
საქართველო ისრაელის ერთობლივი კლინიკა „ოქსფორდ მედიქალ ჯორჯია“ მსოფლიო სხვადასხვა ქალაქებში წარმოდგენილი მრავალფეროვანი კლინიკების ქსელიდან ერთ-ერთია, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, რაც მაღალ პროფესიონალურ და ტექნოლოგიურ დონეზე უზრუნველყოფს პაციენტებისთვის სამედიცინო მომსახურეობის გაწევას.
საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის აქტუალური და უახლოესი საშუალებების შესახებ საუბრობს კლინიკის კონსულტანტი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ექიმი გინეკოლოგი, თეონა სალუქვაძე .
_ საშვილოსნოს ყელის კიბო მსოფლიოში ერთ-ერთი გავრცელებული დაავადებაა და ის ძუძუს კიბოს შემდეგ ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლებით მეორე ადგილზეა. ყოველწლიურად საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზს 450000 ქალს უსვამენ. მათი 80% განვითარებადი ქვეყნების მკვიდრია. საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა 99%, ისევე როგორც მისი წინამორბედი დაავადებები, ადამიანის პაპილომა-ვირუსულ ინფექციასთან HPV არის დაკავშირებული. HPV ინფექცია მიეკუთვნება ასიმპტომურ სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს. სქესობრივად აქტიური ქალების 50-70% სიცოცხლეში ერთხელ მაინც ინფიცირდება HPV-ით. ამჟამად ცნობილია HPV-ის 200 მდე ტიპი. განასხვავებენ მაღალი და დაბალი რისკის ტიპებს. დაბალი რისკის პაპილომავირუსებს შეუძლია გამოიწვიოს გენიტალური კონდილომები, მაღალი რისკის (ასეთია 20-ზე მეტი ტიპი) კი საშვილოსნოს ყელის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებას (დისპლაზიას) და საშვილოსნოს ყელის კიბოს იწვევს. მხოლოდ მაღალი რისკის HPV-ით ინფიცირების დროს (შემთხვევათა 5-10%) გახლავთ მოსალოდნელი ინფექციის ორგანიზმში პერსისტენცია (დარჩენა). ასეთ ქალებს საშვილოსნოს ყელის მაღალი ხარისხის დაზიანება და კიბოს განვითარების მაღალი ალბათობა აქვთ.
იმისთვის, რომ დადგინდეს რა ტიპის ვირუსია ორგანიზმში, გაირკვეს არის თუ არა ონკოგენური ტიპები, აუცილებელია პაპილომავირუსის გენოტიპირების ჩატარება. რეკომენდებულია ქალებში აღნიშნული ტესტირება ჩატარდეს ყოველ 3-5 წელიწადში ერთხელ, რის შემდეგაც განისაზღვრება დაავადების მკურნალობის მენეჯმენტი.
მაღალი რისკის HPV-ით ინფიცირება საშვილოსნოს ყელის დაზიანებისა და კიბოს განვითარებისთვის აუცილებელი მიზეზი გახლავთ, თუმცა არასაკმარისი.
გამოყოფენ საშვილოსნოს ყელის კიბოს შემდეგ რისკ-ფაქტორებს:
1. მრავალი სქესობრივი პარტნიორის ყოლა და სქესობრივი ცხოვრების დაწყება ადრეულ ასაკში;
2. მრავალი მშობიარობა და მცირე ასაკი პირველი მშობიარობის დროს;
3. თამბაქოს წევა;
4. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (მაგალითად, ქლამიდიური ინფექცია, გენიტალური ჰერპესი, ტრიქომონიაზი);
5. დაუცველი შემთხვევითი სქესობრივი კონტაქტები;
6. იმუნოდეფიციტური მდგომარეობა (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი);
7. ჰორმონული კონტრაცეპტივების გამოყენება (თუმცა ამ ფაქტორის გავლენა ამჟამად სადავოდ მიიჩნევა).
როგორ დავიცვათ თავი?
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ არსებობს საშვილოსნოს ყელის კიბოს პრობლემის მოგვარების ორი გზა: პროფილაქტიკა, ვაქცინაციის სახით და კიბოსა და კიბოსწინარე დაავადებების დროული დიაგნოსტიკა.
ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საშვილოსნოს ყელის კიბოს დასამარცხებელ ერთ-ერთ წარმატებულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს. პროტექცია ყველაზე ეფექტიანია იმ ქალებში, რომელთაც სქესობრივი ცხოვრება ჯერ არ დაუწყიათ. სქესობრივი ცხოვრების დაწყების შემდეგ HPV-ით ინფიცირება ხშირია, ამიტომ ვაქცინაცია ნაკლებად ეფექტურია. რუტინული ვაქცინაცია რეკომენდებულია 11-12 წლის გოგონებისთვის, მაგრამ თუ ამ ასაკში აცრა ვერ მოხერხდა, მისი გაკეთება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, ვიდრე ქალი სქესობრივ ცხოვრებას დაიწყებს.
საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე დაავადებების ძირითად სადიაგნოზო სკრინიგულ გამოკვლევად პაპ-ტესტი რჩება. ტესტის დადებითობის შემთხვევაში რეკომენდებულია კოლპოსკოპია და პაპილომა ვირუსის გენოტიპირების ჩატარება. ტესტირება მარტივი, უმტკივნეულო პროცედურაა. მინდა ავღნიშნო რომ, ოქსფორდ მედიქალ ჯორჯია საშვილოსნოს ყელიდან აღებულ ნაცხს ისრაელის ლაბორატორიაში აგზავნის, სადაც დნმ აპლიკაციის სასუალებით 24 სახეობის ვირუსის დეტექცია-გამოვლენა ხდება. ზუსტად დგინდება რომელი ტიპის ვირუსია ორგანიზმში (ონკოგენური თუ არაონკოგენური ტიპები).
პაპ-ტესტი (პაპანიკოლაუს ტესტი) საშვილოსნოს ყელის ლორწოვანის გარსის ციტოლოგიური (უჯრედული) გამოკვლევაა. მისი ავტორი გახლავთ ბერძენი მედიკოსი ჯორჯ პაპანიკოლაუ. ტესტი გვაძლევს საშუალებას შევაფასოთ საშვილოსნოს ყელის მდგომარეობა და მისი პათოლოგია (სახელდობრ, გამოვავლინოთ საშვილოსნოს ყელის დაზიანების ხარისხი). მისი საშუალებით განასხვავებენ მსუბუქ, ზომიერ და მძიმე ხარისხის დისპლაზიას (დაზიანებას).
ვის და როდის
სადღეისოდ არ არსებობს ერთიანი აზრი იმის თაობაზე, რა ასაკიდან ან როგორი ინტერვალით უნდა წარმოებდეს საშვილოსნოს ყელის სკრინინგული კვლევა ანუ ჯანმრთელი ქალის კვლევა საშვილოსნოს პათოლოგიის გამოსავლენად. მაგალითად, აშშ-ში პაპ-ტესტი ყოველწლიურად უტარდებათ ქალებს 18-იდან 65 წლამდე; ორგანიზაციის “ევროპა კიბოს წინააღმდეგ” (The Europe Against cancer) რეკომენდაციით, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი უნდა დაიწყოს 25-30 წლის ასაკში და გაგრძელდეს 65 წლამდე 3-5-წლიანი ინტერვალებით.
საქართველოში პაპ-ტესტი უტარდებათ 25-იდან 65 წლამდე ასაკის ქალებს. ნორმული პასუხის მიღებისას სკრინინგი ტარდება 2-3 წელიწადში ერთხელ,გამომდინარე პაციენტის ასაკიდან. დადებითი პასუხის შემთხვევაში რეკომენდებულია გენოტიპირება, რაზედაც ზევით იყო აღნიშნული და კოლპოსკოპიური კვლევა - ანუ საშვილოსნოს ყელის მიკროსკოპის ქვეშ დათვალიერება. რის შემდეგაც გადაწყდება მკურნალობის ტაქტიკა.
და ბოლოს, საშვილოსნოს ყელის კიბოსგან თავის დასაცავად:
- ერიდეთ სქესობრივი ცხოვრების დაწყებას ადრეულ ასაკში (18 წლამდე);
- ერიდეთ სქესობრივი პარტნიორების ხშირ ცვლას
- იშვიათი შემთხვევითი კავშირების შემთხვევაში რისკის შესამცირებლად გამოიყენეთ ხარისხიანი ლატექსის პრეზერვატივი;
- 25 წლიდან ან სქესობრივი ცხოვრების დაწყების შემდეგ პაპ-ტესტი 3 წელიწადში ერთხელ მაინც ჩაიტარეთ.
- წელიწადში ერთხელ აუცილებლად მიმართეთ გინეკოლოგს. მხოლოდ დაავადების დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა აგაცილებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ დიდი პრობლემებს.