პაპილომა ვირუსი
პაპილომა ვირუსი
allmedic
პაპილომა ვირუსი
პაპილომა ვირუსი
პაპილომა ვირუსი

რა უნდა გაითვალისწინონ ქალებმა, რომელთაც პაპილომა ვირუსი აღმოაჩნდებათ და რა მასშტაბის რისკზეა ასეთ დროს საუბარი?!

რა დაავადებაა პაპილომა ვირუსი?

პაპილომა ვირუსი დნმ  შემცველი ვირუსია, რომელიც სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს მიეკუთვნება და მისი ზოგიერთი ტიპი საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების ერთ-ერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენს.

პაპილომა ვირუსის 100-ზე მეტი ტიპი არსებობს, აქედან 30 ტიპს ონკოგენური ბუნება აქვს და საშვილოსნოს კიბოს ძირითადი ეტიოლოგიური ფაქტორია.

განასხვავებენ დაბალი და მაღალი რისკის პაპილომა ვირუსებს.

დაბალი რისკის ვირუსები იწვევს Cin 1 ხარისხის დაზიანებას და გენიტალურ კონდილომებს;

მაღალი რისკის ვირუსებიდან კი (ასეთია 20-ზე მეტი ტიპი) განსაკუთრებით ონკოაგრესიულია 13 ტიპი (16, 18, 31, 33, 35, 39, 45, 51, 52, 56, 58, 59 და 68), რომლებიც საშვილოსნოს ყელის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებას (დისპლაზიას) და საშვილოსნოს ყელის კიბოს იწვევს. მხოლოდ მაღალი რისკის პაპილომა ვირუსით ინფიცირების დროს (შემთხვევათა 5-10%) გახლავთ მოსალოდნელი ინფექციის ორგანიზმში პერსისტენცია (დარჩენა).

 

პაპილომა ვირუსის გადაცემის გზები და რისკ-ფაქტორები

 

პაპილომა ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადაეცემა კონტაქტური გზით, სქესობრივი გზით და დედიდან  შვილზე მშობიარობის მომენტში (როდესაც ნაყოფი დაინფიცირებული დედის სამშობიარო გზას გაივლის).

დაავადების რისკ-ფაქტორებია: მრავალი სქესობრივი პარტნიორის ყოლა და სქესობრივი ცხოვრების  ადრეულ ასაკში დაწყება.

როგორც წესი, პაპილომა ვირუსის გადამცემები მამაკაცები არიან, თუმცა მათ დაავადების არავითარი გარეგნული გამოვლინება არ აქვთ.

მიუხედავად იმისა, რომ კონდომი  საკმაოდ ეფექტურია სხვადასხვა ინფექციებისგან თავის დასაცავად, იგი მაინც ვერ უზრუნველყოფს ადამიანის სრულად დაცვას პაპილომა ვირუსისგან, რადგან ვირუსის აღმოჩენა ხდება გენიტალიების გარშემო კანის საფარველზეც, რომელსაც კონდომი არ ფარავს.

 

პაპილომა ვირუსის სიმსივნედ გარდაქმნის ხელშემწყობი ფაქტორები

 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პაპილომა ვირუსი იწვევს როგორც კიბოსწინარე პათოლოგიებს, ასევე დასაბამს აძლევს თავად სიმსივნურ პროცესს.

არსებობს პაპილომა ვირუსის სიმსივნედ გარდაქმნის ხელშემწყობი რამდენიმე ფაქტორი: მრავალი მშობიარობა და მცირე ასაკი პირველი მშობიარობის დროს;

თამბაქოს მოხმარება;

იმუნოდეფიციტური მდგომარეობა;

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (მაგ: ქლამიდიოზი,  გენიტალური ჰერპესი, ტრიქომონიაზი და ა.შ.);

ხშირი აბორტი;

ჰორმონული კონტრაცეპტივების გამოყენება (თუმცა, ამ ფაქტორის გავლენა ამჟამად სადავოდ მიიჩნევა).

