ნუტრიოგენომიკა - „გენეტიკური დიეტა“
ნუტრიოგენომიკა - „გენეტიკური დიეტა“
allmedic
ნუტრიოგენომიკა - „გენეტიკური დიეტა“
ნუტრიოგენომიკა - „გენეტიკური დიეტა“
ნუტრიოგენომიკა - „გენეტიკური დიეტა“

XX საუკუნემ გადმოგვცა ისეთი გადაუჭრელი პრობლემები, როგორიცაა სიმსუქნე, გიდ (გულის იშემიური დაავადება), ათეროსკლეროზი, სიმსივნეები, სახსრების დაავადებები, ოსტეოპოროზი და სხვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსუქნე, რომელმაც მიიღო ეპიდემიის ხასიათი, როგორც აშშ-ი, ისე ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში. დღეისათვის სიმსუქნე და სწორი კვება გლობალური პრობლემებია. ჩატარდა კვლევები გენომის საფუძველზე ინდივიდუალური მკურნალობისა და კვების შესარჩევად. 

კვება –ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარეგანი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს გენების ფუნქციონირებაზე. მნიშვნელოვანი და მთავარი ისაა, რომ კვება დამოკიდებულია მხოლოდ ჩვენზე, ეკოლოგიისაგან განსხვავებით. დღეისათვის ითვლება, რომ ადამიანის ცხიმოვანი მასის ცვლილება 30% - 50%-ით განპირობებულია გენეტიკური ფაქტორებით და გასუქების ალიმენტარული ფაქტორი არ არის გადამწყვეტი. 

გასუქების პრობლემებზე მომუშავე მედიკოსებმა დაადგინეს, რომ ალიმენტარული (კვებითი) გასუქებისას შეუძლებელია ეფექტური და უნივერსალური მეთოდიკის შემუშავება დიეტებითა და ვარჯიშებით. დადგინდა, რომ ერთი და იგივე გახდომის მეთოდები სრულიად განსხვავებულ ზეგავლენას ახდენდნენ სხვადასხვა ადამიანებზე და ხშირად სრულიად უსარგებლოც კი არიან. უახლესმა გამოკვლევებმა დანამდვილებით გამოავლინა, რომ სიმსუქნე არ წარმოადგენს მხოლოდ ზედმეტი ჭამისა და ადინამიის პირდაპირ შედეგს. 

2010 წ. აშშ სტენფორდის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ამა თუ იმ დიეტის ეფექტურობა კონკრეტული ადამიანისათვის დაკავშირებულია მის გენეტიკურ თავისებურებებთან. უფრო მეტიც, მათ შექმნეს დნმ - ტესტი, რომელიც განსაზღვრავს თუ რომელი დიეტა უნდა მიეცეს კონკრეტულ პაციენტს. კვლევაში მონაწილეობდა 100 ქალი, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში იყვნენ სხვადასხვა სახის დიეტაზე. აღმოჩნდა, რომ პაციენტებმა გენოტიპის შესაფერისი დიეტის დანიშვნის შემდეგ წონაში დაიკლეს 3-ჯერ მეტი, ვიდრე ჩვეულებრივ დიეტაზე მყოფებმა. ეყრდნობიან რა ახალ მონაცემებს, დიეტოლოგები აცხადებენ, რომ დროა შეწყდეს დიეტური პანაცეის ძებნა, რადგან ყოველი ადამიანი ატარებს ინდივიდუალურ გენოტიპს და მასთან დაკავშირებულ მეტაბოლური ცვლილებების მიმართ მიდრეკილებას. ზოგიერთს ეს შეაშინებს, ზოგს აღაფრთოვანებს, მაგრამ აუცილებელია დადგინდეს პიროვნების გენეტიკური თავისებურებანი. ბუნების წინააღმდეგ წასვლა არ ღირს, რადგან ეს ხშირად საზიანოა ჯამრთელობისათვის. ყოველ ადამიანს გააჩნია თავისი ინდივიდუალური ფიზიოლოგიური ნორმა წონის, კალორიების და სხვა, რაც დამოკიდებულია მის გენეტიკასა (ნუტრიოგენომიკა) და გარეგან ფაქტორებზე. 

ნუტრიოგენეტიკა მეცნიერებაა სწორი ინდივიდუალური კვების შესახებ. ნეუტრიოგენომიკა კი მეცნიერებაა ამა თუ იმ საკვების ათვისების გენეტიკური შესაძლებლობის შესახებ. ნუტრიოგენომიკის კლასიკური ნიმუშია ლაქტოზის აუტანლობის გენი აზიის, აფრიკის და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში. დადგინდა, რომ ანალოგიურად მოქმედებენ გარკვეული გენები სხვა საკვების _ ცხიმების, ნახშირწყლების, ცილების შეთვისებაზე. ნებისმიერი დიეტა ამცირებს ან კრძალავს გარკვეულ საკვებს, რაც შეიძლება შეეხოს იმ საკვებ ელემენტებსაც, რომლებიც გენეტიკურად აუცილებელია კონკრეტული ორგანიზმისთვის. ანალიზი ნუტრიოგენომიკაზე გენების ინტერპრეტაციით, უნიკალურია ინდივიდუმისათვის. ის არ არის დიეტა, იგი ინდივიდუმისათვის შერჩეული რაციონალური კვებაა იმ პროდუქტებით, რომლებიც ან სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ან პირიქით საშიშია. ანალიზისათვის საკმარისია ავიღოთ დნმ-ის შემცველი უჯრედები (სისხლი, ნაცხი ლოყის შიდა ზედაპირიდან). 

2011 წელს აშშ-ი იყო „გენეტიკური დიეტის“ ნამდვილი ბუმი, რომლის საშუალებითაც უამრავ ადამიანს დაუბრუნდა არა მარტო ჯანმრთელობა, არამედ ცხოვრების ხალისიც. ნუტრიოგენომიკა გვეხმარება სწორად კვებასა და ცხოვრებაში. ეს ტესტი ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ტარდება. ნუტრიოგენომიკის ანალიზი გენების დაწვრილებითი ინტერპრეტაციაა. იგი უნიკალურია და თითოეული ინდივიდუმისათვის, სწორედ ამიტომ ,მისი ცოდნა უახლოეს მომავალში აუცილებელი გახდება ყოველი ადამიანისათვის, ვინც ზრუნავს საკუთარ ჯანმრთელობაზე. 

ნუტრიოგენომიკა - ეს არაა „დიეტა”, ესაა ინდივიდუალურად შერჩეული რაციონალური კვება.

ავტორი:
allmedic