვავე პერიოდში არტერიული წნევა შესაძლოა მაღალი იყოს (200-250-მდეც კი), ან პირიქით - ჰიპოტონიაც კი განვითარდეს, პათოლოგიური პროცესი გულის წასვლითა და წნევის ვარდნით წარიმართოს. მიოკარდიუმის ინფარქტი ატიპურადაც შეიძლება გამოვლინდეს: კარდიული ასთმის შეტევით, აბდომინური ფორმით (გულისრევა, ღებინება, მუცლის შებერვა), ასევე - ყბის, სახსრების ტკივილით, ცერებრული ინსულტის კლინიკური ნიშნებით (თავბრუხვევა, გულის წასვლა, აღგზნება). გამოყოფენ ინფარქტის არითმიულ ფორმასაც. ზოგჯერ უმტკივნეულო ფორმის მიოკარდიუმის ინფარქტს რეტროსპექციულად, ანუ მოგვიანებით, უკვე ჩავლის შემდეგ აღმოაჩენენ ელექტროკარდიოგრაფიული გამოკვლევის დროს. უმტკივნეულო ფორმა ხშირია ხანდაზმულებში, ასევე - შაქრიანი დიაბეტის დროს. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ადამიანებს ტკივილის შეგრძნების სხვადასხვანაირი უნარი აქვთ.

 

 მუცლის ტკივილი და გულისრევა შეიძლება კვებით ინტოქსიკაციას დავაბრალოთ. არსებობს თუ არა რაიმე განმასხვავებელი ნიშანი, რაც მიგვანიშნებს, რომ პრობლემა გულიდან მომდინარეობს.

 ზოგიერთმა დაავადებამ, მაგალითად, მწვავე პანკრეატიტმა ან ქოლეცისტიტმა, შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ ინფარქტის მსგავსი ტკივილი, არამედ შთ სეგმენტის ცდომაც (ინფარქტის ელექტროკარდიოგრაფიული ნიშანი). დიაგნოზს ვაზუსტებთ  ანამნეზური, ფიზიკური და ლაბორატორიული მონაცემებით. საჭიროა ეკგ-ს დინამიკაზე დაკვირვებაც.

allmedic