 

სიმპტომები

 

ხშირ შემთხვევაში, პაპილომა ვირუსით ინფიცირებისას, კლინიკური სიმპტომები არ აღინიშნება და  პაპილომა ვირუსი თავისთავად ქრება. მაგრამ ზოგჯერ ვირუსი  გამრავლებას აგრძელებს და ამ დროს ადამიანს პერსისტენტული (მუდმივი) პაპილომა ვირუსული ინფექცია უვითარდება. ასეთ დროს, თუ ქალი დაბალი რისკის ტიპის ვირუსითაა ინფიცირებული, სასქესო ორგანოებზე კეთილთვისებიანი წარმონაქმნები - ე.წ. გენიტალური კონდილომები (მეჭეჭები) ჩნდება, ხოლო თუ ინფიცირება მაღალი რისკის ვირუსით მოხდა, ლორწოვან გარსში ჯერ საშვილოსნოს ყელის კიბოს წინამორბედი ცვლილებები იწყება, შემდეგ კი უშუალოდ კიბო ვითარდება.

 

 დიაგნოსტიკა

იმისთვის, რომ დადგინდეს, რომელი ტიპის პაპილომა ვირუსია ორგანიზმში (გაირკვეს, არის თუ არა ონკოგენური ტიპები), აუცილებელია პაპილომა ვირუსის გენოტიპირების ჩატარება. აღნიშნული ტესტირების ჩატარება ქალებისთვის რეკომედებულია ყოველ 3-5 წელიწადში ერთხელ, რის შემდეგაც  დაავადების მკურნალობის მენეჯმენტი განისაზღვრება.

რაც შეეხება საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე დაავადებების სადიაგნოზო სკრინიგულ გამოკვლევებს, ძირითად საშუალებად პაპ-ტესტი (პაპანიკოლაუს ტესტი) რჩება.

პაპ-ტესტი საშვილოსნოს ყელის ლორწოვანის გარსის ციტოლოგიური (უჯრედული) გამოკვლევაა. მისი ავტორი გახლავთ ბერძენი მედიკოსი ჯორჯ პაპანიკოლაუ.

ტესტი გვაძლევს საშუალებას, შევაფასოთ საშვილოსნოს ყელის მდგომარეობა და მისი პათოლოგია (სახელდობრ, გამოვავლინოთ საშვილოსნოს ყელის დაზიანების ხარისხი). მისი საშუალებით განასხვავებენ მსუბუქ, ზომიერ და მძიმე ხარისხის დისპლაზიას (დაზიანებას).

 

პაპ-ტესტის დადებითობის შემთხვევაში რეკომენდებულია კოლპოსკოპია (საშვილოსნოს ყელის დათველიერებისთვის განკუთვნილი ინსტრუმენტული მეთოდი) და პაპილომა ვირუსის გენოტიპირების ჩატარება. კოლპოსკოპიის მეშვეობით დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებელია ბიოფსიის ჩატარება - დაზიანებული უბნებიდან ქსოვილის ამოკვეთა, მისი შემდგომი ჰისტოლოგიური კვლევით.

 

მინდა აღვნიშნო რომ, კლინიკა „ოქსფორდ მედიქალ ჯორჯიაში“ საშვილოსნოს ყელიდან აღებული ნაცხი ისრაელის ლაბორატორიაში იგზავნება, სადაც დნმ აპლიკაციის საშუალებით 24 სახეობის ვირუსის დეტექცია-გამოვლენა ხდება და ზუსტად დგინდება, რომელი ტიპის ვირუსია ორგანიზმში - ონკოგენური თუ არაონკოგენური.

 

 მკურნალობა

სამწუხაროდ, პაპილომა ვირუსის ონკოგენური ტიპების მიმართ მკურნალობა არაეფექტურია (მკურნალობა შესაძლებელია პაპილომა ვირუსის მხოლოდ იმ ტიპების მიმართ, რომლებიც იწვევს გენიტალურ კონდილომებს). თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პაპილომა ვირუსის კიბოდ გადაგვარებას უნდა ველოდოთ - დაავადების მეთვალყურეობით შესაძლოა დადგინდეს, გაქვთ თუ არა ატიპიური უჯრედები და მათი აღმოჩენის შემთხვევაში, დროულად მოხდეს მათი მოცილება. ამისთვის კი სხვადასხვა მეთოდები (კრიოდესტრუქცია, რადიოქირურგია და ა.შ.) გამოიყენება, რომელთა შერჩევაც ხდება ინდივიდუალურად, ექიმი-გინეკოლოგის მიერ.

allmedic